პალეონტოლოგებმა Temnodontosaurus-ის გვარში შემავალი გიგანტური იქთიოზავრის ნამარხში დღემდე შემორჩენილ რბილ ქსოვილებს მიაგნეს, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა რევოლუციურია და ამ პრეისტორიული არსებების შესახებ მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს.

"გამოვლინდა ისეთი გასაოცარი დეტალები, რომლებიც აქამდე არავის უნახავს: არამხოლოდ კანი, არამედ ზოლები, ფრთის მსგავსი ფორმა და წაწვეტებული სტრუქტურები, რომელთაც ქონდროდერმები ვუწოდეთ", — აცხადებს კვლევის თანაავტორი, დინ ლომაქსი.

183 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი.

ფოტო: Randolph G. De La Garza, Martin Jarenmark, Johan Lindgren

ნამარხი 1-მეტრიანი წინა ფარფლის სახითაა წარმოდგენილი, რომელიც 183 მილიონი წლის წინ მცხოვრებ იქთიოზავრს ეკუთვნის. მისი კიდე დაკბილული ფორმისაა და ხრტილოვანი წარმონაქმნებითაა გამაგრებული. სწორედ მათ მოიხსენიებენ ქონდროდერმებად. ავტორები ამბობენ, რომ ასეთი რამ აქამდე არც გადაშენებულ და არც ცოცხალ სახეობებში არ იყო დაფიქსირებული.

მიიჩნევა, რომ ქონდროდერმებს ჰიდროაკუსტიკური ფუნქცია ჰქონდა, რითაც ამ მტაცებლების ჩუმად ცურვას უწყობდა ხელს. შედეგად ისინი მსხვერპლს შეუმჩნევლად უახლოვდებოდნენ და ჭამდნენ.

იქთიოზავრის ქონდროდერმები.

ფოტო: Randolph G. De La Garza, Martin Jarenmark, Johan Lindgren

შესაძლოა, ამ სტრუქტურების გამოკვლევა იქთიოზავრების წარმომავლობის უკეთ გაგებაშიც დაგვეხმაროს. საქმე ისაა, რომ მათი ევოლუციური წარსულის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს. თუკი ამგვარ მახასიათებელს სხვა ორგანიზმშიც აღმოვაჩენთ, გავარკვევთ, როდის და რომელ სახეობაში შეიძლება ჩამოყალიბებულიყო ის პირველად.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.