რა ემართება ქალის ტვინს მენსტრუაციის დროს — ახალი კვლევა
"მენსტრუალურ ტვინზე" სუბიექტურ და კულტურულ წარმოდგენებს პოპულაციის ნახევარი იზიარებს, თუმცა ამის მეცნიერული საფუძველი არ არსებობს.

ფოტო: OHSU
მეტაანალიზმა, რომელიც 100-ზე მეტ კვლევას მოიცავდა, აჩვენა, რომ ქალის კოგნიტიური უნარები მენსტრუალური ციკლის დროს არ იცვლება.
მენსტრუაციას თან ისეთი სერიოზული მდგომარეობები ახლავს, როგორიცაა პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD), დისმენორეა და ენდომეტრიოზი. ეს ქალებისთვის დამაბრკოლებელი ნამდვილად შეიძლება იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შესაბამის სოციალურ რესურსებზე ხელი არ მიუწვდებათ. მიუხედავად ამისა, ეს მდგომარეობა იმ წარმოდგენას არ ამართლებს, თითქოს მენსტრუაცია ტვინის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ფაქტი, რომ ქალის სხეული მეცნიერების ისტორიაში დიდწილად უგულებელყოფილი იყო, ამ კვლევით სფეროს დიდხანს აწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ "მენსტრუალურ ტვინზე" სუბიექტურ და კულტურულ წარმოდგენებს პოპულაციის ნახევარი იზიარებს, ამის მეცნიერული საფუძველი არ არსებობს.
მკვლევარმა დაისუნგ ჯენგმა, მელბურნის უნივერსიტეტიდან, ჩაატარა მეტაანალიზი, რომელიც 102 რეცენზირებულ სამეცნიერო ნაშრომს მოიცავდა. ამ კვლევებში მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ქალის კოგნიტიური უნარების სხვადასხვა ასპექტი იყო შეფასებული.
კვლევამ მონაცემები 4 000 ისეთი ქალის შესახებ გააერთიანა, რომლებსაც კვლევის დროს მენსტრუაცია ჰქონდათ. კოგნიტიური უნარები ციკლის სხვადასხვა ეტაპზე შეამოწმეს. კვლევის ფარგლებში ისეთი ასპექტები შეფასდა, როგორიცაა ყურადღება, შემოქმედებითობა, აღმასრულებელი და მოტორული ფუნქციები, ინტელექტი, მეხსიერება, სივრცული და მეტყველებითი უნარები.
კვლევისთვის ისეთი ინგლისურენოვანი ნაშრომები შეარჩიეს, რომლებიც კოგნიტიურ უნარებს მენსტრუალური ციკლის კონკრეტულ დღეებზე დაფუძნებით აფასებდა. შესაბამისად, გამოირიცხა იმ ქალების მონაცემები, რომლებთანაც სიტყვები "ორსულობა", "ინფექცია", "დარღვევა" და "სიმსივნე" ფიგურირებდა. შედეგები მხოლოდ მენსტრუაციის "საბაზისო" გამოცდილებას ეხება.
ცნობილია, რომ ესტროგენის, პროგესტერონისა და მალუთეინიზებელი ჰორმონების დონე, მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ეტაპზე იზრდება და მცირდება. ეს ცვლილებები, განსაკუთრებით ესტროგენის შემთხვევაში, მთელ სხეულში, მათ შორის ტვინშიც, იგრძნობა.
ჯენგის გუნდის მიერ აღმოჩენილი განსხვავებები ქალის კოგნიტიურ ქცევაში ციკლის განმავლობაში იმდენად მცირე და არათანმიმდევრული იყო, რომ მათ არანაირი მნიშვნელობა მიენიჭა. მათ მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს, რომ ქალის ინტელექტუალური შესაძლებლობები მენსტრუაციის მიხედვით იცვლება.
"ამგვარი შედეგების არარსებობა გარკვეულწილად გასაკვირია. მენსტრუალური ციკლის განმავლობაში მრავალი ფიზიოლოგიური ცვლილება მიმდინარეობს, რაც აღწერილი მრავალ ნაშრომშია", — აღნიშნავენ ავტორები.
ჰორმონალური ცვლილებები შესაძლოა იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ ტვინის ფუნქციონირებაზე დიდ გავლენას არ ახდენდეს. ავტორები ასევე ვარაუდობენ, რომ ქალებს შეუძლიათ ეს ცვლილებები ისეთი გზებით დააბალანსონ, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობია.
მთელი ისტორიის განმავლობაში ქალებს აჯერებდნენ, რომ მენსტრუალური ციკლი მათ კოგნიტიურ ფუნქციას ასუსტებდა. ზოგისთვის ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ყოველდღიური საქმეების ჩვეულებრივად შესრულება, როცა სისხლდენასა და ტკივილს იტან. ასევე რთულია იმის გააზრება, რომ ქალები ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებას მაშინაც ცდილობენ, როცა ჰორმონები ყოველ ორ კვირაში სრულიად ეცვლებათ.
მეცნიერები ასევე არ გამორიცხავენ, რომ მენსტრუაციის შედეგად ტვინში მიმდინარე ფიზიკურმა ცვლილებებმა ზოგიერთ ქალზე იმდენად დიდი გავლენა არ მოახდინოს, როგორც სხვებზე. ამის მიზეზები ჯერ კვლევაში არ განუხილავთ, რაც ტენდენციების გამოვლენას ართულებს.
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მტკივნეული და უმტკივნეულო მენსტრუაციის მქონე ქალებს შორის დიდი განსხვავება არაა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პრემენსტრუალური სინდრომი დამოკიდებული უფრო იმაზეა, თუ როგორ რეაგირებს სხეული ჰორმონებზე და არა თვითონ ჰორმონების რაოდენობაზე.
"ფიზიოლოგია, როგორც ჩანს, კოგნიტიურ უნარებს არ განსაზღვრავს", — წერენ ავტორები.
ეს შედეგი იმ მითებისა და შეხედულებების გამოსწორებას ემსახურება, რომლებიც მენსტრუაციის გამო ქალების ტვინის ფუნქციონირებას ეჭვქვეშ აყენებს.
"ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ მეცნიერული საფუძველი, იმისა რომ ციკლის გამო ქალების აზროვნების უნარს ეჭვის თვალით ვუყუროთ", — აღნიშნავენ მეცნიერები.
კვლევა გამოქვეყნდა გამოცემაში PLOS One.
კომენტარები