კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ფოტო: ჯუნიორ ამბოკო / BBC
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტყეებში მობინადრე მაიმუნი, რომელსაც თვალშისაცემი მოვარდისფრო-ნარინჯისფერი ტუჩები და შავი სახე აქვს, მეცნიერებისთვის ახალ სახეობად დადასტურდა.
მაიმუნს, რომელსაც ადგილობრივები "ლიკველის" უწოდებენ, გამორჩეული, მოვარდისფრო-ნარინჯისფერი ტუჩები აქვს
ფოტო: ჯუნიორ ამბოკო / BBC
იქ მომუშავე ბუნების დამცველებმა ეს უჩვეულო ცხოველი ჯერ კიდევ 2008 წელს შენიშნეს, თუმცა მაშინ მათ მხოლოდ ერთი, ბუნდოვანი ფოტოს გადაღება შეძლეს. 10 წლის შემდეგ მაიმუნის კიდევ ერთხელ გამოჩენის შემდგომ, საერთაშორისო გუნდმა მისი მოძებნა და შესწავლა გადაწყვიტა, რამაც გამოავლინა, რომ ის მანამდე უცნობი სახეობა იყო.
ბოლო 75 წლის განმავლობაში, ეს აფრიკული მაიმუნის მხოლოდ მეხუთე სახეობაა, რომელიც აღმოაჩინეს. აუდიოჩანაწერებზე, ფოტოებსა და დეტალურ გენეტიკურ კვლევებზე დაფუძნებულ ძიებაში წამყვანი როლი ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ჯუნიორ ამბოკომ ითამაშა. მიგნებები ჟურნალ PLoS One-ში გამოქვეყნდა.
ამბოკომ BBC News-ს განუცხადა, რომ იმ ცხოველის თვალებში ჩახედვა, რომლის არსებობის შესახებაც ასე ცოტა ადამიანს სმენია, "საოცარი შეგრძნება" იყო.
ჯუნიორ ამბოკომ (მარცხნივ) და მარდოშე ბ. კოკომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ლომამის ეროვნულ პარკში, ახლად აღმოჩენილი Colobus congoensis მაიმუნის გამორჩეული ღრიალი ჩაიწერეს
ფოტო: ჯუნიორ ამბოკო
ამ კონტექსტში, სახეობის "აღმოჩენა" მის ოფიციალურ აღრიცხვასა და იმის დადასტურებას ნიშნავს, რომ ის ევოლუციის შედეგად გენეტიკურად განცალკევებულად ჩამოყალიბდა. ზოგიერთმა ადგილობრივმა მაიმუნის არსებობის შესახებ უკვე იცოდა და მას გავრცელებული სახელით, ლიკველით, მოიხსენიებს. თუმცა, ამბოკოს თქმით, მაიმუნები "ცოტა მორცხვები" არიან და ძირითადად მაღლა, ხეებზე იმალებიან.
"ჩვენი ძიების ფარგლებში, იმ 52 სოფლის მოსახლეობა გამოვკითხეთ, რომლებიც ცხოველების საცხოვრებელთან ახლოს მდებარეობს. და მხოლოდ რვა სოფლის მცხოვრებლებს ჰყავდათ ისინი ოდესმე ნანახი", — იხსენებს ის.
მკვლევართა გუნდმა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, აშშ-დან და გერმანიიდან, ქვეყნის ბუნებრივი მრავალფეროვნების აღიარების ნიშნად, ცხოველს ლათინური სახელი, Colobus congoensis, მიანიჭა. ის კოლობუსის მაიმუნების უფრო დიდ ჯგუფს მიეკუთვნება.
Colobus congoensis-ის ყველაზე ახლო ნათესავი არის Colobus satanas (შავი კოლობუსი), რომელიც მისგან 1200 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული, დასავლეთ-ცენტრალურ აფრიკაში. თუმცა, გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ორი სახეობა ერთმანეთს დაახლოებით 4-5 მილიონი წლის წინ გამოეყო, რაც კოლობუსების ჯგუფში ერთ-ერთ ყველაზე ძველ ევოლუციურ განშტოებას წარმოადგენს. გარეგნულად ისინი მართლაც ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა C. congoensis-ს მისი მცირე ზომა და სახის ირგვლივ ნარინჯისფერ-კრემისფერი ლაქა გამოარჩევს.
ფოტოზე შედარებულია Colobus congoensis (A, B) და მისი უახლოესი ნათესავი Colobus satanas (C, D). ორივეს შავი ბეწვი და გრძელი კუდი აქვს, თუმცა Colobus congoensis-ს სახის გარშემო ნარინჯისფერ-კრემისფერი ლაქა და თეთრი "წვერი" გამოარჩევს.
ფოტო: Plos.org
"ესენი ნამდვილად მნიშვნელოვანი აფრიკული მაიმუნები არიან, რომლებსაც ცერა თითები არ აქვთ", — განმარტავს პროფესორი ქეით დეტვაილერი ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტიდან — "ისინი ხის ვარჯებში ბინადარი ბალახისმჭამელები არიან და ეკოსისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ვფიქრობთ, ტყეში თესლის გადამუშავებასა და გაღივებაში დიდი წვლილი მათ შეაქვთ".
პროფესორი დეტვაილერი ვარაუდობს, რომ მათი უჩვეულო, კაშკაშა ნიშნები სახეზე, შესაძლოა, სხვა ცხოველებისთვის და პოტენციურად მიმზიდველი მეწყვილისთვის ვიზუალური სიგნალი იყოს, ან შეიძლება ცხოველებს ერთმანეთის ამოცნობაში ეხმარებოდეს.
მაიმუნებს ასევე აქვთ გამორჩეული "ღრიალისმაგვარი" ძახილი. "მათი ხმა ხშირად გესმის, მაგრამ მათ ვერ ხედავ", — თქვა ამბოკომ. მისი აზრით, ეს იშვიათი ცხოველები არიან და ტყის მხოლოდ იმ ნაწილში ბინადრობენ, სადაც საჭირო საკვებისა და საცხოვრებელი გარემოს პოვნა შეუძლიათ.
ვინაიდან ცხოველებზე ხორცის გამო ნადირობენ, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახლა, როცა Colobus congoensis უკვე ცალკეულ სახეობადაა კლასიფიცირებული, მისი ოფიციალური დაცვა შესაძლებელი გახდება.
მკვლევრები ამბობენ, რომ ამ ახლად აღწერილი, ფარული სახეობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვთ. პოპულაციის შესაფასებლად და ქცევის შესასწავლად, უფრო დეტალური კვლევის ჩატარებას გეგმავენ.
- მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს
- პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
კომენტარები