ტვინზე უამრავი რამ არ ვიცით, მაგრამ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მაინც ვერ ვიტყვით, რომ მათემატიკური უნარები სქესთან რაიმე კავშირშია. ამის მიუხედავად, უამრავი ადამიანი დღემდე მიიჩნევს, რომ "მათემატიკა ბიჭების საქმეა"; ჰგონიათ ისიც, რომ კაცები საბუნებისმეტყველო საგნებისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე ქალები.

ამ სტერეოტიპულ შეხედულებას საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს. სტატისტიკურად, მსოფლიოში ბევრად მეტი კაცი ინჟინერი და სამეცნიერო მკვლევარია, ვიდრე ქალი. აგრეთვე, საბუნებისმეტყველო მიმართულებით სადოქტორო პროგრამებზე უფრო მეტი კაცია. რამდენიმე კვლევის მიხედვით, სკოლაშიც კი მათემატიკასა და სამეცნიერო საგნებში ბიჭები გოგოებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.

აღნიშნული საკითხით მრავალი მკვლევარი დაინტერესდა. ისინი ამ აშკარა სხვაობის მიზეზის დადგენას ცდილობენ — იქნებ მართალია და ბიჭები მათემატიკაში ბუნებრივად გოგებზე უკეთესები არიან?

ფოტო: Getty Images

ბევრი მეცნიერისთვის ეს შეფასება კატეგორიულად მიუღებელია. მათ მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა უმაგრებთ ზურგს.

"ქალებსა და კაცებს შორის მეცნიერებისა და მათემატიკისადმი თანდაყოლილი ნიჭის მხრივ არანაირი ზოგადი განსხვავება არ არსებობს", — განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ელიზაბეთ სპელკემ.

ამ საკითხზე ელიზაბეთ სპელკეს პოზიცია ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა. ახლახან მან ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელშიც 2.5 მილიონზე მეტი სკოლის მოსწავლის მათემატიკური უნარები გაანალიზეს. კვლევა სპელკეს მოსაზრებას კიდევ ერთხელ ადასტურებს, მაგრამ ჩნდება კითხვა: თუკი მისი დასკვნა სიმართლეა, მაშინ რა იწვევს ზემოთ აღნიშნულ მასშტაბურ განსხვავებებს რეალურად?

საინტერესოა, რომ მცირე ასაკში გოგოებსა და ბიჭებს შორის მათემატიკური კუთხით თითქმის არანაირი განსხვავება არ შეინიშნება. მეორე მხრივ, როგორც კი ბავშვები მოზარდობის ასაკს მიაღწევენ, საბუნებისმეტყველო საგნებში სქესის მიხედვით სხვაობა მაშინვე იკვეთება. ეს სხვაობა დაახლოებით 10-11 წლიდან ჩნდება და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

ლოგიკურად, სტატისტიკურ მონაცემებში არსებული კონტრასტი სწორედ მოზარდობის პერიოდში უნდა ვეძიოთ. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება, მაგრამ პროფესორ სპელკესა და მისი კოლეგების კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს. მათი თქმით, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ბიჭების მიდრეკილება არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი თვისებაა.

სპელკემ და მისმა გუნდმა საფრანგეთში 2 653 082 მოსწავლის მონაცემები შეისწავლეს. ბავშვები პირველ და მეორე კლასში სწავლობდნენ. მკვლევრების თქმით, სკოლის დაწყებისას მათემატიკაში ბავშვების შეფასება თითქმის ერთნაირი იყო, მაგრამ უკვე ოთხ თვეში ბიჭების შედეგები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ტენდენცია ყოველწლიურად მეორდებოდა; სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ან სკოლის ტიპის მხრივ თითქმის არანაირი განსხვავება არ შეინიშნებოდა.

"სკოლაში შესვლისას ბიჭებსა და გოგოებს მათემატიკაში ძალიან მსგავსი შედეგები ჰქონდათ, მაგრამ სულ რაღაც ოთხ თვეში ბიჭების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი გენდერული სხვაობა გამოიკვეთა", — აღნიშნულია კვლევაში.

ფოტო: ESB Professional/Shutterstock

კვლევამ აჩვენა, რომ სხვაობა არა ასაკის, არამედ სკოლაში გატარებული დროის მიხედვით იცვლება. მაგალითად, უფრო მცირე გენდერული სხვაობა დაფიქსირდა იმ ბავშვებში, რომლებმაც 2019 წელს დაიწყეს სწავლა და კოვიდპანდემიის გამო სკოლაში წლის ბოლო ორი თვე არ დადიოდნენ. გამოდის, სკოლა მათემატიკას გენდერული კუთხით მიკერძოებულად ასწავლის?

როცა საფრანგეთში ამ გენდერული სხვაობის მიზეზად საგანმანათლებლო სისტემა დასახელდა, საბავშვო ბაღებში მათემატიკის უფრო სტრუქტურირებული სწავლება დაიწყეს. კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, ამან მათემატიკის კუთხით გენდერული სხვაობა უკვე საბავშვო ბაღებშიც კი გააჩინა.

"თუ მართლაც არსებობს ფართოდ გავრცელებული სოციალური მიკერძოება, მაშინ მშობლებიც მისი გავლენის ქვეშ უნდა იყვნენ. შესაბამისად, ბიჭები მათემატიკურ მიდრეკილებას სკოლაში მისვლისას უკვე უნდა ავლენდნენ. როგორც აღვნიშნეთ, სკოლის დაწყებისას გოგოებისა და ბიჭების შედეგები თითქმის ერთნაირია და განსხვავება ოდნავ მოგვიანებით ჩნდება", — ამბობს სპელკე.

შესაძლოა, მათემატიკისადმი ინტერესის ნაკლებობა სწავლების მეთოდს უკავშირდებოდეს. ჰუმანიტარული საგნებისგან განსხვავებით, მათემატიკაში ესეების, დისკუსიებისა და დაწყებით საფეხურზე კვლევითი პროექტების საჭიროება ნაკლებადაა.

ეს მიდგომა გარკვეულწილად გასაგებიცაა. მათემატიკა ყოველთვის ასე ისწავლებოდა, მაგრამ მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ შეიძლება გოგოებს სწორედ ამ ფაქტორის გამო არ სურთ მათემატიკის სწავლა.

"კონკურენცია გოგოებსა და ბიჭებზე განსხვავებულად მოქმედებს. ესპანეთში მათემატიკის ორეტაპიანი სასკოლო ოლიმპიადის მიმდინარეობისას კვლევა ჩატარდა. მისი ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონკურენტულ გარემოში გოგოები და ბიჭები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებენ", — აცხადებს ბასკეთის უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი მარტა მაჩო-სტადლერი.

საზოგადოებაში და განსაკუთრებით დასავლურ ცივილიზაციაში გავრცელებულია შეხედულება, რომ მათემატიკაში ან გენიოსი ხარ, ან არაფერი. ბევრი ადამიანის აზრით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რაიმე წარმატების მისაღწევად თანდაყოლილი ნიჭი და უნარია საჭირო.

სინამდვილეში მათემატიკა ისევე მოითხოვს ძალისხმევას, როგორც პიანინოზე დაკვრა ან ხატვა, მაგრამ საზოგადოება გვეუბნება, რომ მათემატიკაში წარმატებისთვის გენიალურობაა საჭირო. გარდა ამისა, საზოგადოების დიდი ნაწილი სტატისტიკურ მონაცემებს ბოროტად იყენებს და სამეცნიერო საგნების მხრივ გენდერულ სხვაობას იმით ხსნის, ვითომ კაცების ტვინი უფრო მეტადაა მათემატიკისადმი მიდრეკილი.

მაშინ, თუ გოგოებსაც ბიჭებივით შეუძლიათ მათემატიკაში წარმატების მიღწევა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მომავალ მათემატიკოსთა ნახევარი ხელოვნურად არ იზღუდებოდეს? ეს მომავალ საგანმანათლებლო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული, მანამდე კი შეგვიძლია, კულტურულ და საზოგადოებრივ მიკერძოებებს ვებრძოლოთ.

ფოტო: asuprepdigital.org

პარიზის უნივერსიტეტის მკვლევარი პაულინ მარტინო გვირჩევს, რომ მშობლებმა და აღმზრდელებმა 0-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს (როგორც ბიჭებს, ისე გოგოებს) ერთნაირად ასწავლონ ნუმერაცია და მათემატიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. მასწავლებლები ბავშვებს მათემატიკის შიშის გადალახვაში უნდა დაეხმარონ და სწავლების ფორმალური მეთოდები უნდა დახვეწონ. მნიშვნელოვანია, რომ შედეგებზე მეტად თავად მუშაობის პროცესს მიექცეს ყურადღება და მეცნიერებაში ქალი როლური მოდელები მეტად წამოვწიოთ წინ.

მარტინო ასევე ამბობს, რომ მშობლებმა ცნობისმოყვარეობა და ლოგიკური აზროვნება გოგოებშიც და ბიჭებშიც ერთნაირად უნდა წაახალისონ, მოერიდონ სტერეოტიპულ ფრაზებს, ითამაშონ ინტელექტუალური თამაშები და სკოლის წლებში გოგოებს მათემატიკის შიშის შემცირებაში დაეხმარონ. მისი აზრით, უნდა გავაძლიეროთ ის მიდგომა, რომ ინტელექტი შრომით ყალიბდება და არა რაიმე ზებუნებრივი ძალით.

ამ გზით უამრავ პოტენციურ მკვლევარსა და მეცნიერს წინსვლისთვის უსაფრთხო გარემოს შევუქმნით.

ელიზაბეთ სპელკესა და მისი კოლეგების კვლევა ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.