მიმდინარე თვის დასაწყისში მედიაში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ სოტბის აუქციონზე მარსული წარმომავლობის უდიდესი მეტეორიტი უნდა გაყიდულიყო. ამ გადაწყვეტილებას მკვლევართა ერთი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა — მათ ის საკოლექციო ნიმუშად არ მიაჩნიათ, არამედ სამეცნიერო ღირებულებით აფასებენ.

ასეა თუ ისე, აუქციონი შედგა და ქვაც გაიყიდა. მისმა მფლობელმა ანონიმურად დარჩენა არჩია, ამიტომ ვინაობა ცნობილი არაა. მსურველებს ფასის შეთავაზება 16 ივლისის 18:00 საათიდან შეეძლოთ, რაც 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

საბოლოოდ, მეტეორიტში იმაზე ძვირი გადაიხადეს, ვიდრე ნავარაუდები იყო. კერძოდ, სოტბის ფასის თავდაპირველ დიაპაზონად 2-დან 4 მილიონ დოლარამდე თანხა ჰქონდა მითითებული, მაგრამ აუქციონის გამარჯვებულმა 5.296 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ფოტო: Eduardo Muñoz/Reuters

ეს მეტეორიტი NWA-16788-ის სახელითაა ცნობილი და ის 2023 წლის ნოემბერში ნიგერის აგადესის რეგიონში აღმოაჩინეს. შანხაის ასტრონომიულმა მუზეუმმა იქ გაგზავნილი მცირე ნატეხის გამოკვლევით მისი მარსული წარმომავლობა დაადასტურა. ქვამ ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები მეტწილად შეინარჩუნა, რაც მიანიშნებს, რომ იგი ხმელეთზე ახლო წარსულში ჩამოვარდა.

NWA-16788-ში მინის მსგავსი მინერალის, მასკელინიტის, მაღალი შემცველობაა და რამდენიმე ადგილი შეჯახების შედეგად დამდნარიცაა. აქედან ასკვნიან, რომ ის მარსიდან მაშინ გამოიტყორცნა, როცა ამ პლანეტას ასტეროიდი შეეჯახა.

ქვა 24.67 კილოგრამს იწონის, რითაც წინა რეკორდის მფლობელ Taoudenni 002-ს ახლოებით 70%-ით აღემატება. მეტეორიტი მარსის მაგმის ნელი გაციების შედეგად წარმოიქმნა; მას მტკიცე, უსწორმასწორო სტრუქტურა აქვს და სხვა მინერალებსაც შეიცავს, როგორიც ოლივინი და პიროქსენია.

რა ბედი ეწევა NWA-16788-ს, უცნობია. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მისმა მფლობელმა, შესაძლოა, სამეცნიერო კვლევებს სულაც არ შეუშალოს ხელი და სპეციალისტებთან ითანამშრომლოს კიდეც. იქნება თუ არა ასე, მომავალი გვიჩვენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.