მკვლელი ვეშაპები ადამიანებს საკვებს სთავაზობენ — რასთან გვაქვს საქმე?

ფოტო: Shutterstock
კალიფორნიიდან ახალ ზელანდიამდე 34 დოკუმენტირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ მკვლელი ვეშაპები ადამიანებს თევზებს, სკაროსებსა და კალმარებს შუა ზღვაში, ნავებსა და ხმელეთზე სთავაზობენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ქცევა, რომელიც ჩვეულებრივად ვეშაპებს შორის კავშირის დამყარების აქტად აღიქმება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შესაძლოა, ადამიანებთან დაკავშირების მზაობაზე მიუთითებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ვეშაპებმა უარის მიღების შემდეგაც კი რამდენჯერმე სცადეს შეთავაზების გამეორება, თითქოს ადამიანებისგან პასუხს ელოდნენ.
რა დგას ამ იდუმალი "კეთილშობილების" მიღმა? მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება კულტურული ფაქტორების შემცველი ელემენტი ან გაცილებით უფრო ღრმა შინაარსის მქონე ქცევის ნიშანი იყოს.
ვეშაპების მიერ ადამიანებისთვის საკვების მიცემის გლობალური შემთხვევები
20 წლის განმავლობაში კანადელმა, ზელანდიელმა და მექსიკელმა მეცნიერებმა 34 გასაკვირი შემთხვევა დააფიქსირეს, როდესაც ველური ვეშაპები ადამიანებს საკვებს სთავაზობდნენ. ეს უცნაური ქმედება მთელ მსოფლიოში მოხდა — კალიფორნიისა და ახალი ზელანდიის წყლებიდან ნორვეგიასა და პატაგონიამდე.
"მკვლელი ვეშაპები ხშირად იზიარებენ საკვებს ერთმანეთთან — ეს არის პროსოციალური აქტივობა და გზა, რომლითაც ისინი ერთმანეთთან კავშირებს ამყარებენ. ფაქტი, რომ ისინი ასევე იზიარებენ საკვებს ადამიანებთან, შეიძლება მიუთითებდეს მათ ინტერესზე, რომ ჩვენთანაც დაამყარონ ურთიერთობა", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა ჯარედ თაუერსმა, Bay Cetology-დან.
ამ საკითხთან დაკავშირებული კვლევა Journal of Comparative Psychology-ში გამოქვეყნდა და მან პირველადი დაკვირვებები შეაჯამა.
მკვლევრებმა ყურადღებით გააანალიზეს თითოეული შემთხვევა, იყო ეს საკუთარი გამოცდილებიდან თუ სხვების ანგარიშებიდან. 11 შემთხვევაში ადამიანები წყალში იმყოფებოდნენ ხოლო 21 შემთხვევაში ნავებში. დანარჩენ 2 შემთხვევაში ადამიანები უბრალოდ ნაპირზე იდგნენ. ამ მომენტებიდან ზოგიერთი ფოტოებსა და ვიდეოებშია აღბეჭდილი, ზოგი კი დეტალური ინტერვიუების საშუალებით გავრცელდა.
ადამიანებსა და ვეშაპებს შორის საკვების გაზიარების ორი ათწლეულის ანალიზი
ანალიზში ჩასართავად, ინციდენტები მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: თითოეულ შემთხვევაში, ვეშაპები დამოუკიდებლად უნდა მიახლოებოდნენ ადამიანებს და ნივთი მათ წინ უნდა დაეგდოთ. ერთის გარდა, ყველა შემთხვევაში, ვეშაპები ელოდნენ, თუ რა მოხდებოდა "შესაწირავის გაკეთების" შემდეგ და შვიდ შემთხვევაში, მათ არაერთხელ სცადეს საკვების შეთავაზება მას შემდეგ, რაც ადამიანებმა თავდაპირველად უარი თქვეს მასზე.
შინაური ცხოველები, როგორიცაა ძაღლები და კატები, ზოგჯერ ადამიანებს საკვებს სთავაზობენ, თუმცა ეს კვლევა არაშინაურ ცხოველებში მსგავსი ქცევის ერთ-ერთი პირველი დეტალური აღწერაა. მკვლევრების აზრით, ამ ქცევაში ძალიან გასაკვირი არაფერია, რადგან ვეშაპები ინტელექტუალური და სოციალური ცხოველები არიან, რომლებიც საკვების გაზიარებას ნათესავებთან და არანათესავ ცოცხალ ორგანიზმებთან ურთიერთობების დასამყარებლად იყენებენ. ისინი ასევე ხშირად ძალიან დიდ მსხვერპლზე ნადირობენ და ამიტომ ზოგჯერ გასაყოფად საკმარისი საკვებიც აქვთ.
კომენტარები