თუთიყუშების მეტყველების უნარი ადამიანებში დიდი ხანია აღფრთოვანებას იწვევს. ახალი კვლევის თანახმად, მათი მეტყველების მექანიზმები ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ ადამიანების ნათქვამის გამეორება.

მეცნიერებმა შეისწავლეს თუთიყუშების ავსტრალიური სახეობის — ხუჭუჭა თუთიყუშების — ტვინი და აღმოაჩინეს, რომ სწორედ ტვინში იმალება იმის ახსნა, თუ როგორ ჰბაძავენ ისინი ასე ზუსტად ადამიანების ნათქვამს.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა, მაიკლ ლონგმა, აღნიშნა, რომ ხუჭუჭა თუთიყუში ერთადერთი სახეობაა, რომელსაც ტვინში ადამიანების მსგავსი ენის პროცესირების უბანი აქვს.

ხუჭუჭა თუთიყუში (Melopsittacus undulatus), იგივე ტალღისებრი თუთიყუში, არის მომცრო ზომის ხასხასა შეფერილობის თუთიყუში, რომელიც ბუნებრივად ავსტრალიაში გვხვდება. მათ ადამიანის საუბრის მიბაძვის შესანიშნავი უნარი აქვთ.

ხუჭუჭა თუთიყუში, სახელად პაკი, გინესის მსოფლიო რეკორდებში მოხვდა, რადგან მის ლექსიკონში 1 728 სიტყვა იყო.

მათი სოციალური და ლაპარაკის მოყვარული ბუნება დიდი ხანია საინტერესოა ბიოლოგებისა და ენათმეცნიერებისთვის.

როგორ აპროცესირებენ ხუჭუჭა თუთიყუშები ენას

ლონგი და მისი კოლეგა, წეთიენ იანგი, დააკვირდნენ ოთხი "მოლაპარაკე" ხუჭუჭა თუთიყუშის ცალკეული ტვინის უჯრედების აქტივობას. მათ ელექტრული აქტივობის ჩასაწერად სილიკონის ზონდები გამოიყენეს.

როცა თუთიყუშებმა ხმების გამოცემა დაიწყეს, ლონგმა და იანგმა მათ ელექტრულ აქტივობაში ცვლილებები აღწერეს, განსაკუთრებით ის, თუ როგორ რეაგირებდა მათი ნეირონები სხვადასხვა ხმებზე.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ უჯრედები, რომლებიც ტვინის უბანში, წინა არკოპალიუმში მდებარეობს, პირდაპირ კავშირშია ამ ჩიტების მიერ გამოცემულ ხმებთან.

როგორც ლონგი განმარტავს, ზოგი უჯრედი თანხმოვანი ბგერების გამოცემისას აქტიურდება, ზოგი კი — ხმოვნების შემთხვევაში. ზოგიერთი მაღალ ტემბრზე რეაგირებს, ხოლო სხვები — დაბალ ტემბრზე.

ლონგმა განაცხადა, რომ ამ ნეირონების აქტივობა საკმაოდ მარტივადაა ორგანიზებული. მან კლავიატურის ანალოგია გამოიყენა. როგორც კლავიატურის კლავიშები შეესაბამება სხვადასხვა ბგერას, ასევეა ხუჭუჭა თუთიყუშების ტვინის ნეირონები განლაგებული სხვადასხვა ბგერის გამოსაცემად. ადამიანის ტვინსაც მსგავსი ვოკალური ასახვა აქვს.

უნიკალური ვოკალური სისტემა

ლონგმა და იანგმა იგივე ექსპერიმენტი ჩიტის სხვა სახეობაზეც გაიმეორეს. Taeniopygia guttata ფრინველია, რომელსაც ვოკალური მიმიკა არ ახასიათებს. ეს ჩიტი მხოლოდ ერთ გალობას სწავლობს, რომელიც, როგორც წესი, ერთ წამზე უფრო მოკლეა. ამ გალობის დასახვეწადაც კი მას თვეები სჭირდება.

ხუჭუჭა თუთიყუშებისგან განსხვავებით, ამ ფრინველის ტვინში ვოკალური ბგერების ნიშნები არ აღმოჩნდა. მათი ტვინი გალობას ძალიან კომპლექსურად შიფრავს.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ტვინში მსგავსი ვოკალური ასახვები ხმის მიბაძვის უნარის მქონე სხვა ჩიტებსაც აქვთ, მაგალითად, ბოლოქნარებს. ამ საკითხზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

მეცნიერები ასევე იმედოვნებენ, რომ იმის შესწავლა, თუ როგორ წარმოიქმნება ლაპარაკი თუთიყუშების ტვინში, შეიძლება ადამიანებში მეტყველების დარღვევების გაგებაშიც დაგვეხმაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.