ასტრონომებმა ახალი პლანეტარული სისტემის დაბადება პირველად გადაიღეს

ფოტო: ALMA(ESO/NAOJ/NRAO)/M. McClure et al.
ისტორიაში პირველად, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა პლანეტების ფორმირების დაწყების მომენტი დააფიქსირა. ეს მათ ALMA-სა და ჯეიმს ვების ტელესკოპების დახმარებით შეძლეს.
ობსერვატორიებით ცხელი მინერალების გაქვავების პროცესი აღბეჭდეს. ციური სხეულები სწორედ მათი შეერთებით წარმოიქმნება, ანუ ეს პლანეტარული სისტემის დაბადების ძალიან ადრეული ფაზაა, რომელსაც ასტრონომები აქამდე პირდაპირ არ დაჰკვირვებიან. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე მილიარდი წლის წინ მზის სისტემაც ასე გამოიყურებოდა, ამიტომ ახალი მიგნება ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს ისტორიის უკეთ შესწავლაშიც შეიძლება დაგვეხმაროს.
ახალგაზრდა ვარსკვლავი HOPS-315 ჩვენგან 1300 სინათლის წლითაა დაშორებული. მსგავსი ობიექტების გარშემო მტვრისა და აირის დისკოებია, რომლებშიც პლანეტები იბადება. დღემდე აღნიშნული პროცესის მხოლოდ შედარებით გვიანდელი სტადიები გვქონდა ნანახი, ახლა კი ჩვენ წინაშე ნამდვილი დასაწყისია.
ამ დროს სილიციუმის მონოქსიდის შემცველი კრისტალური მინერალები ძალიან მაღალ ტემპერატურაზე კონდენსირება და ერთიანდება, რის შედეგადაც პლანეტების ბაზისური მასა იქმნება. HOPS-315-ის დისკოში სწორედ ამ პროცესის კვალი აღმოაჩინეს. სილიციუმის მონოქსიდი აირის ფორმით დაფიქსირდა, ანუ იქ არსებული მინერალები გამყარებას ახლა იწყებს.
მინერალები თავდაპირველად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით შენიშნეს, შემდეგ კი სისტემისკენ ALMA მიმართეს. საერთო მონაცემებით დაადგინეს, რომ ქიმიური სიგნალები დისკოს იმ რეგიონიდან მოდიოდა, რომელიც მზის გარშემო ასტეროიდთა სარტყლის ორბიტის დისტანციას უტოლდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სისტემაშიც ასეთი ადრეული ფორმირებიდან შემორჩენილი ასტეროიდები სწორედ მსგავს არეალშია თავმოყრილი.
ეს პლანეტებისა და სისტემების წარმოქმნის უკეთ შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები