დედამიწაზე ხმელეთი მუდმივად მოძრაობს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხან ნაწევრდება, ხანაც ერთდება. ახლა ის გარდამავალ ფაზაშია, რასაც 175 მილიონი წლის წინ სუპერკონტინენტ პანგეას დაშლა უძღოდა.

თუკი ამჟამინდელ გეოლოგიურ პროცესებს დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ, თითქოს, ხმელეთი ნელ-ნელა ისევ სუპერკონტინენტად გარდაიქმნება. ასე გაგრძელების შემთხვევაში, ის საბოლოო სახეს 250 მილიონ წელში მიიღებს.

საქმე ისაა, რომ კონტინენტების დაბლა არსებული ტექტონიკური ფილები ადგილმდებარეობას იცვლის, ერთმანეთს ეჯახება და შორდება. ეს ნელი ციკლია, რომელმაც ბოლო 2 მილიარდ წელში სულ მცირე სამი მთავარი სუპერკონტინენტი მაინც წარმოქმნა: კოლუმბია, როდინია და პანგეა. ყველა მათგანი შემდეგ ისევ დანაწევრდა, ახლა კი, შესაძლოა, სრულიად ახალი სუპერკონტინენტი ყალიბდებოდეს — პანგეა პროქსიმა (ნეოპანგეა).

ასეთი შეიძლება იყოს პანგეა პროქსიმა.

ფოტო: Wikimedia Commons

პირველად ამაზე მსჯელობა ამერიკელმა გეოლოგმა, კრისტოფერ სკოტეზემ, 1982 წელს დაიწყო. მან ხმელეთის ამ ჰიპოთეზურ მასას ჯერ პროქსიმა ულტიმა უწოდა, ანუ "საბოლოო პანგეა", თუმცა შემდეგ პანგეა პროქსიმაზე შეჯერდა, რაც "მომდევნო პანგეას" ნიშნავს.

სკოტეზემ ივარაუდა, რომ ატლანტის ოკეანის ფსკერზე მიმდინარე სუბდუქციური პროცესები ამერიკის კონტინენტებს აფრიკასა და ევრაზიასთან შეაერთებს, ცენტრში მომცრო ოკეანური აუზით. ხმელეთის ერთ ნაწილად იქცევა ავსტრალია და ანტარქტიდაც და ის სუპერკონტინენტის სამხრეთით განლაგდება.

თეორიების უდიდესი ნაწილი მიანიშნებს, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამის მიუხედავად, გამორიცხული არაა, რომ ყველაფერი განსხვავებულად წარიმართოს. მაგალითად, ერთ-ერთი სცენარის თანახმად, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტი ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო 200-250 მილიონი წლის შემდეგ მოიყრის თავს და სუპერკონტინენტ ამაზიას წარმოქმნის.

ამაზია.

ფოტო: Speculative Evolution Wiki

ალტერნატიული ჰიპოთეზის მიხედვით, იმავე პერიოდში კონტინენტები ეკვატორის მიმდებარედ შეერთდება და სუპერკონტინენტ აურიკას მივიღებთ.

აურიკა.

ფოტო: Hannah Davies

აქედან რომელი სცენარი აცხადდება, ზუსტად არ ვიცით, რადგან მილიონობით წლის შემდგომი სურათის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პლანეტისთვისა და მისი კლიმატისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტე ქნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.