11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ForSet უკვე მე-3 წელია მართავს ერთდღიან ღონისძიებას ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული 16-დან 25 წლამდე გოგოებისთვის. ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება.

ფორსეტის ღონისძიების მიზანია, წაახალისოს ქალებისა და გოგოების მონაწილეობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ღონისძიებაზე საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალები აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და ისაუბრებენ, როგორ დაიწყეს კარიერა STEAM-ში, რა გამოწვევებს წააწყდნენ, რა დაეხმარათ წინსვლაში და რას ურჩევდნენ ახალგაზრდებს.

ასევე, ჩატარდება პარალელური ვორკშოპები/მასტერკლასები, სადაც მონაწილეები პრაქტიკული ცოდნისა და ახალი უნარების შეძენას შეძლებენ. ღონისძიების დასასრულს კი დამსწრეებს სახალისო ინტელექტუალური თამაში ელოდებათ, რომლის გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 8 თებერვლამდე გაიაროთ.

ღონისძიება ორგანიზებულია ფორსეტის მიერ პროექტის "EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GIZ, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიების პარტნიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დანიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, IT აკადემია სტეპი, სელფი, EPAM, SafeScroll, SmartCLM, Next.on.ge, ლურჯი ოკეანე და DataFest Tbilisi.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.