ბათუმის არეულობიდან ერთი წელი გავიდა - რა მოხდა - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა მოხდა?

2017 წლის 11 მარტს ბათუმში დაწყებული საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. მოქალაქეების პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებით, ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კერძო ქონების დაზიანებით, სპეცრაზმით და ცრემლსადენი გაზით დასრულდა. შედეგად 40 პირი დააკავეს.

როგორ განვითარდა მოვლენები?

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პლაზას შენობასთან პატრულის თანამშრომლებმა მოძრაობის შეფერხებისთვის ერთი პირი, ჯიმი ვარშანიძე დააჯარიმეს. შსს-ის ინფორმაციით, მისმა თანმხლებმა, რამაზ ხიმშიაშვილმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მათგანი დააკავეს.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მოქალაქეს პატრული 50 ლარით აჯარიმებდა, მისი შეპასუხების შემდეგ კი, პოლიციელმა იგი წიხლებით სცემა. რამაზ ხიმშიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

რამდენიმე წუთში პლაზას მიმდებარე ტერიტორია მძღოლების საპროტესტო ტალღამ მოიცვა. დაახლოებით, 18 საათზე აქცია დაიწყო.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / აჭარის ტელევიზია

მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დამაკავშირებელი მთავარი ქუჩა გადაკეტეს და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პოლიციის ახალი უფროსი კახაბერ ბუხრაძე ქსენოფობიურ დამოკიდებულებებს ავლენდა და აჭარელ მოსახლეობას "თათრებად" მოიხსენიებდა. მათი თქმით, ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ პოლიციამ მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო.

ბუხრაძის ქსენოფობიაში დადანაშაულების პარალელურად აქციაზე ისმოდა შეძახილები: გორელი (კახაბერ ბუხრაძე ბათუმში გადოსვლამდე გორში მუშაობდა) დააბრუნეთ გორში, ვაშლიჭამია, აჭარა აჭარლებს, ბათუმი ჩვენია.

აქციის მონაწილეთა რიცხვი იზრდებოდა. ისინი მსვლელობით გაემართნენ შსს-ს მთავარი სამმართველოს შენობასთან, სადაც დაკავებულები ჰყავდათ და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს. მსვლელობის დროს პოლიციამ კიდევ 2 პირი დააკავა.

როგორ გადაიზარდა საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში?

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში პროტესტის მონაწილეებმა ვერ მიიღეს პასუხი იმის შესახებ გაათავისუფლებდნენ თუ არა დაკავებულებს და აგრესია გაიზარდა. მოქალაქეებმა პოლიციის სამმართველოს შენობას ქვები დაუშინეს. მოგვიანებით, პოლიციამ მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი / Jam News

ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ, აქცია რამდენიმე წუთით დაიშალა, თუმცა მალევე განახლდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ფოტო: Netgazeti.ge

აქციას შეემატნენ ნიღბიანი ახალგაზრდები, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და აგურებს ისროდნენ არამხოლოდ პოლიციის, არამედ ახლომდებარე შენობების და მანქანების მიმართულებით. ისინი აგრესიას იჩენდნენ ჟურნალისტების მიმართაც.

მდგომარეობა უკონტროლო გახდა. დაპირისპირებისას დაშავდნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები და პოლიციელები. ბათუმში საავადმყოფოებს 20-ზე მეტმა პირმა მიმართა.

რა რეაგირება ჰქონდა სახელმწიფოს?

12 მარტის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიტუაციის დასარეგულირებლად მაშინდელი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში მიემგზავრებოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძე ამბობდა, რომ მღებრიშვილი დაკავებულების ერთ საათში გათავისუფლებას დაპირდა. მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს დაშლილიყო.

რამდენიმე საათში დაკავებულები გაათავისუფლეს, აქციის მონაწილეები კი მაინც არ იშლებოდნენ, გრძელდებოდა ინფრასტრუქტურის დაზიანება.

ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი / Jam News

სამმართველოს შენობიდან დაპირისპირებამ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ქვების და აგურების სროლის გარდა, აქციის მონაწილეებმა ამოყარეს ქვაფენილი, დააზინეს საგზაო ნიშნები, მოშალეს გზაგამყოფი დეკორატიული მოაჯირები, გატეხეს მიმდებარე მაღაზიების ფანჯრები, დააზიანეს საპატრულო პოლიციისა და კერძო პირების მანქანები. დაზიანებულ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც მიმდებარე ხეებზე გავრცელდა.

ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი / Jam New

აქციის დაწყებიდან დაახლოებით 12 საათში, 12 მარტს დილის ხუთ საათზე აქციაზე სპეცრაზმი მიიყვანეს. სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმის მხრიდან ისმოდა მითითებები, არ გამოეყენებინათ უხეში ძალა, თუმცა ერთმანეთს მოუწოდებდნენ დაეკავებინათ ყველა საეჭვო პირი. გამთენიას 40 ადამიანი დააკავეს.

ვის დაეკისრა პასუხისმგებლობა?

ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი / Jam News

12 მარტს, ღამე დაპირისპირების დროს, თავისუფალი ზონის წევრმა, ირაკლი ჩხვირკიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ბათუმში, ნიღბიან ახალგაზრდებთან ერთად ჩაწერილ ვიდეოში ჩხვირკვიამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. მან არეულობაში მონაწილეების სახელით მოითხოვა შს მინისტრთან შეხვედრა და მისგან აღნიშნული პირებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიღება.

ჩხვირკვიამ ხელისუფლებას საათნახევარი მისცა და პირობა დადო, რომ ამ დროის განმავლობაში ქვების სროლა არ გაგრძელდებოდა. როგორც ირაკლი ჩხვირკვიამ თქვა, ის თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა ბათუმში, რათა ამ ხალხს "გვერდით დადგომოდა".

კახა ბურაძის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა მერაბ ღოღობერიძემ აიღო, თუმცა შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რ2

მერაბ ღოღობერიძე არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაცი ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მან კახა ბუხრაძის გასათავისუფლებლად პირველი აქცია თანამოაზრეებთან ერთად 2017 წლის 9 მარტს გამართა. მისი თქმით, მან გაიგო, რომ აჭარის პოლიციის უფროსმა, რომელიც შს მინისტრმა გორიდან გადმოიყვანა, აჭარლები ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია და თათრები უწოდა.

როგორ წარიმართა გამოძიება?

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, 225-ე მუხლით, რომელიც მასობრივ არეულობას გულისხმობს და ასევე 3531-ე მუხლით, რომელიც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

არეულობის ორგანიზებით ბრალდებით, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. სამართალდამცავი უწყების ცნობით, მათ ბრალი მასობრივი არეულობის მუხლით წაუყენეს.

როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?

სამართალდამცველების მიერ დაკავებული 40-მდე პირიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16-ის საქმე იმ დღესვე, 12 მარტს განიხილა. დაკავებულებიდან ორი არასრულწლოვანი იყო. ისინი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ოთხი დაკავებულს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა და საქმის განხილვამდე ხელწერილით გათავისუფლდა კიდევ სამი დაკავებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ის პირები, ვისი დაჯარიმების შემდეგაც 11 მარტს ბათუმში აქციები დაიწყო. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ რამაზ ხიმშიაშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ჯიმი ვარშანიძეს კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ჯარიმა - 100 ლარი დააკისრა. ორ არასრულწლოვანს პირობითი სასჯელი დაეკისრა.

საბოლოოდ, 40 დაკავებულიდან პასუხისგებაში 21 პირი მისცეს. 21-დან 18-მა დაკავებულმა მასობრივ არეულობაში მონაწილეობაში ბრალი აღიარა.

ლაშა დეკანაძის საქმე

მხოლოდ ერთი დაკავებული, ლაშა დეკანაძე არ აღიარებდა დანაშაულს და მასთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა. დეკანაძეს მოსამართლე ლევამ გელოვანმა ბრალის ძირითად ნაწილში უდანაშაულოდ სცნო, ბრალი გადაუკვალიფიცირა და 239 მუხლის მეორე ნაწილით დააკისრა სასჯელი, რაც ჯგუფური ხულიგნობას ითვალისწინებს და სასჯელის მინიმალური ზომაა.

დეკანაძის ადვოკატმა სასჯელი გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანა. დეკანაძის საქმის განხილვა რამდენიმე დღეში, 17 მარტსაა ჩანიშნული.

ირაკლი ჩხირკვიას და მერაბ ღოღობერიძის საქმე

სასამართლომ ღოღობერიძე და ჩხვირკია 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულებად არ სცნო და საქმის ძირითად ნაწილში გაამართლა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიჩნია, რომ მის მიერ მასობრივი არეულობის ორგანიზება არ დასტურდება. მანვე მიიჩნია, რომ ჯგუფური მოქმედებების ორგანიზატორები იყვნენ. მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას თავისუფლების აღკვეთა წელიწადნახევრით შეეფარდათ.

ღოღობერიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა პოლიციის ყოფილმა უფროსმა კახაბერ ბუხრაძემ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ ღოღობერიძემ მას თხოვნით მიმართა და უარის მიღების შემდეგ მისი მიზანმიმართული დისკრედიტაცია დაიწყო. ხოლო როცა გაიგო, რომ 11 მარტს ბათუმში არ იყო სიტუაციით ისარგებლა და აქცია მოაწყო.

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის 6 მარტს უდოს კომისიამ პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

როგორ შეფასდა მოვლენები?

სამთავრობო გუნდი

გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განვითარებულ არეულობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მომხდარში "დესტრუქციული პოლიტიკური ძალები" დაადანაშაულა, თუმცა პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია რომელ პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა.

მოგვიანებით განათლების მაშინდელმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმის ინციდენტზე განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გამოიყენეს.

ოპოზიცია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ბათუმში შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ვარშალომიძეს თქმით, ბათუმში ვანდალური აქტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურის მიერ მართულმა ჯგუფმა ჩაიდინა და პროტესტი საპატრულო პოლიციის მიმართ, იმ კონკრტულ დღეს დაწერილი ჯარიმით არ დაწყებულა.

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ბათუმში მომხდარი მოვლენები არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა.

მმართველი პარტიის პასუხი

მმართველმა პარტიამ ოპოზიციას განცხადებით უპასუხა.

"როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და ნაციონალური მოძრაობის რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება", - აღნიშნული იყო განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბათუმში განვითარებული მოვლენებზე პოლიციის რეაგირება არაეფექტურად შეაფასა. მათი განცხადებით, მდგომარეობის დაძაბვის მომენტიდან საპატრულო პოლიციასთან არაერთი სამართალდამცველი იდგა, თუმცა პოლიცია თავდაცვით რეჟიმში იყო და არეულობის აღსაკვეთად აქტიური ზომები არ გაატარა.

რა შედეგი ჰქონდა 11-12 მარტის მოვლენებს?

პოლიციის საამმართველოს უფროსი კახაბერ ბუხრაძე რამდენიმე თვეში, როტაციის პრინციპით გადააყენეს თანამდებობიდან. ბუხრაძე რუსთავის პოლიციის უფროსმა ლევან მაისურაძემ ჩაანაცვლა.

50-ლარიანი ჯარიმიდან დაწყებული პროტესტი - დამწვარი ხეები, დაზიანებული მცენარეები, მოშლილი გზაგამყოფი დეკორაციები, ამოყრილი ქვაფენილი, დამტვრეული შუქნიშნები და საგზაო ნიშნები ბიუჯეტს 150 000 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

11-12 მარტის მოვლენები ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე იყო, როგორც მოსახლეობისთვის, ისე სამართალდამცავებისთვის, აქციის მონაწილეებისთვის.

ფოტო 1: ტატო ცეცხლაძე / ფოტო 2: დავით დევაძე / On.ge

ფოტო 1: Irakli Dzneladze / ფოტო 2: დავით დევაძე / On.ge

ფოტო 1: ტატო ცეცხლაძე / ფოტო 2: დავით დევაძე / On.ge

ფოტო 1: Irakli Dzneladze / ფოტო 2: დავით დევაძე / On.ge

ფოტო 1: ტატო ცეცხლაძე / ფოტო 2: დავით დევაძე / On.ge

ფოტო 1: ტატო ცეცხლაძე / ფოტო 2: დავით დევაძე / On.ge

ფოტო 1: ტატო ცეცხლაძე / ფოტო 2: დავით დევაძე / On.ge


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სალომე…