როცა ყბა ფუნქციას კარგავს: რა არის TMJ-ს ანკილოზი, რა იწვევს და როგორ მკურნალობენ
საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის (TMJ) ანკილოზი დაავადებაა, რომელიც ლაპარაკს, კვებასა და სხვა ყოველდღიურ აქტივობებს ართულებს. მას სახის ასიმეტრიაც ახასიათებს.

ფოტო: A Textbook of Advanced Oral and Maxillofacial Surgery Volume 2
ძვლები და სახსრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოძრაობა და ყოველდღიური აქტივობების შესრულება შევძლოთ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დაავადება მათ აზიანებს და არამხოლოდ დისკომფორტს გვიქმნის, არამედ ცხოვრების ხარისხსაც მნიშვნელოვნად აუარესებს.
საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის (TMJ) ანკილოზი დაავადებაა, რომელიც აღნიშნული სახსრის შეხორცებით გამოიხატება; ეს პროცესი ყბის მოძრაობას სრულად ან ნაწილობრივ ზღუდავს. შედეგად, შესაძლოა, ადამიანს მნიშვნელოვნად გაურთულდეს საუბარი, კვება და რთულ შემთხვევებში სუნთქვაც კი.
ცნობისთვის: სიტყვა ანკილოზი ბერძნულიდან მომდინარეობს და გაშეშებულ სახსარს ნიშნავს.
TMJ-ის ანკილოზი საკმაოდ იშვიათია, ამიტომ მისი გავრცელების სიხშირე საფუძვლიანად არ არის შეფასებული. ჩვეულებრივ, იგი 10 წლამდე ვითარდება, თუმცა ეს შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. იმისათვის, რომ მდგომარეობა არ გართულდეს, სიმპტომების დროული ამოცნობა და სამედიცინო ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორია საფეთქელ-ქვედაყბის ანკილოზის სიმპტომები?
TMJ-ს ანკილოზის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად რთულია კონკრეტული შემთხვევა. შეხორცება შეიძლება იყოს როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი; როგორც ძვლოვანი, ასევე ბოჭკოვანი; შესაძლოა, იგი მხოლოდ ერთ (უნილატერალური) ან ორივე სახსარზე (ბილატერალური) ვრცელდებოდეს.
ამ დაავადებას ხშირად შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:
- ყბის მოძრაობის შეზღუდვა ან პირის გაღების უუნარობა;
- საფეთქელ-ქვედაყბის მიდამოში ტკივილი ან დისკომფორტი;
- სახის ასიმეტრია;
- ყბის გადახრა პირის გაღებისას;
- ჭამისა და ლაპარაკის, ასევე ორალური ჰიგიენის დაცვის გაძნელება;
- რთულ შემთხვევებში სუნთქვის გაძნელება და ძილის ობსტრუქციული აპნოე.
ექიმები TMJ-ს ანკილოზს გარეგანი დაკვირვებითა და სხვადასხვა გამოკვლევით ადგენენ. დიაგნოზის დასადასტურებლად რენტგენოლოგიური კვლევა, ასევე კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიები გამოიყენება.
რა იწვევს ამ დაავადებას?
TMJ-ის ანკილოზი არაერთი მოვლენის შედეგად შეიძლება განვითარდეს. ყველაზე ხშირად ეს ფიზიკური ტრავმისა და ინფექციების შედეგად ხდება, თუმცა, შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც მოჰყვეს.
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
- ფიზიკური ტრავმა — ქვედა ყბის მოტეხილობამ, განსაკუთრებით ბავშვებში, შეიძლება ძვლის ზრდის დარღვევა და სახსრების შეზრდა გამოიწვიოს;
- ინფექციები — შუა ყურის ანთება, ოსტეომიელიტი ანდა სეპტიკური ართრიტი შეიძლება საფეთქელ-ქვედაყბის მიდამოშიც გავრცელდეს, ეს კი ზოგჯერ ადგილის დაზიანებასა და ბოჭკოვანი ქსოვილის წარმოქმნას იწვევს;
- სისტემური დაავადებები — ავტოიმუნურმა და ანთებით მიმდინარე დაავადებებმა, თუნდაც რევმატოიდულმა ართრიტმა, შეიძლება სახსრის გაშეშება და ანკილოზი გამოიწვიოს;
- თანდაყოლილი ან განვითარების დარღვევები ზოგჯერ TMJ-ს განვითარების დარღვევას იწვევს და ანკილოზის რისკს ზრდის.
გასათვალისწინებელია, რომ ანკილოზის რისკს ზრდის ქირურგიული ჩარევის შემდგომი გართულებები და განმეორებითი ოპერაციებიც, რადგან ამ დროს შეიძლება ზედმეტი ნაიარევი ქსოვილი წარმოქმნას.
როგორ ხდება დაავადების მკურნალობა?
TMJ-ს ანკილოზის მკურნალობა უმეტესად ყბის ფუნქციის აღდგენას, ტკივილის შემსუბუქებასა და ესთეტიკურ მიზნებს ემსახურება. მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესიც, რათა გართულებები და ანკილოზის ხელახალი განვითარება ავირიდოთ თავიდან.
მკურნალობის მეთოდები დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. როგორც წესი, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. ამ დროს დაზიანებული არეალიდან შეზრდილ ძვალს ან ბოჭკოვან ქსოვილს იღებენ, რათა მოძრაობა აღადგინონ; სახსრის ჩასანაცვლებლად ძვალს ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილიდან (მაგალითად, ნეკნიდან) იღებენ ანდა სპეციალურ პროთეზებს იყენებენ.
არსებობს განსხვავებული მიდგომაც, ე. წ. დისტრაქციული ოსტეოგენეზი. ამ პროცედურას ხშირად ზრდადაუსრულებელ ბავშვებში იყენებენ და ძვალს თანდათანობით ზრდიან, რათა სახის დეფორმაცია შეასწორონ.
ქირურგიული ჩარევის შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი რეაბილიტაცია, რათა ყბის ფუნქციონირება შენარჩუნდეს და ხელახალი ანკილოზი ავიცილოთ თავიდან. ამ დროს ხშირად ფიზიკური თერაპია, ყბის ვარჯიშები, ინიშნება. გარდა ამისა, ოპერაციის შემდგომ ტკივილის შესამსუბუქებლად ხშირად იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებსა (NSAID-ები) და კუნთის მომადუნებელ საშუალებებს.
სხვა ფუნქციური და ესთეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად ზოგჯერ, შესაძლოა, კბილების განლაგების შესწორება და მეტყველების თერაპიაც გახდეს საჭირო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, TMJ-ს ანკილოზი არაერთი მდგომარეობის გართულების შედეგად შეიძლება გაჩნდეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, მსუბუქ სიმპტომებსაც კი შეძლებისდაგვარად მალევე მივაქციოთ ყურადღება.
თუკი პრობლემას სწორად მივუდგებით, ყბის ფუნქციის აღდგენა და პაციენტის ცხოვრების გაუმჯობესება უმეტესად შესაძლებელია.
კომენტარები