ჩვენგან 63 სინათლის წლის მოშორებით ასტრონომებმა დააფიქსირეს ეგზოპლანეტა, რომელიც 10 წელზე მეტხანს "გვემალებოდა". მას ბეტა მხატვარი d ჰქვია და იმავე სახელწოდების მნათობის სისტემაშია (მხატვრის თანავარსკვლავედში). იგი ყველაზე მკრთალი ასეთი ციური სხეულია, რომელიც ოდესმე დედამიწიდან დაგვინახავს.

ამ სისტემაში კიდევ ორი ეგზოპლანეტაა: ბეტა მხატვარი b და ბეტა მხატვარი c, რომლებიც ასტრონომებმა უფრო ადრე აღმოაჩინეს. ახალი ობიექტი პირველ მათგანზე დაახლოებით 100-ჯერ მკრთალია და აირისგანაა შედგენილი. ის საკუთარი ვარსკვლავისგან შედარებით მოშორებითაა, რის გამოც სხვებზე გრილია. ასევე, მისი მასა მეზობლებისას ჩამოუვარდება: 2.4 იუპიტერის მასა აქვს, დანარჩენ ორს კი — დაახლოებით 10.

ამ ეგზოპლანეტის არსებობა ბეტა მხატვრის სისტემაში მტვრის უჩვეულო დისკოს ფორმისა და მდებარეობის განმაპირობებელ ფაქტორებს კარგად ხსნის. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს ასეთი ობიექტის აღმოჩენა სულაც არ ჰქონდათ მიზნად, არამედ ბეტა მხატვარ b-ის უკეთ შესწავლას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს შენიშნეს მათ უცნობი ეგზოპლანეტის კვალი და, საბოლოოდ, მას არქივში შენახულ სურათებშიც მიაგნეს.

ახალი ეგზოპლანეტა ისრითაა ნაჩვენები.

ფოტო: ESO/B. Sutlieff, M. Bonse et al.

ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ჩვენთვის ცნობილი 6000-ზე მეტი ეგზოპლანეტიდან პირდაპირი აღბეჭდვით მხოლოდ 100-ზე ნაკლები აღმოაჩინეს. საქმე ისაა, რომ ამას ვარსკვლავის სიკაშკაშე ართულებს, რადგან ის მის გარშემო მოძრავი ობიექტების ნათებას ფარავს.

ბეტა მხატვარი რიგით მეორე სისტემაა, რომელშიც 2-ზე მეტი ეგზოპლანეტა პირდაპირაა დაფიქსირებული. პირველი HR 8799-ია, რომლისგანაც 133 სინათლის წელი გვაშორებს. მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი აღმოჩენები ასტრონომიის "წმინდა გრაალია", რადგან გვიჩვენებს, რამდენად განსხვავდება ერთნაირ გარემოში წარმოქმნილი ეგზოპლანეტები.

იმედოვნებენ, რომ სხვა ასეთი მკრთალი სხეულების დაფიქსირებაში ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი (ELT) დაგვეხმარება, რომელიც ატაკამის უდაბნოში შენდება.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.