10 რამ, რაც ათენში ამ შემოდგომაზე შეგიძლიათ ნახოთ
თუ ზაფხულის შვებულება არ გეყოთ (ან არ გქონდათ) და სასწრაფოდ გინდათ საშემოდგომო მოგზაურობა დაგეგმოთ, გირჩევთ ათენზე დაფიქრდეთ. მით უმეტეს, რომ საბერძნეთის დედაქალაქში ჯერ კიდევ მშვენიერი ამინდია, რომელიც ნოემბრის ბოლომდე გასტანს.
იმისთვის, რომ თქვენი ინსტაგრამისთვის საუკეთესო ადგილების საპოვნელად საქმე გაგიადვილდეთ, გთავაზობთ ქალღმერთი ათენას მშობლიური ქალაქის იმ ისტორიულ ადგილებს, რომელთა ნახვის გარეშეც ამ ქალაქს ვერ გაიცნობთ.
1. პართენონი
რა განსაკუთრებული მიზეზი განაპირობებს ფაქტს, რომ ათენის აკროპოლისის წვერზე მდებარე ათენას ტაძარს ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს?
ისტორიული შენობა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება. მან კლასიკური არქიტექტურის განვითარებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. აკროპოლისის ბორცვს მინიმუმ ორჯერ უნდა ეწვიოთ — დღისით და ღამით, როცა ის ოქროსფრადაა განათებული.
2. აკროპოლისის მუზეუმი
პართენონის მონახულების შემდეგ, ერთ კილომეტრში მდებარე მუზეუმსაც შეგიძლიათ ეწვიოთ, სადაც აკროპოლისის გორაზე ნაპოვნ არქეოლოგიური ნივთებს ნახავთ. მუზეუმი ოფიციალურად 2009 წელს გაიხსნა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ნივთების სახლია. აქ ნახავთ კარიატიდებსაც — ქალების ქანდაკებებს, რომლებსაც შენობის თაღის საყრდენის ფუნქცია ჰქონდათ.
3. პლაკა
ათენის უძველესი საცხოვრებელი კვარტალი, ტურისტების სიმრავლის მიუხედავად, თავის მყუდრო აურას არ კარგავს. აქ შეგიძლიათ ნახოთ ფერადი დარაბებით გაფორმებული სახლები, პატარა სასტუმროები, სუვენირების მაღაზიები და მეთორმეტე საუკუნეში აგებული ძველი ბიზანტიური ეკლესია.
4. პოსეიდონის ტაძარი
პოსეიდონის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია საბერძნეთში. ეს არის უძველესი ნაგებობა ამაღელვებელი ხედით, რომელიც მზის ჩასვლისას განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავია.
5. ლიკაბეტოსი
თუ არ დაგეზარებათ და ზღვის დონიდან 263 მეტრზე მდებარე ლიკაბეტოსის ბორცვზე ახვალთ, ასეთი სანახაობა გადაგეშლებათ თვალწინ.
6. სინტაგმას მოედანი
ათენის ცენტრალური მოედნის გაშლილი სივრცე სასეირნოდ არის შექმნილი. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ საბერძნეთის პარლამენტი და მისი შენობის გარეთ, მაღალ კიბეზე ჩამოირბინოთ. აქ ნახავთ უძველეს ეკლესიასა და ბიბლიოთეკასაც.
7. მონასტირაკი
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და გადატვირთული ადგილი ათენის ცენტრში . აქ ნახავთ ძველმანების ბაზრობებს და ბარებს, სადაც შეძლებთ, რომ მითოლოგიური პერსონაჟის, ციკლოპი პოლიფემეს სახელობის სასმელი დააგემოვნოთ.
8. ათენის ეროვნული ბაღი
ათენის ეროვნული ბაღს თავდაპირველად სამეფო ბაღი და ამალიას ბაღი ერქვა. ის 1838-40 წლებში დედოფალ ამალიას ბრძანებით ააშენეს, გერმანელმა აგრონომმა ბაღში 500 სახეობის მცენარე, ფრინველი და ცხოველი მიიყვანა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბაღს შვიდი შესასვლელი აქვს, ასე რომ, თუ ბუნებაში განტვირთვა გადაწყვიტეთ, იქ მოხვედრა ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ.
9. ბუს ცნობილი გრაფიტი
"ცოდნა ლაპარაკობს, სიბრძნე კი უსმენს" — ეს ცნობილი გრაფიტი ქუჩის კუთხეში ორ კედელს იკავებს. ის 2016 წელს დახატეს. ბუ როგორც სიბრძნის, ასევე ქალღმერთი ათენას სიმბოლოა. გრაფიტი საბერძნეთის კრიზისის დროს შეიქმნა და ოპტიმისტურ მომავალს ეძღვნებოდა.
10. აგორა
აკროპოლისის გორის ქვემოთ აგორას მოედანი შეგიძლიათ ნახოთ — ადგილი, სადაც ძველ საბერძნეთში სახალხო კრება და ბაზრობა იმართებოდა. აგორა საუკეთესო ადგილია, თუ გსურთ, რომ ძველ ბერძნებს მიბაძოთ: ბერძნული ტანისამოსი მოირგეთ და ჩაფიქრებული სახით მოედანზე ისეირნეთ.
თუ ამ ფოტოებმა ათენში გამგზავრებაზე დაგაფიქრათ, ამ გადაწყვეტილების მიღება სპონტანურადაც შეიძლება. ქუთაისი-ათენის ბილეთების ფასი 74.99 ლარიდან იწყება.
კომენტარები