ინტერვიუ: ქართველი მუსიკოსი საავტორო სიმღერებთან ერთად Archive-სა და ელვის პრესლის მღერის
ლუკა მამნიაშვილი 25 წლის ქართველი მომღერალია, რომელიც საავტორო სიმღერებთან ერთად ქავერებსაც მღერის. მის რეპერტუარში ისეთი მუსიკოსებისა და ჯგუფების სიმღერებს აღმოაჩენთ, როგორიცაა Archive, ელვის პრესლი, გლენ ჰანსარდი და სხვა.
ლუკა On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ დიდი ხანი არაა, რაც ქავერებს მღერის. მუსიკოსი მხოლოდ იმ სიმღერებს ირჩევს, რომლებიც მისი დაწერილი რომ ყოფილიყო, ძალიან ბედნიერი იქნებოდა.
ლუკას მუსიკალური განათლება არ აქვს, თუმცა მისი სიმღერების მოსმენისას მიხვდებით, რომ ამ სფეროში მთავარი სწორედ ამ საქმის სიყვარულია.
როდის დაიწყე მუსიკალური საქმიანობა?
აქტიური მუსიკალური კარიერა დავიწყე 2014 წელს, როცა ჩამოყალიბდა ჯგუფი The Black Marrows და მეც შევუერთდი ამ ჯგუფს, როგორც ვოკალისტი. დღეს გარკვეული მიზეზების გამო ამ ჯგუფში აღარ ვარ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. მანამდეც იყო ბენდების ჩამოყალიბების მცდელობები, მაგრამ სერიოზული არაფერი.
მარტო წერდი მუსიკას და ტექსტს?
პროექტში The Checkered მარტო ვწერდი ტექსტსაც და მუსიკასაც. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტიც წარსულს ჩაბარდა. საავტორო სიმღერებზე მუშაობას ისევ ვაპირებ, მაგრამ არა ამ პროექტით.
რა სიხშირით ატარებ კონცერტებს?
ამ ეტაპზე კონცერტები თითქმის აღარ მაქვს. უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს სიმღერების სახლში ჩაწერით. ისე, სულ ახლო წარსულში სოლო პროექტით კონცერტებს ვატარებდი ძირითადად ბარებში, ვიყავი რამდენიმე პატარა ფესტივალზეც. რაც შეეხება ჯგუფში დაკვრას, ამან უდიდესი გამოცდილება მომცა, 3-ჯერ დავუკარი Tbilisi Open Air ფესტივალზე ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორიც არის Archive. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ჯგუფია და ძალიანაც რომ ვეცადო, ვერაფრით გადმოგცემთ იმას, რასაც ვგრძნობდი იმ სცენაზე დაკვრისას, რომელზეც ჩემს მერე Archive გამოვიდა. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს არა ერთხელ, არამედ ორჯერ მოხდა. ამ ეტაპზე, როგორც ზევით აღვნიშნე უფრო სახლში მუშაობაზე ვარ გადართული. ვმუშაობ full time და ვცდილობ თავისუფალი დრო მუსიკას დავუთმო. ძალიან ორგანულად ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და საერთოდ არ ვნერვიულობ იმაზე რა იქნება ხვალ, გამოვა, თუ არ გამოვა რამე. ასე მგონია, იმის სტაბილური კეთება დავიწყე, რისი კეთებაც დიდი ხანია მინდოდა. მგონია, რომ გულწრფელად თუ აკეთებ იმას, რაც გიყვარს, არ არის აუცილებელი კონკრეტული გეგმები და პროექტები გქონდეს.
რატომ გადაწყვიტე ქავერების ჩაწერა?
მე თვითონ ძალიან მიყვარს ჩემი საყვარელი ჯგუფების სიმღერების დაკვრა, ვცდილობ კარგად მოვირგო სიმღერა და უფრო ჩემებური ვარიანტი გავაკეთო, და ხალხიც მეტ-ნაკლებად ცნობილ სიმღერებს უფრო აღიქვამს. თან ისეთ სიმღერებს ვარჩევ რომლებიც ისე მიყვარს, რომ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი დაწერილები რომ ყოფილიყო.
რა ფორმით აპირებ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას და როგორია შენი სამომავლო გეგმები?
ბენდის ჩამოყალიბებას არ ვაპირებ, ერთ მიზეზი ის არის, რომ მინდა მქონდეს ინდივიდუალური, ერთ კაციანი პროექტი, რადგან ამ პროექტის მთავარი ინსპირაციები სწორედ სოლო შემსრულებლები არიან: Damien Rice, Iron and Wine, Jose Gonzalez. მეორე მიზეზი არის ის, რომ ეს მუსიკა ზედმეტად პირადულია და ვერ წარმომიდგენია ვინმესთან ერთად ამის გაკეთება, ნუ შესაძლოა დროებითი კოლაბორაციები, მაგრამ არა მგონია ადვილი იყოს მუდმივი ბენდის წევრის პოვნა, რომელიც ამ მუსიკას ჩემს მსგავსად გაიგებს. ამ ეტაპზე ქოვერებს ვიყენებ, იმ მიზნით, რომ მეტ მსმენელამდე მივიდე, გარკვეული დროის შემდეგ კი აუცილებლად გავაგრძელებ საავტორო სიმღერებზე მუშაობას.
ვინ იყო შენი ინსპირაციის წყარო?
რამდენიმე მათქანი ზემოთ უკვე აღვნიშნეთ: Damien Rice, Jose Gonzalez, Iron and Wine, Archive. ამ სიას შეიძლება დავუმატო რამდენიმე ცნობილი ჯგუფი: Unkle, The Verve, Radiohead. ისე კი, სიის გარეშე ძალიან ბევრი მუსიკოსია, ვისგანაც რაღაც შეიძლება დადებითი მუხტი მიიღო.
კომენტარები