არასამთავრობო ორგანიზაციას, შმიდტის ოკეანოგრაფიულ ინსტიტუტს, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. მათი წყალქვეშა აპარატი, ROV SuBastian, არგენტინის ზღვიდან ბევრი ინფორმაციითა და ფოტოსურათით დაბრუნდა.

მკვლევართა გუნდმა სანაპირო ზოლი მთლიანად შემოიარა და უდიდესი Bathelia candida (მარჯნის რიფი) იპოვეს. მეცნიერებმა ასევე 28 ახალი სახეობა გამოავლინეს, მათ შორის, ჭიები, მარჯნის პოლიპები და ზღვის ლოკოკინები.

კვლევის მთავარი მიზანი იმ ადგილების პოვნა იყო, სადაც ოკეანის ფსკერიდან აირები და ქიმიური ნივთიერებები ჟონავს. ამან შეიძლება ის მიკრობები გამოკვებოს, რომლითაც, საბოლოოდ, მოლუსკები და მიდიები საზრდოობენ. გუნდმა ერთ ასეთ არეალს მართლაც მიაკვლია. მისი ფართობი 1 კვადრატულ კილომეტრს აღემატება, რაც დაახლოებით ორჯერ დიდია, ვიდრე Bathelia-ს მარჯნის რიფი.

"არ ველოდით, რომ არგენტინის ზღვის სიღრმეში ასეთ ბიომრავალფეროვნებას ვნახავდით. გვიხარია, რომ აქ სიცოცხლე ყვავის", — განაცხადა ექსპედიციაში მონაწილე მკვლევარმა, მარია ემილია ბრავომ (ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი) — "ასეთი ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემის ფუნქციებისა და ერთიანობის ერთბაშად ნახვა საოცარი იყო. ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების ფანჯარა შევაღეთ და აღმოვაჩინეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ფანჯარა ყოფილა გასაღები".

რვაფეხა, რომელიც ზღვის დონიდან 1010 მეტრის სიღრმეზე ბინადრობს.

ფოტო: ROV SuBastian / Schmidt Ocean Institute ROV SuBastian / Schmidt Ocean Institute

ამ ყველაფერთან ერთად, მკვლევრებმა პირველად დააფიქსირეს, თუ როგორ იძირება ვეშაპი არგენტინის ღრმა წყლებში (ამ შემთხვევაში, 3890 მეტრ სიღრმეზე). ვეშაპის ჩაძირვა დროებით "ეკოსისტემას" წარმოქმნის: ლეშის საჭმელად რვაფეხები, ზვიგენები და კიბორჩხალები მოდიან. გუნდმა აჩრდილი-მედუზაც (Stygiomedusa) დააფიქსირა, რომელიც 10 მეტრამდე იზრდება. საინტერესოა, რომ აპარატის მიერ გადაღებულ ვიდეოში იგი ცეკვის მსგავს მოძრაობებს ასრულებს.

"უპრეცედენტო რაოდენობის ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ნიმუშები შევაგროვეთ, რომლებსაც მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი წყლების უკეთ გასაგებად გამოვიყენებთ", — აღნიშნა მელისა ფერნანდეს სევერინიმ (არგენტინის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტი) — "ეს ნიმუშები უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს იმის გასაგებად, თუ რამდენად საოცარი და, ამავდროულად, დაუცველია ჩვენი ეკოსისტემები".

საქმე ისაა, რომ გუნდმა დიდი რაოდენობის ნაგავი და პლასტმასის ანკესებიც იპოვა. მკვლევრებმა კორეული სტიკერის მქონე ვიდეოფირიც იპოვეს. ეს კითხვას აჩენს, თუ როგორ მოხვდა იგი არგენტინის წყლებში.

მეცნიერების თქმით, ეს ძალიან საინტერესო ექსპედიცია იყო. მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი კვლევის შედეგები ზღვის ეკოსისტემების შესახებ ჩვენს ცოდნას გააღრმავებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.