როგორი იყო სამყარო დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის შემდეგ? ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული გალაქტიკა გვაწვდის, რომელსაც JADES-GS-z14-0 ეწოდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ჟანგბადით მდიდარია, რაც მათთვის მოულოდნელი იყო.

საქმე ისაა, რომ აქამდე წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტების უხვად წარმოქმნის პერიოდად უფრო გვიანდელი პერიოდი მიიჩნეოდა. ახალი მიგნება მიანიშნებს, რომ ახალგაზრდა კოსმოსი იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გალაქტიკების ფორმირების პროცესი ისეთი ნელი არაა, როგორსაც ვვარაუდობდით.

ამის მაგალითი თავად JADES-GS-z14-0-ია, რომელიც კოსმოლოგიური მოდელებისთვის ისედაც პრობლემატურია. 13.4 მილიარდი სინათლის წლის დისტანციის მიუხედავად, ის იმდენად დიდი და კაშკაშაა, რომ ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მარტივად დააფიქსირა. სამყაროს განვითარების ამ ეტაპზე მსგავსი გალაქტიკის არსებობა ძნელი ასახსნელია, რადგან ამჟამინდელი თეორიების მიხედვით, ასეთი გიგანტური სტრუქტურის ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდება. ეს ვრცელდება წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებზეც.

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI

სამყაროს პირვანდელ შედგენილობაში სწორედ ეს ორი აირი ჭარბობდა, რომელთა მასის მკვრივ რეგიონებშიც გრავიტაციის გავლენით ვარსკვლავები წარმოიქმნა. მათ შუაგულში მიმდინარე ბირთვული რეაქციების შედეგად მძიმე ელემენტები მივიღეთ, მაგრამ ამისთვის მნათობი უნდა აფეთქდეს, ანუ ზეახალ ვარსკვლავად გარდაიქმნას. სხვაგვარად მძიმე ელემენტები კოსმოსში ვერ გავრცელდება. ყველაზე მასიური ასეთი ობიექტების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 10 მილიონ წელზე ნაკლები შეიძლება იყოს.

ჩილეში მდებარე ობსერვატორიის დაკვირვებებმა აჩვენა, რომ JADES-GS-z14-0-ში შედარებით მძიმე ელემენტების რაოდენობა მოსალოდნელზე 10-ჯერ მეტია. ეს გალაქტიკების ევოლუციის სულ სხვაგვარად გააზრებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ JADES-GS-z14-0 გამონაკლისი არაა, რადგან ვების ტელესკოპმა ადრეულ სამყაროში კიდევ არაერთი გიგანტური გალაქტიკა აღმოაჩინა, რითაც ასტრონომებს თავსატეხი გაუჩინა.

ახალი ნაშრომები (1,2) გამოცემებში The Astrophysical Journal და Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება, მანამდე კი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.