საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მცხეთაში ოთხი პირი მძევლის აყვანის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულების დასაკავებლად სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისში, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ [პირს] თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხ შეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და განთავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს 7 ათასი ლარი მოსთხოვეს", - აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ პირის მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ ვინმეს რაიმე ქმედება აიძულონ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე.