მეცნიერებმა ჩვენს მონათესავე ჯუჯა შიმპანზეში, იგივე ბონობოში, ისეთი უნარი შენიშნეს, რომელიც ადამიანისთვის უნიკალურად მიიჩნეოდა. მათ ცხოველი ერთგვარ წარმოსახვით თამაშში აიყოლიეს, რაც მიანიშნებს, რომ ამ არსებებს შეუძლიათ წარმოიდგინონ, ვითომ მათ წინ რაიმე ობიექტია. ეს ბავშვების მიერ მოწყობილ ჩაის საღამოებს მოგვაგონებს, როცა სათამაშო ჭიქებსა და ჩაიდნებში ჩაი არაა, მაგრამ პატარები ამ წარმოსახვით სასმელს მაინც "სვამენ".

ექსპერიმენტი კანზიზე ჩაატარეს, რომელიც მამრი ბონობო იყო და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ინგლისური ენა ესმოდა. უნდა აღინიშნოს, რომ პრიმატების წარმოსახვაზე მინიშნებები (თუმცა არა მეცნიერული, არამედ სახალისო) აქამდეც მოგვეპოვებოდა, მაგალითად, გვინეაში 3 წლის შიმპანზემ თამაშის დროს ფოთლის ფორმის ბალიში თავზე დაიფარა, როგორც ქუდი. ასევე, დააფიქსირეს, როგორ "იღებდა" და "ჭამდა" დამწყვდეული ბონობო სურათიდან მოცვს.

ამას ალტერნატიული ახსნაც აქვს, მაგალითად, შეიძლება ცხოველებს ეს ობიექტები მართლაც რეალური ეგონათ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მეცნიერებმა ექსპერიმენტის ჩატარება და ცდისპირად კანზი შეარჩიეს (მასთან კომუნიკაციის სიმარტივის გამო). პირველ რიგში, ბონობოს ასწავლეს, როგორ მიეთითებინა ორი გამჭვირვალე ბოთლიდან იმ ერთზე, რომელშიც წვენი ესხა. სწორად გამოცნობის შემთხვევაში ის წვენის სახით ჯილდოს იღებდა.

ფოტო: Ape Initiative

ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე მის წინ უკვე გამჭვირვალე ჭიქები დააწყვეს, რომლებშიც ცარიელი ბოთლიდან ვითომ წვენი ჩაასხეს და შემდეგ მხოლოდ ერთი ჭიქიდან ისევ ბოთლში "გადაასხეს". კანზის "წვენიანი" ჭურჭელი უნდა გამოეცნო, რასაც შემთხვევების 68%-ში წარმატებით გაართვა თავი, თუმცა ამჯერად ჯილდოების გარეშე.

იმის გამოსარიცხად, რომ ცხოველს ჭიქა მართლაც სავსე ეგონა, მეცნიერებმა მეორე ექსპერიმენტის ფარგლებში მაგიდაზე ცარიელი და ნამდვილად წვენით სავსე ჭიქები დადგეს. პირველში მათ ისევ ცარიელი ბოთლიდან ჩასხმა გაითამაშეს, მეორეზე კი იგივე არ გაუმეორებიათ. კანზის ორივე სავსე რომ ჰგონებოდა, ერთნაირი სიხშირით აირჩევდა, მაგრამ ასე არ მომხდარა — შემთხვევების 77.8%-ში იგი წვენიან ჭურჭელს ირჩევდა, ანუ იაზრებდა, რომ მეორე ჭიქა ცარიელი იყო. იგივე სცენარი მკვლევრებმა ყურძნითაც გაიმეორეს და აქაც ბონობომ წარმოსახვითი ყურძნის გამოცნობა მცდელობების 68.9%-ში შეძლო.

ეს კვლევა მცირემასშტაბიანია, რადგან მხოლოდ ერთი ჯუჯა შიმპანზის მონაწილეობით ჩატარდა, თუმცა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ დემონსტრირებით ჩვენს მონათესავე მაიმუნებში წარმოსახვის არსებობაზე მინიშნებებს ვიღებთ. მათ ასეთ თამაშში აყოლის უნარი აქვთ, მაგრამ შეუძლიათ თუ არა ამის თავისით ინიციირება, უცნობია.

ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.