ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია და ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია:

"მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე და გაზარდა უცხოური ვალუტის მოთხოვნა".

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფით გავლენა.

განცხადებაშია სევე ნათქვამია, რომ მთავრობის მიმდინარე სახაზინო ოპერაციები ან ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის რეგულარული ოპერაციები არ ახდენს გავლენას ლარის კურსის დინამიკაზე:

"საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს.

თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად".

ეროვნული ბანკის 3 ნოემბრის გაცვლითი კურსით, ლარი ევროსთან კიდევ უფრო გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 3,0625 ლარი ეღირება. ერთი ევროს ღირებულებამ სამ ლარს ისტორიაში პირველად წელს რამდენჯერმე გადააჭარბა.

ლარი გაუფასურდა ამერიკულ დოლართან მიმართებითაც. ერთი დოლარი ხვალ თითქმის ორი თეთრით ძვირი, 2,6297 ლარი ეღირება.