კინემატოგრაფს ბევრ დადებით მხარესთან ერთად, დამატებითი მაგიაც აქვს — შეუძლია დროსა და სივრცეში გვამოგზაუროს, მოგვიყვეს იდუმალებით მოცული და საინტერესო ისტორიები, შეგვახედოს ყველაზე დაფარულ და საინტერესო ადგილებში.

კინოს აქვს ძალა, ერთი მარტივი გამოსახულებით მთელი მსოფლიო ხელის გულზე დაგვიტიოს და აქამდე არნახული ქვეყნები თუ ქალაქები ჩვენთვის ყველაზე მშობლიურ გარემოდ აქციოს.

სწორედ ამიტომ, მოგზაურებისთვის, ან მათთვის ვისაც სურს სამყარო უკეთ შეიცნოს, ეკრანს კიდევ უფრო მისტიკური დანიშნულება აქვს.

ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ევროპაც სავსეა გამაოგნებელი და საინტერესო ქალაქებით, უნიკალური არქიტექტურითა და გრძელი, ვიწრო ქუჩებით, რაც ნებისმიერ ადგილს კიდევ უფრო მეტ იდუმალებასა და ამავდროულად სილამაზეს სძენს.

ყველაზე კინემატოგრაფიული ქალაქების სიაში საპატიო ადგილს იკავებს, რომი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომაულ არდადეგებში, ის ცალკე პერსონაჟადა გვევლინება და მთელი ისტორიაც მის გარშემო ტრიალებს.

გარდა რომისა, ევროპის ჰოლივუდად წოდებული ბუდაპეშტი კინოს მოყვარული მოგზაურებისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. ამ ქალაქში კინო იმდენჯერ აქვთ გადაღებული, რომ თითოეული კუთხე-კუნჭული შესაძლოა თქვენთვის ძალიან ახლობელი აღმოჩნდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს კინემატოგრაფი იმაზე გაცილებით გლობალური გახდა, ვიდრე წლების წინ იყო, ეკრანზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქალაქებს, რომლებიც რატომღაც მიუწვდენელი გვგონია.

რეალურად კი ისინი აქვე, ყურის ძირში არიან და ამ ულამაზეს, ყველაზე კინემატოგრაფიულ ქალაქებში ჩასვლაც სულაც არ არის აუხდენელი ოცნება, მით უმეტეს, თუ ვიზეარის ბილეთს იყიდით, რადგან ამას ორი დიდი ბონუსი მოჰყვება - ერთი ის, რომ მგზავრობა იაფი დაგვიჯდება და მეორე, კიდე უფრო დიდი ბონუსი - ფრენები ქუთაისიდან არის, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კინემატოგრაფიულად მიმზიდვდელი და შთამბეჭდავი ქალაქიდან.

კინოს მაგიის დახმარებით, ქალაქები ყოველთვის ახერხებენ წამყვანი როლები შეასრულონ ფილმებში, ისინი არიან - ლამაზები, პირქუშები, გლამურულები, ანტაგონისტები და პროტაგონისტები. ქალაქებს შეუძლიათ ნებისმიერ ფილმში მთავარი როლი მოირგონ და მის გარშემო ატრიალონ ყველა და ყველაფერი.

პარიზი

პირველ რიგში გეტყვით, რომ პარიზი მხოლოდ ეიფელის კოშკი და ელისეის მინდვრები არ არის. ევროპის ამ ულამაზეს ქალაქში ყველა ადამიანი იპოვის თავის ადგილს და სწორედ ამიტომ, ის ნებისმიერ ფილმში ქამელეონივით გარდაისახება ხოლმე. პარიზი ელიტურიც შეიძლება იყოს და უშუალო და თბილიც, ერთდროულად შეუძლია იყოს კაშკაშაც და იდუმალებით მოცულიც. სწორედ ამიტომ, პარიზი, როგორც პერსონაჟი იდეალურია ნებისმიერი რეჟისორისთვის, რადგან ამ ქალაქს ყველა როლის მორგება მარტივად შეუძლია.

ლონდონი

ნისლიან ალბიონად წოდებული ქალაქი, თავის ყველა კუნჭულში დიდ საიდუმლოს მალავს. ყველა ქუჩას აქ თავისი ისტორია აქვს რომელიც ერთდროულად შეიძლება იყოს შემზარავი და მომნუსხველი. ციხესიმაგრეები, სახლები თუ სასახლეები, აქ ყოველთვის ტოვებენ სტაბილურობისა და სიმდიდრის შთაბეჭდილებას, გაგრძნობინებენ, რომ სამყარომ მათ გარშემო უნდა იტრიალოს და ასეც არის, ლონდონი ერთადერთი და განუმეორებელია, აქაურობა არ ჰგავს მსოფლიოს არც ერთ სხვა წერტილს. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ჟანრის ფილმის გადაღებული აქ, დრამა, ტრილერი, რომკომი თუ ჰორორი - ლონდონს გარდასახვა არასდროს უჭირს, თანაც ის თავის სიმაღლეს ყოველთვის ინარჩუნებს.

ათენი

თქვენ უკვე კარგად იცით იმ ათი ადგილის შესახებ, რომლებიც ათენში, შემოდგომაზე შეგიძლიათ ნახოთ. თითოეული მათგანი საკუთარი ისტორიით კიდევ უფრო დიდებულს ხდის საბერძნეთის ამ ანტიკურ ქალაქს. თუ ათენს, როგორც კინოპერსონაჟს ისე შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ის სრულიად უნიკალური მოვლენაა - ძველი, დაბრძენებული და მუდმივად მზადყოფნაში სიახლეების მიღებისთვის. ათენის ქუჩებში სეირნობა იმაზე გაცილებით საინტერესოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში სტუმრობაა. აქ თითოეული ქვასაც კი საკუთარი ისტორია აქვს, ვიწრო ქუჩებში სიარულისას კი თავს ნამდვილად იგრძნობთ ეპოქალური დრამის მთავარ პერსონაჟად.

ბარსელონა

ბარსელონა რომ ფილმი ყოფილიყო, მისი რეჟისორი ალბათ უეს ანდერსონი იქნებოდა. ეს ქალაქი ამის ყველანაირ პირობას იძლევა - შენობების სიმეტრია, ფერები და თვითონ ქალაქის ქაოსური ცხოვრებაც. აქ ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ თავი ერთდროულად ბრაზილიაშიც გეგონოთ და ინგლისშიც, ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ და ძველი ისტორიებიც თავიდან გადააფასოთ. ბარსელონაში მოგზაურობა, ერთდროულად ჰგავს რომანტიკულ კომედიაში და მელოდრამაში თამაშს. ქალაქის ძველი და თანამედროვე არქიტექტურა, ზღვის სანაპირო თუ პანორამული ხედები თქვენზე ისეთივე ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებად მოახდენს. თუ ბევრი დრო არ გაქვთ და ბარსელონაში მოგზაურობისთვის მხოლოდ ვიქენდს გამოყოფთ, ჩვენ ამისთვის სპეციალური გეგმა უკვე მოგიმზადეთ.

ვენა

რა შეიძლება ითქვას ვენაზე? თუ ოდესმე ზღაპარში მოგზაურობაზე გიოცნებიათ, მაშინ ახლავე დაჯავშნეთ ბილეთი და გაემგზავრეთ მოცარტის, შუბერტის, ბეთჰოვენის, შტრაუსის, კლიმტის, შილესა და სხვა გენიოსების ქალაქში. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სიმშვიდე მოიპოვოთ. აქაურობა იმ ზღაპრულ ადგილს ჰგავს, რომელიც კინოეკრანზე ხშირად გვინახავს და გვიფიქრია - რა იქნება ეს ყველაფერი რეალობა იყოს?! და ვერც მივმხვდარვართ, რომ არის. ვალსის, ხელოვნების, გალერეების, მუზეუმებისა და ულამაზესი პარკების ქალაქი თავის იმპერიულ სულს ინარჩუნებს და გვარწმუნებს, რომ ფენტეზიცა და ზღაპარის რეალობაა.