თუ ყოველ შაბათ-კვირას ერთი და იგივე მოგბეზრდათ, მაშინ მოგიყვებით, როგორ გაატაროთ დაუვიწყარი ვიქენდი საზღვარგარეთ. მით უმეტეს, რომ ევროპაში მოგზაურობა უკვე უვიზოდ შეგვიძლია და თანაც საკმაოდ იაფად. ერთ დღეს ქუთაისში ხარ და იმავე დღეს - შეგიძლია თავი ევროპაში ამოყო.

დღეს ჩვენი ყურადღება გაუდისა და მონტანერის გენიალური არქიტექტურით სახელგანთქმულმა ბარსელონამ მიიპყრო.

ესპანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქალაქი კი ყოველთვის მზად არის სტუმრებს მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და სილამაზით შეხვდეს.

არა, იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ აქ გატარებული ორი დღის განმავლობაში ყველაფრის მონახულებას შეძლებთ, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ძველი და თანამედროვე არქიტექტურა, კარგი ამინდი, ზღვის სანაპირო თუ პანორამული ხედები მონტჟუიკიდან შენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.

მაშ ასე, ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვაქვს იმისთვის, რომ ბარსელონას მრავალფეროვნება შევიცნოთ.

შაბათი

ფოტო: Shutterstock

გამომდინარე იქიდან, რომ სულ რაღაც ორი დღე გვაქვს, უმჯობესია ქალაქის აღმოჩენა დილიდან დავიწყოთ. ვიცით, დილით გაღვიძება არც თუ ისე სასიამოვნოა, თუმცა აბა დაფიქრდით - თუ ძილს აპირებთ, რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოში გეძინებათ თუ საზღვარგარეთ?

თუ საქართველოში საუზმეზე ხშირად უარს ამბობთ (რაც თავისთავად ძალიან ცუდია) ბარსელონაში იგივე შეცდომას ნუ დაუშვებთ. მეტიც, თუ Els Quatre Gats-ს უბანს ეწვევით, ჩათვალეთ, რომ საუზმე თქვენს ყოველდღიურ რუტინად გადაიქცევა, რადგან აქ გახსნილ კაფეებში, როგორც ამბობენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყავა აქვთ.

ფოტო: 4gats.com

კარგი, საუზმე უკვე მივირთვით, ენერგიითაც დავიმუხტეთ და ახლა რა შეიძლება გავაკეთოთ გარდა იმისა, რომ ვისეირნოთ და ბარსელონის მრავალფეროვნება აღმოვაჩინოთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ თუ სეირნობა ძალიან გიყვართ, ბარსელონა თქვენთვის ნამდვილად იდეალური ქალაქია, რადგან ეს ქალაქი სწორედ ფეხითმოსიარულეებზეა გათვლილი.

ქალაქში სეირნობის, ისტორიულ ქუჩებში ბევრი ფოტოს გადაღებისა და ადგილობრივების გაცნობის შემდეგ, რა თქმა უნდა დროა, საგრადა ფამილიას ეწვიოთ. მართალია, გაუდის ეს შედევრი ჯერ კიდევ შენდება, მაგრამ თუ ბარსელონას მის უნახავად დატოვებთ, ჩათვალეთ, რომ ამ მოგზაურობაზე სიტყვის თქმაც კი აგეკრძალებათ.

მას შემდეგ რაც საგრადა ფამილიას მოინახულებთ, იქვე, ფეხით 15 წუთის სავალზე სანტ-პაუს ჰოსპიტალია, რომელიც მოდერნისტი არქიტექტორის, ლუის დომენიკ ი მონტანერის პროექტის მიხედვით აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შენობა XX საუკუნისაა, სანტ-პაუს ჰოსპიტალი ჯერ კიდევ 1401 წელს დაარსდა, როდესაც ექვსი პატარა, შუა საუკუნეების ჰოსპიტალი გაერთიანდა. მისი ყოფილი შენობები, რომლებიც ამჟამად ბარსელონას ცენტრის სიახლოვეს მდებარეობს, XV საუკუნით თარიღდება და მათში გახსნილია ხელოვნების სკოლა და კატალონიის ბიბლიოთეკა.

ფოტო: Cryptorich

და აი, ბევრი ხეტიალის შემდეგ უგემრიელესი ესპანური ვახშმის დროც მოვიდა. სანტ-პაუს ჰოსპიტალის გარშემო კი ამისთვის უამრავი, ძალიან ლამაზი და რაც მთავარია იაფი ადგილებია.

ერთ-ერთი ასეთი კი La Selva-არის, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს სასიამოვნოდ გაოცებულს დატოვებს.

თუ ამ ყველაფრის შემდეგ ენერგია ისევ დაგრჩებათ (რაც სავარაუდოდ წარმოუდგენელია) შეგიძლიათ ბარ Gòtic-ს ეწვიოთ, სადაც ჯაზის შემსრულებლები ნამდვილად დაუვიწყარ სანახაობას გპირდებიან.

კვირა

ფოტო: Catempren

აბა, კმაყოფილი ხართ გუშინდელი დღით? დარწმუნებულები ვართ შთაბეჭდილებებითაც სავსე ხართ, კარგადაც გამოიძინეთ და დღეს, მზად ხართ ბარსელონას ახალი გამოწვევები მიიღოთ.

დილით საუზმის შემდეგ (რომელიც უკვე ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია), აუცილებლად უნდა გაისეირნოთ რამბლას ქუჩაზე და სუვენირები შეიძინოთ.

ფოტო: Shutterstock

შემდეგ კი წასახემსებლად Cafè de l’Òpera-ს ეწვიოთ და ესპანური სასუსნაოები მიირთვათ. კაფედან გამოსვლის შემდეგ კი გეზი კატალონიური მუსიკის სასახლისკენ უნდა აიღოთ.

უის დომენიკ ი მონტანერის დაპროექტებული ნაგებობა 1905 - 1908 წლებში აშენდა და განკუთვნილი იყო 1891 წელს დაარსებული საზოგადოებისთვის, რომელიც კატალონიურ კულტურულ მოძრაობას ედგა სათავეში.

მშენებლობას ძირითადად საზოგადოება აფინანსებდა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მდიდარმა ბარსელონელმა მრეწველებმა და ბურჟუაზიის წარმოამდგენლებმა. 1982 -1989 წელს, შენობას მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ხოლო 1997 წელს ის იუნესკომ სანტ-პაუს ჰოსპიტალთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამჟამად, სასახლეს მუსიკალურ წარმოდგენებზე დასასწრებად ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ფოტო: Marco Rubino/Shutterstock

კატალონიური მუსიკის სასახლის მონახულების შემდეგ, აუცილებლად დაგჭირდებათ ცოტა დასვენება, ამისთვის კი საუკეთესო ადგილი კი ციტადელის პარკია. ემოციებით დატვირთული, აქ აუცილებლად მოახერხებთ განტვირთვას, ასეთ გარემოში სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია.

ფოტო: Shutterstock

კარგი დასვენების შემდეგ კი რა უნდა ვქნათ?! უნდა ვჭამოთ ამისთვის კი ციტადელის პარკის გარშემო ამისთვის ძალიან ბევრი ადგილია.

კვირა დღეც მიიწურა, საქართველოში დაბრუნებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, თქვენ კი ბარსელონასთან გამომშვიდობებისთვის ჯერ მზად არ ხართ, თუმცა რას ვიზამთ?! მთავარი ის არის, რომ ამ ორ დღეში უამრავი საინტერესო რამ გავიგეთ ამ არაჩვეულებრივ ქალაქზე, ვეზიარეთ მის კულტურას, ისტორიას, გავეცანით სამზარეულოს და ქალაქში გასეირნებაც მოვასწარით.

რა თქმა უნდა, ეს ბარსელონაში გასატარებელი შაბათ-კვირის მხოლოდ ერთი მოდელია, რადგან როცა ასე ცოტა ხნით ხარ ისეთ საოცარ ადგილას, როგორიც ეს ქალაქია, ყველაფრის მონახულება უბრალოდ შეუძლებელია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მარშრუტის შედგენა მთლიანად თქვენს სურვილებსა და ინტერესებზეა დამოკიდებული. მაგალითდ, შეიძლება ისე მოიხიბლოთ საგრდა-ფამილიათი, რომ მთელი ვიქენდი ვერ მოიცვალოთ ფეხი და სანტ-პაუს ჰოსპიტალის მონახულება საერთოდაც არ მოგინდეთ.

მოგზაურობის მთელი ჯადოქრობაც ხომ სწორედ ისაა, რომ ნებისმიერ წამს შეგიძლია შეცვალოთ მიმართულება და ვინ იცის, იქნებ ამ სპონტანურობით ბევრად უფრო საინტერესო თვგადასავალს უხსნით კარს?!