80 წლის წინ ატომური ბომბის გამოცდისას დაზარალებულ ამერიკელებს კომპენსაცია გადაეცემათ
ფოტო: Wikimedia Commons
1945 წელს ნიუ-მექსიკოს შტატში, ხორნადა-დელ-მუერტოს უდაბნოს ტერიტორიაზე ატომური ბომბის ტესტირება ჩატარდა. ამ ადგილის მახლობლად სამოქალაქო მოსახლეობა ცხოვრობდა, რომლებიც იარაღის გამოყენების შემდეგ გავრცელებული რადიაციის გამო დაზარალდნენ. აფეთქებიდან რამდენიმე კვირაში რადიოაქტიურმა მტვერმა სახურავები, ნათესები და გზები დაფარა, რამაც საბოლოოდ ახლოს მცხოვრებ მოსახლეობაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გააჩინა.
1945 წლის 16 ივლისს მანჰეტენის პროექტის განხორციელების ადგილას მცხოვრები მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა, მაგრამ შესაბამისი კომპენსაცია დღემდე არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ იარაღის გამოსაცდელი ადგილის სიახლოვეს მყოფი ადამიანები არც კი გაუფრთხილებიათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
ახლა, ბირთვული ტესტირებიდან ოთხმოცი წლის შემდეგ, დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 100 ათასი დოლარის მიღება შეუძლიათ. რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ საგადასახადო კანონპროექტში შეტანილი ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, მათ, ვინც ატომური იარაღის გამოცდის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები განუვითარდათ, ზარალი აუნაზღაურდებათ.
ეს საკანონმდებლო აქტი პირველად 1990 წელს რადიაციული ზემოქმედების კომპენსაციის შესახებ კანონის (RECA) სახელით გამოჩნდა. თავდაპირველად, იგი ნიუ-მექსიკოში მანჰეტენის პროექტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ახალი ცვლილება კომპენსაციის მიღების უფლებას მათაც აძლევს. ეს კანონი როგორც ტესტირების მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას, ისე ბირთვული იარაღისთვის საჭირო ურანის მომპოვებელ მაღაროელებსაც მოიცავს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1945 წლიდან 1962 წლამდე ორასამდე ატმოსფერული ბირთვული ტესტირება ჩაატარა. ამ პროცესისთვის ურანის მოპოვება და დამუშავება უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, რის გამოც ათიათასობით მაღაროელი და მუშაც დაზიანდა.
ამ ოპერაციების დასრულების შემდეგ, სასამართლოში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალი სარჩელი შევიდა, მაგრამ ყველა ეს სარჩელი უარყვეს. საპასუხოდ, კონგრესმა ბირთვული გამოცდებისა და ურანის ინდუსტრიაში მუშაობის შედეგად სერიოზულად დაავადებული ადამიანებისთვის კომპენსაციის პროგრამა შეიმუშავა.
3 ივლისს კონგრესმა რადიაციული ზემოქმედების კომპენსაციის შესახებ კანონის ფარგლებში განცხადებების მიღების უფლება გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები კომპენსაციის მიღების პირობებსაც აფართოებს.
ტრამპმა კანონპროექტს მანჰეტენის პროექტის კულმინაციის 80 წლის იუბილემდე ზუსტად 12 დღით ადრე მოაწერა ხელი. რობერტ ოპენჰაიმერმა და მისმა გუნდმა ატომური იარაღი ზუსტად 1945 წლის 16 ივლისს, დილის 5:29 საათზე გამოცადა.


კომენტარები