2024 წლის 16 ივლისს ნიუ-ჯერსიში მდებარე ერთ-ერთ სახლში მეტეორიტი ჩავარდა. მანამდე ცაში მეტეორმა გაიელვა, რასაც ბგერითი ტალღაც ახლდა. ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმელეთზე ჩამოვარდნილი ქვა შეიძლება ისეთი ასტეროიდის ნაწილი იყოს, რომლის ზედაპირიც თხევად მარილიან წყალს შეიცავდა. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს, პოტენციურად, დედამიწაზე სიცოცხლის საწყისების შესწავლაში დაგვეხმარება.

მეტეორიტი სახლის სახურავს დაეცა, საძინებელ ოთახში ჩავარდა და დანაწევრდა. იქ მცხოვრებმა, საბედნიეროდ, ფრაგმენტები ხელთათმანებით შეაგროვა და ჭურჭელში მოათავსა. ამან მათი დაბინძურების რისკი შეამცირა და მეცნიერებს ანალიზისთვის თავსებადი მასალა მისცა. შიშველი ხელებით ქვების აღება ყველაფერს გააფუჭებდა, რადგან საქმე ნახშირბადულ ქონდრიტთან გვაქვს, რომელიც სინესტეს (ოფლს, ცხიმს) სწრაფად იწოვს და ადვილად ბინძურდება.

მეტეორიტი მეცნიერების ხელში მალევე აღმოჩნდა და ძირითადად კარგად იყო შემონახული. სპეციალისტებმა ნიმუშებში ორგანულ ნაერთებს მიაგნეს, რომლებიც იქ არსებული მინერალების მონაწილეობით ქიმიურმა რეაქციებმა წარმოქმნა. მათში ამინომჟავებიც აღმოაჩინეს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეტეორიტი წყლის გავლენით იმაზე მეტადაა შეცვლილი, ვიდრე სხვა ამგვარი ობიექტები; არსებობს CM2 ტიპის ნახშირბადული ქონდრიტები, რომლებიც ადრეულ მზის სისტემაში წარმოიქმნა. წესით, ისინი ისეთი ასტეროიდებიდანაა, რომლებიც წყლით მნიშვნელოვნად შეცვლილი არაა. საპირისპირო წარმომავლობის მეტეორიტებს კი CM1 ეწოდება. საინტერესო ისაა, რომ ნიუ-ჯერსიში ჩამოვარდნილი ქვა იდეალურად არცერთ კატეგორიაში არ ჯდება, ამიტომ CM1/2-ად მიიჩნევა (გარდამავალი ფაზა). აქამდე მხოლოდ ერთი ასეთი ობიექტი იყო ცნობილი.

ნიმუშში მარილის შემცველ ფრაგმენტებსაც მიაგნეს, საიდანაც დაასკვნეს, რომ ეს მეტეორიტი თავისი მშობელი ასტეროიდის ზედაპირთან ახლოს მდებარე არეალიდანაა. იქ თხევადი წყალი უნდა აორთქლებულიყო და მარილი დაგროვებულიყო. ამგვარი შედგენილობა მნიშვნელოვანია, რადგან ფიქრობენ, რომ მარილწყალს მინერალებისა და ორგანული მოლეკულების ურთიერთქმედების ხელშეწყობა შეუძლია. არაა გამორიცხული, ეს სიცოცხლის ფორმირებით დასრულდეს.

ზოგი თეორიის თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ მეტეორიტებიდან აქ მოხვედრილ მოლეკულებსა და მინერალებს შორის ქიმიური რეაქციების შედეგად გაჩნდა. სწორედ მარილწყალს უნდა შეეწყო ხელი მშობელ ასტეროიდზე ამინომჟავების ფორმირებისთვისაც.

მეცნიერებმა მეტეორის ტრაექტორია და სიჩქარე შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ობიექტი მზის სისტემის ასტეროიდთა შიდა სარტყლიდანაა. დიდი ალბათობით, იგი იმ რეგიონიდანაა, რომელსაც ზონდი Lucy დააკვირდა. ისიც შესაძლებელია, რომ აპარატს ის კონკრეტული ასტეროიდიც დაეფიქსირებინა, რომელიც აღნიშნული მეტეორიტის "მშობელია". ამ საკითხის უკეთ შესასწავლად დამატებითი მონაცემებია საჭირო.

ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.