ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს
ფოტო: Gifford et al., Radiology, 2026
კაცობრიობა ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს ათვისებას ცდილობს, ამიტომ ხანგრძლივი მისიებისას ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დიაგნოსტირების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია. ამ მხრივ სერიოზული მიღწევა გვაქვს — პლანეტის ორბიტაზე მყოფმა ასტრონავტებმა თავიანთ სხეულზე რენტგენი გადაიღეს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია.
აქამდე მსგავს გარემოში მხოლოდ ულტრაბგერითი კვლევა იყო ხელმისაწვდომი. მიკროგრავიტაციის პირობებში მისი გამოყენება შედარებით მარტივია, რადგან, რენტგენისგან განსხვავებით, დეტექტორსა და გამოსხივების წყაროს შორის ადამიანის ზუსტ პოზიციონირებას არ საჭიროებს. ასევე, მის შემთხვევაში აუცილებელი არაა, რომ ეს ყველაფერი უძრავად შენარჩუნდეს.
ასევე, იხილეთ: ისტორიაში პირველად, კოსმოსში თირკმლისა და ღვიძლის ქსოვილები ბიოპრინტერით დაბეჭდეს
ბოლო წლებში რენტგენის ტექნოლოგია საკმაოდ დაიხვეწა და მოწყობილობების ზომაც შემცირდა. ამან მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ორბიტაზე ასეთი ძლიერი და ზუსტი სადიაგნოსტიკო საშუალების გამოყენების პერსპექტივა გაჩნდა. მნიშვნელოვანი წინსვლა 2022 წელს გვქონდა, როცა მეცნიერებმა რენტგენის აპარატი ისეთ საფრენ აპარატში გამოცადეს, რომელიც ორბიტალური მიკროგრავიტაციის ხანმოკლე სიმულირების საშუალებას იძლევა.
უკვე ორბიტაზე ტესტირებისთვის ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა სამოქალაქო მისია Fram2 განახორციელა. ის ხომალდ Resilience-ით 3.5-დღიან პოლარულ ორბიტალურ ფრენას გულისხმობდა. ეკიპაჟმა თან პორტატიული და უსადენო ციფრული რენტგენული გენერატორი წაიღო, რომლის მეშვეობითაც რენტგენი გადაიღეს: ხელების, მკლავების, მუცლის, გულ-მკერდის, მენჯებისა და საკონტროლო ობიექტის — ჭკვიანი საათის. გამოსახულებები დედამიწაზე მყოფმა რადიოლოგებმა შეაფასეს და დაასკვნეს, რომ ისინი დიაგნოსტირებისთვის შესაბამისი ხარისხის იყო.
ყველაზე დიდი გამოწვევა პაციენტის სწორად პოზიციონირება აღმოჩნდა, რასაც ელოდნენ. ამის გამო გულ-მკერდის, მენჯებისა და მუცლის გამოსახულებები შედარებით ბუნდოვანი გამოვიდა (რადგან, ხელების ერთ ადგილზე გაჩერება შედარებით მარტივია), მაგრამ ხარისხის სტანდარტს მაინც აკმაყოფილებდა.
ჭკვიანი საათის სურათმა აჩვენა, რომ რენტგენით ხომალდის სისტემების შემოწმებაც შესაძლებელია. სამედიცინო თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობს, მაგალითად, სურათების მრავალფეროვნება, რაოდენობა და მათი დროული ანალიზი.
მომავალში შეიძლება შედეგების შესაფასებლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ, როცა დედამიწაზე მყოფ რადიოლოგებთან კონტაქტის დასამყარებლად ზედმეტად დიდი დრო იქნება საჭირო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემის ზომა შემცირდეს, რადგან კოსმოსურ მისიებში მასიური ტვირთის წაღება მოუხერხებელია.
ნაშრომი გამოცემაში Radiology გამოქვეყნდა.

კომენტარები