რა ეთიკურ ნორმებს უნდა იცავდეს დეპუტატი - კანონპროექტი მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება არაერთხელ მომხდარა. ახლა დეპუტატები ეთიკის კოდექსზე მსჯელობენ, რომელმაც მათივე ქცევა უნდა დაარეგულიროს. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება დეპუტატების ქცევის ნორმები და შეიქმნება ეთიკის საბჭო, რომელიც საჩივრებს განიხილავს. ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევისთვის სანქციების მექანიზმის ამოქმედება იგეგმება.

რა არის დეპუტატების ეთიკის კოდექსის არსი?

ეთიკის კოდექსით განისაზღვრება ის ქცევა და წესები, რაც პარლამენტარმა თავის საქმიანობის დროს უნდა გაითვალისწინოს. ეთიკის კოდექსის ზოგიერთი მუხლი კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებსაც არეგულირებს.

კანონპროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას ეთიკის საბჭო, რომელიც დეპუტატების წინააღმდეგ შემოსულ საჩივრებს განიხილავს. გარდა ამისა, პროექტი პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში დისციპლინურ სანქციებსაც ითვალისწინებს.

რა იქნება პარლამენტარის ვალდებულებები?

ეთიკის კოდექსის მიხედვით, პარლამენტარი რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპით უნდა მოქმედებდეს. ეს პრინციპებია: კანონიერება და ერთგულება, თანასწორობა, კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა.

დეპუტატი ვალდებული იქნება:

  • თანასწორობის პრინციპით მოეპყროს საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა;
  • პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს;
  • არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება;
  • ადმინისტრაციული რესურსი პასუხისმგებლობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით გამოიყენოს;
  • არ უნდა მიიღოს პირადი ფინანსური ინტერესების მატარებელი გადაწყვეტილება, რომელსაც გავლენა ექნება საპარლამენტო საქმიანობაზე;
  • არ გამოიყენოს თანამდებობა პირადი, ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების ინტერესების სასარგებლოდ;
  • არ ლობირებდეს პირადი სარგებლის სანაცვლოდ;
  • არ მიიღოს საჩუქარი, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს მის საქმიანობაზე;
  • არ დადოს ისეთი ტიპის, გარიგება, რომელიც ზღუდავს მის დამოუკიდებლობას სადეპუტატო საქმიანობის პროცესში;
  • არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის, მათ შორის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ;
  • ითანამშრომლოს მედიასთან.

რა იქნება ეთიკის საბჭოს ფუნქცია?

ეთიკის კოდექსის დარღვევებს ეთიკის საბჭო შეისწავლის. ეთიკის საბჭო განიხილავს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე.

ეთიკის საბჭოს ორი თანათავმჯდომარე ეყოლება. მათ ეთიკის საბჭო საპარლამენტო უმრავლესობიდან და უმცირესობიდან აირჩევს. საბჭოს გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.

ვის შეეძლება უჩივლოს დეპუტატს ეთიკის საბჭოში?

ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო დეპუტატების წინააღმდეგ საჩივრის შეტანის უფლება ექნებათ დეპუტატებს ან იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ მის მიმართ ამ კოდექსის ნორმები დაირღვა. თუ ეთიკის საბჭო მიიღებს საჩივარს, ერთი თვის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. დარღვევაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება.

რა სანქციებია ეთიკის კოდექსის დამრღვევი დეპუტატებისთვის?

ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი სანქციებია:

  • სარეკომენდაციო გაფრთხილება;
  • ხელფასის დაკავება (ხელფასის 10-50 პროცენტის ოდენობით);
  • საპარლამენტო ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში).

"ერთი დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს დარღვევის თანაზომიერი", - წერია ეთიკის კოდექსში.

რა ეტაპზეა კანონპროექტის განხილვა?

კანონპროექტი 4 აპრილს პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს, თუმცა კენჭისყრა გადაიდო.

პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა ეთიკის კოდექსის კონკრეტული მუხლები გააკრიტიკა. მთავარი საკითხები, რომელზეც უმრავლესობაში ვერ შეთანხმდნენ, დისკრიმინაციულ და სექსისტურ გამონათქვამებს, სანქციებისა და ეთიკის საბჭოს შექმნის ნაწილს უკავშირდებოდა.

ქართული ოცნების წევრი, ენძელა მაჭავარიანი ფიქრობს, რომ დეპუტატებს არ სჭირდებათ მსგავსი დოკუმენტი და სანქციების დაწესება დეპუტატებისთვის არაეთიკურია.

"ეთიკის კოდექსის წარმოდგენილი ვარიანტი შეზღუდავს დემოკრატიის პრინციპს და ხარისხის პარლამენტში. ეთიკის კოდექსს კანონმდებლობის სახე არ უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კანონპროექტზე შენიშვნები აქვს ამავე პარტიის წევრს, დეპუტატ გიგა ბუკიას. მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ჩანაწერი დისკრიმინაციული და რა შემთხვევაში არ ჩაითვლება მისი განცხადება სექსისტურად.

"ეთიკის კოდექსი ზღუდავს პარლამენტის წევრის უფლებას გამოხატოს თავისი აზრი და მარგინალიზაციის რისკი სამართლიანი გამონათქვამისა და ქცევის მიმართ მაღალია, ეს შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას", - თქვა გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა კანონპროექტის კენჭისყრაზე უარი განაცხადა და არსებული ვერსიის უკან, საკომიტეტო განხილვებზე დაბრუნება მოითხოვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქსტატი: მოსახლეობის აღწერის თვითრეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ…