ჩვენი ცხოვრების პირველ წლებში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ მათი გახსენება არ შეგვიძლია. ეს საინტერესოა, რადგან, ახალი კვლევის თანახმად, ბავშვების ტვინს მოგონებების ფორმირება შეუძლია. სკანირებამ აჩვენა, რომ ისინი ამისთვის ჰიპოკამპუსს იყენებენ, ანუ მახსოვრობასთან ასოცირებულ ნეირონულ სტრუქტურას.

"კვლევამ გამოავლინა, რომ ადრეული მოგონებების კოდირებაში ჰიპოკამპუსი მონაწილეობს, რომელიც საამისოდ საკმარისად მომწიფებულია", — აცხადებს განვითარებითი და კოგნიტიური მეცნიერების სპეციალისტი, ვლადიმირ სლუტსკი, რომელიც ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში მუშაობს.

მცირეწლოვნების ასე შესწავლა რთულია, განსაკუთრებით თუ მათ ღვიძავთ. იმისთვის, რომ ისინი მშვიდად ყოფილიყვნენ, მკვლევრებმა მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებისას მშობლები დაიხმარეს, ხმის ჩასახშობად კი პატარებს ყურსასმენები გაუკეთეს. მათი ასაკი 4-დან 25 თვემდე იყო.

ცდისპირებს ადამიანების, ადგილების ან ობიექტების სურათებს აჩვენებდნენ. პარალელურად, ბავშვების ტვინში სისხლის მიმოქცევას აკვირდებოდნენ, რათა აქტიურობა დაეფიქსირებინათ. ზოგჯერ ისინი შედარებით ხანგრძლივად უყურებდნენ ორიდან სწორედ იმ ერთ გამოსახულებას, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდათ ნანახი. მეცნიერთა აზრით, ეს იყო ნიშანი, რომ ბავშვებმა ფოტო გაიხსენეს — რაც უფრო დიდხანს აჩერებდნენ მზერას ფოტოზე, მით უფრო ძლიერი იყო მოგონება.

მეცნიერებმა დამახსოვრებული და დაუმახსოვრებელი სურათების პირველად ნახვისას დაფიქსირებული ტვინის მდგომარეობა შეისწავლეს. დადგინდა, რომ სხვაობა სწორედ ჰიპოკამპუსში შეინიშნებოდა. აღმოჩნდა, რომ 1 წელზე მეტი ხნის 13-მა ბავშვმა სურათების დაახლოებით ნახევარი გაიხსენა, რაზეც ჰიპოკამპუსის აქტიურობაც მიუთითებდა. ამგვარი შედეგები თაგვებსა და ვირთხებშიცაა გამოვლენილი.

საინტერესოა, რატომ არ გვახსოვს ადრეული წლების ასეთი მოგონებები?

ამ ფენომენს ბავშვობის ამნეზიის სახელით ვიცნობთ და ეს საკითხი მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ტვინი მსგავს მოგონებებს სათანადოდ ვერ ინახავს. მეორე მოსაზრებით, მათი ნეირონული კვალი ნარჩუნდება, მაგრამ გახსენება მაინც ვერ ხერხდება.

მეორე ჰიპოთეზას ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ამყარებს. მაგალითად, სპეციალისტებმა თაგვებში ადრეული მოგონებების ხელახლა გააქტიურება შეძლეს, სტიმულირებისთვის კი სინათლე გამოიყენეს. შესაძლოა, ადამიანებშიც იგივე მექანიზმი მოქმედებდეს, მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერი ვიცით.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.