ჩინეთში პარალიზებულმა პაციენტმა იმპლანტის გამოყენებით კვლავ გაიარა

ფოტო: Fudan University
ათწლეულების განმავლობაში, ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული პარალიზის მკურნალობა არც განიხილებოდა. ტვინი-კომპიუტერის მოწინავე ინტერფეისებითაც (BCI) კი, ეს გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. და, აი, ახლა ჩინეთში ჩატარებულმა ინოვაციურმა კვლევამ ახალი იმედები გააჩინა.
შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოთხ პარალიზებულ პაციენტს ფეხებზე კონტროლი მინიმალური ინვაზიური ოპერაციის შემდეგ დაუბრუნეს. ოპერაციისას პაციენტებში ელექტროდის ჩიპების იმპლანტაცია მოხდა, როგორც თავის ტვინში, ასევე ზურგის ტვინში. სწორედ ამან აღადგინა ის დაზიანებები, რომლებიც ტრავმისას მოხდა.
შედეგები გასაოცარია: 24 საათის განმავლობაში პაციენტებს კვლავ შეეძლოთ ფეხების გამოყენება. რამდენიმე კვირაში მათ დამოუკიდებლად სიარული შეძლეს — ნერვული შეგრძნებებიც კი აღუდგათ.
ტრადიციული BCI-სგან განსხვავებით, რომელიც გარე კომპიუტერებს ეყრდნობა მოძრაობის გასაკონტროლებლად, ჩინელების ტვინი-ზურგის ინტერფეისი უშუალოდ მიძინებულ ნერვულ კავშირებს ასტიმულირებს. ეს პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც "ნერვული რემოდელირება", საშუალებას აძლევს ნერვულ სისტემას განაახლოს საკუთარი თავი.
"აქამდე ჩვენთან (ჩინეთში) მსგავსი ტექნოლოგიები არ გვქონდა და ეს საზღვარგარეთთან ასოცირდებოდა. მიუხედავად ამისა, ახლა ჩვენ ჯერ კიდევ სრულიად აუთვისებელ ტერიტორიაზე შევაბიჯეთ — შევქმენით მსოფლიოში პირველი ახალი თაობის ტვინი-ზურგის ინტერფეისის სისტემა", — თქვა წამყვანმა მკვლევარმა ჯია ფუმინმა.
პროცედურა გულისხმობს ორი პაწაწინა ელექტროდის ჩიპის ტვინში იმპლანტაციას — თითოეულს მილიმეტრის დიამეტრი აქვს. ეს ტვინი-ზურგის ჩიპები აგროვებს (დეკოდირებს) ნერვულ სიგნალებს და შემდეგ აგზავნის ზუსტ ელექტრულ სტიმულაციას ზურგის ნერვის ფესვებზე. სწორედ ეს ქმნის პირდაპირ საკომუნიკაციო კავშირს თავის ტვინსა და პარალიზებულ კუნთებს შორის.
პირველ მოხალისეს, 34 წლის კაცს, რომელიც ტრავმის შემდეგ პარალიზებული იყო, ოპერაცია 8 იანვარს ჩაუტარდა. 24 საათში მას ორივე ფეხის აწევა შეეძლო. მე-14 დღისთვის ის აბიჯებდა დაბრკოლებებზე და მოძრაობდა დამხმარე ჯოხების გამოყენებით. სამ სხვა პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია თებერვალსა და მარტში, ყველამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ფოტო: Fudan University
გაუმჯობესებული შედეგები
ამ მიმართულებით ჩატარებულ სხვა კვლევებს მსგავსი შედეგების დასაფიქსირებლად 6 თვე დასჭირდა. ჩინელების ახალმა მიდგომამ ეს შედეგები ორ კვირიანი პროცედურით გაამეორა.
"ფეხები გამითბა და ოფლიანდება, ჩხვლეტის შეგრძნება დამიბრუნდა. როცა ვდგები, ვგრძნობ, რომ ფეხების კუნთები იკუმშება", — თქვა პირველმა პაციენტმა.
ამ ოპერაციებში გამოყენებული ყველა სამედიცინო მოწყობილობა შეიქმნა ჩინეთში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა ნანოტექნოლოგიების მიმართულებითაც მნიშვნელოვნად ვითარდება. დღეს ჩინეთში ზურგის ტვინის დაზიანების მქონე 3.74 მილიონი პაციენტია და ყოველწლიურად 90 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
"მსგავს იმპლანტებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. თუ იმპლანტით ადამიანს კიდურებზე მგრძნობელობას დავუბრუნებთ, შემდეგ საჭირო იქნება რეაბილიტაცია და საბოლოოდ ადამიანი გაივლის ისე, როგორც ამას ტრავმამდე აკეთებდა", — თქვა ჯიამ South China Morning Post-თან ინტერვიუში.
ერთი რამ ფაქტია, Neuralink-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და მედიცინისთვის ეს ცუდი ნამდვილად არ არის.
კომენტარები