რუბრიკის "როცა გჯერა" ფარგლებში ამჯერად ქეთევან წიკლაურზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც თიბისიში DevOps ლიდერია. მოკლედ რომ გითხრათ, ტექნოლოგიები მისთვის უბრალოდ კოდი ან სისტემები არასდროს ყოფილა და ყველაზე კმაყოფილიც მაშინაა, როცა თავისი საქმით გუნდებს, საბოლოო ჯამში კი, თიბისის სერვისით მოსარგებლეებს ეხმარება.

ქეთევანი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ამ სპეციალობით მისი პირველი სამსახური ბანკ კონსტანტაში IT მხარდაჭერა იყო. ტექნოლოგიებში მომუშავე ბევრი სხვა ქალისგან განსხვავებით, სტერეოტიპული განწყობა ამ სფეროს წარმომადგენლებისგან არასოდეს უგრძვნია; დღეს კი, უკვე თავად ცდილობს ახალგაზრდების მხარდაჭერას.

თავის საქმიანობასა და კარიერულ გზაზე ქეთევანი თავადვე მოგვიყვება. ბოლოს კი, ახალი თაობის წარმომადგენლებს რჩევებსაც მისცემს საკუთარი პერსპექტივიდან:

ქეთევანი, DevOps და თიბისი

ჩემთვის ყველაზე ღირებულია და კმაყოფილებას ყველაზე მეტად ის მანიჭებს, როცა კულტურულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას ვხედავ. DevOps-ის ამოცანა მხოლოდ ხელსაწყოები არ არის. გუნდებს შორის ბარიერები უნდა მოვხსნათ და ფოკუსი საერთო მიზანზე გავასწოროთ. ეს საერთო მიზანი კი, ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილებაა.

DevOps ძალიან პოპულარული სფეროა და სამომავლოდაც საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული და ბაზარზე DevOps ინჟინრების მოთხოვნა იზრდება. AI-სთან კოლაბორაციით უკვე ძალიან აჩქარდა სხვადასხვა პროცესი და ახლო მომავალში კიდევ მეტი პროცესი იქნება ავტომატიზებული. ამიტომ, კიდევ უფრო ნაკლები დრო დასჭირდება იმას, რომ მომხმარებლებამდე პროდუქტები სწრაფად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ მივიდეს.

თიბისის გუნდის წევრობას რაც შეეხება, ჩემთან ძალიან ახლოს არის ჩვენი კორპორაციული კულტურა. შემიძლია საკუთარი წვლილი შევიტანო იმაში, რომ მომხმარებლებამდე მათთვის საჭირო, მათზე მორგებული პროდუქტები მივიტანოთ, ამ საქმეში კი, ყველაზე მეტად მხიბლავს ტემპი, რომელიც ჩვენთან არასდროს ვარდება. ტექნოლოგიურ ბაზარზე შემოსულ სიახლეებს ყოველთვის ფეხს ვუწყობთ და ვვითარდებით.

რა დგას სწრაფი და უსაფრთხო ციფრული სერვისების უკან

თავიდან, თიბისიში ქეთევანი ტექნიკური საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა ბანკში დასაქმებულებს. შემდეგ კი, მისი ფოკუსი უფრო სისტემურ IT ხარვეზებსა და მათ მართვაზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც თიბისიში მართვის Agile მოდელი დანერგეს, უკვე სხვადასხვა პროდუქტზე მომუშავე გუნდები ჩამოყალიბდა თავ-თავიანთი DevOps ინჟინრებით. ისინი, ქეთევანთან და სხვა ლიდერებთან ერთად, DevOps CoE-ს (Center Of Excellence) წევრები არიან და ერთად ცდილობენ პროცესების ეფექტიანობის გაზრდას.

როგორც ქეთევანი გვიყვება:

თიბისიში 2015 წელს მოვედი და HelpDesk-ის გუნდს შევუერთდი, შემდეგ კი, IT პრობლემების მენეჯერის პოზიციაზე გადავინაცვლე. ამის მერე მაშინდელი IT ოპერაციების განყოფილებაში გადავედი აპლიკაციების ადმინისტრატორის პოზიციაზე. მომდევნო ეტაპზე, უკვე დიდი ტრანსფორმაციის პერიოდი გვქონდა თიბისიში, რადგან ორგანიზაცია მართვის Agile მოდელზე გადავიდა. მაშინ ჩამოყალიბდა DevOps CoE (DevOps ცოდნის ცენტრი), სადაც უკვე DevOps ლიდერის პოზიცია დავიკავე.

ყველა DevOps ინჟინერი, ისევე როგორც ლიდერები, DevOps CoE-ს წევრები ვართ; ისევე, როგორც — სხვადასხვა Agile ლიგებისა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ თითოეულ ლიგაში SDLC (პროგრამული უზრუნველყოფის ცხოვრების ციკლი) პროცესები გავაუმჯობესოთ და ავტომატიზაციის დონე გავზარდოთ, რათა ცალკეული პროდუქტების გუნდებმა დამოუკიდებლად მართონ და რეალურ დროში ამონიტორინგონ თავიანთი სისტემები.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებამდე სწრაფად, უხარვეზოდ და უსაფრთხოდ მივიდეს; ასევე ის, რომ მომხმარებელთან პროდუქტის მიტანის შემდეგ პროაქტიული მონიტორინგი განხორციელდეს, რათა პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების საშუალება გვქონდეს.

უშუალოდ ლიდერები ლიგის საოპერაციო საქმიანობაშიც ვართ ჩართულები და სტანდარტების გავრცელება/მონიტორინგის მართვაშიც ვმონაწილეობთ. ვხელმძღვანელობთ პროცესებს ჩვენი ლიგების დონეზე, იქნება ეს: სისტემის გაშვებისთვის ინფრასტრუქტურული ეკოსისტემის მოწყობა, სტანდარტების შემოღება/გავრცელება, პროცესების მიყოლის მონიტორინგი, ახალი ხელსაწყოების შემოტანა/დანერგვა და ა.შ. ასევე ვუძღვებით DevOps სტრატეგიის გავრცელებას და პროდუქტულ გუნდებში ცნობიერების ამაღლებას ვუწყობთ ხელს.

რჩევა ახალ თაობას

ახალ თაობას — და განსაკუთრებით გოგოებს — ვურჩევდი, რომ დაიჯერონ საკუთარი თავის და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, ვინაიდან ტექნოლოგიებს სქესი არ აქვს.

როგორც კი დაიწყებთ საკუთარი თავის დაჯერებას, სხვებიც დაგიჯერებენ. შრომა, დისციპლინა და საქმისადმი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა დაგეხმარებათ ნებისმიერი ბარიერის გადალახვაში — მთავარია, გქონდეთ მიზანი და დაგეგმილი ნაბიჯები, რომლებსაც მიჰყვებით თანმიმდევრულად.

იყავით ცნობისმოყვარეები, გამბედავები, მიზანსწრაფულები, არ შეგეშინდეთ შეცდომების, კვლავ წამოდექით, გააგრძელეთ სვლა წინ და შედეგი აუცილებლად დადგება.