მოდი, სტატისტიკას გავეცნოთ. 2024 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზვიგენის მიერ ადამიანზე თავდასხმის 88 შემთხვევა დადასტურდა. ამ 88 თავდასხმიდან 47 "არაპროვოცირებული" იყო — მსხვერპლს ზვიგენის გამოწვევა არ უცდია. ამ 47 შემთხვევიდან ფატალური მხოლოდ 4 აღმოჩნდა.

ფლორიდის ეროვნული ისტორიის მუზეუმის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ადამიანზე ზვიგენის თავდასხმის წლიური საშუალო მაჩვენებელია 67, რომელთაგან ფატალურად მხოლოდ 6 შემთხვევა დასრულდა.

უფრო მეტიც: 1959 წლიდან 2010 წლამდე აშშ-ის სანაპიროზე მეხის დაცემის შედეგად სიკვდილის ალბათობა 75-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ზვიგენის თავდასხმისგან. 1900-იდან 2009 წლამდე კანადასა და აშშ-ში დათვის თავდასხმისგან 5-ჯერ მეტი ადამიანი კვდებოდა, ვიდრე ზვიგენისგან. 2009-იდან 2018 წლებში ძაღლის ნაკბენითაც 5-ჯერ მეტი ადამიანი მომკვდარა, ვიდრე ზვიგენის თავდასხმისგან.

"წლის განმავლობაში, საშუალოდ, ყვავილის ქოთნის თავში დაცემა უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ზვიგენის თავდასხმა", — განმარტა ბიოლოგმა დევიდ შიფმენმა IFLScience-სთან საუბრისას — "სელფის გადაღებისას კლდიდან გადავარდნაც კი უფრო მეტ ადამიანს კლავს".

ვერ ვიტყვით, რომ ზვიგენებს ადამიანის მოკვლის შანსი იშვიათად აქვთ ხოლმე. პირიქით, ზღვის ნაპირზე ზაფხულობით ყოველთვის ბევრი ზვიგენია. მაგალითად, თუ ოდესმე აშშ-ის რომელიმე სანაპიროზე სერფინგით დაკავებულხართ, თითქმის 100%-ითაა გარანტირებული, რომ თქვენთან ძალიან ახლოს ზვიგენები ყოფილან, მაგრამ თქვენ არ შეგიმჩნევიათ.

როგორც ხედავთ, ზვიგენებს ადამიანებზე თავდასხმის სურვილი ძალიან იშვიათად თუ აქვთ. მიუხედავად ამისა, თუ მწვავე გალეოფობია (ზვიგენების შიში) გაქვთ, არსებობს გარკვეული ზომები, რომელთა მიღებაც ზვიგენის თავდასხმის რისკს კიდევ უფრო შეამცირებს. მაგალითად, წყალში მარტო შესვლას და ჭრელი საცურაო კოსტიუმის ჩაცმას მოერიდეთ — ასე შეიძლება ზვიგენს თევზი ეგონოთ და თავს დაგესხათ. ასევე, ქარიშხლიან ან ჭუჭყიან წყალშიც ნუ შეხვალთ — ამ დროს ზვიგენები უფრო ცუდად ხედავენ.

ზღვაში ნურც გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეხვალთ: ზვიგენები სწორედ ამ დროს გამოდიან სანადიროდ. იმ წყლებსაც მოერიდეთ, სადაც ბევრი თევზი გვხვდება. არც იმ მითს ენდოთ, რომ სადაც დელფინებია, იქ ზვიგენები არ გაჩერდებიან — ეს უბრალოდ სიცრუეა.

თავისთავად, საქართველოში ზვიგენთა სიცოცხლისთვის საშიში სახეობები არ გვხვდება. ეს რჩევები მხოლოდ უცხოეთის სანაპიროზე ცურვისას გამოგადგებათ და თანაც იმ შემთხვევაში, თუ ზვიგენების პანიკური და არარაციონალური შიში გაქვთ — როგორც აღვნიშნეთ, უსაფრთხოების ამ ზომების გაუთვალისწინებლადაც კი ზვიგენის თავდასხმის ალბათობა უკიდურესად დაბალია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.