აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა
ფოტო: Anne Savina/Getty Images
ბევრი მიიჩნევს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა კაცებსა და ბიჭებს უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ქალებსა და გოგოებს. ახალი ნაშრომის თანახმად, ეს ასე არ არის. კვლევის ფარგლებში მილიონობით შვედი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს.
ბავშვობაში ბიჭებს უფრო ხშირად უსვამენ აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზს, თუმცა ზრდასრულობის ასაკში თანაფარდობა 1:1 ხდება. ეს ნიშნავს, რომ საქმე ის არ არის, თითქოს უფრო ნაკლებ ქალს ჰქონდეს აუტისტური სპექტრის აშლილობა. უბრალოდ, ისინი დიაგნოზს უფრო გვიან იღებენ.
ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც აუტიზმზე უნდა იცოდეთ — სიმპტომები, დიაგნოსტირება, დახმარების გზები
1990-იანი წლებიდან მოყოლებული აუტისტური სპექტრის აშლილობის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა დიაგნოზს ქალები და კაცები თანაბარი სიხშირით არ იღებენ. DSM-5-ის თანახმად, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობებსა და მკურნალობის რეკომენდებულ გზებს საზღვრავს, კაცებსა და ქალებს შორის დიაგნოზის მიღების თანაფარდობა 4:1-ზეა.
ახალ კვლევას კაროლინსკის ინსტიტუტის (შვედეთი) ეპიდემიოლოგი, ქეროლაინ ფაიფი უძღვებოდა.
აუტისტური სპექტრის აშლილობა განვითარების დარღვევაა, რომელსაც სხვადასხვანაირი გამოვლინება აქვს. ეს მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქცევის ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა, მაგალითად, გარემოსთან ურთიერთობა, დასწავლის უნარი და სხვა.
დიაგნოზის ადრეულ ასაკში დასასმელად სპეციალისტები ოჯახის წევრებისა და მომვლელების აზრს ეყრდნობიან. ამას ისიც ემატება, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა ძირითადად კაცების მდგომარეობად მიიჩნევა, თანაც, ქალებში ზოგი სიმპტომი შეიძლება განსხვავებულად ვლინდებოდეს.
ასევე იხილეთ: შეგიძლია აუტისტური სპექტრის შესახებ მითებისა და რეალობის გარჩევა?
ფაიფის გუნდმა 2,7 მილიონი შვედის სამედიცინო ისტორია გააანალიზა. ცდისპირები 1985-2020 წლებში არიან დაბადებულნი. აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში ბიჭები გაცილებით ხშირად იღებენ დიაგნოზს, 20 წლის ასაკისთვის კი აუტისტური სპექტრის დიაგნოზი ორივე სქესს დაახლოებით თანაბარი სიხშირით აქვს მიღებული.
კვლევის შედეგები საკმაოდ სანდოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ მრავალი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს, თანაც, მილიონობით ადამიანის. მეორე მხრივ, ამ კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს.
ყურადსაღებია, რომ კვლევის ფარგლებში მხოლოდ შვედეთის მოსახლეობის მონაცემები შეისწავლეს. შესაძლოა, ეს დანარჩენი მსოფლიოს რეალობას ნაკლებად ასახავდეს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაშრომში აუტისტური სპექტრის აშლილობასთან ერთად ხშირად გამოვლენილი სხვა დარღვევები არ გაუთვალისწინებიათ, მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის დარღვევა (ADHD), დეპრესია ან შფოთვა. კვლევა არც სხვა დემოგრაფიულ ფაქტორებს ითვალისწინებდა, მაგალითად, რასას ან სოციოეკონომიკურ სტატუსს.
გარდა ამისა, 2001 წლამდე ამბულატორიული მონაცემები ნაკლებად გროვდებოდა. ეს შეიძლება იმასაც კი ნიშნავდეს, რომ ქალებსა და კაცებს შორის დიაგნოზის მიღების ასაკში რეალურად კიდევ უფრო მეტი სხვაობა იყოს.
ფაიფის თქმით, დამატებითი კვლევებია საჭირო იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულად ვლინდება აუტისტური სპექტრის აშლილობა სქესთა შორის. ასევე იმაზე, რამდენად ახდენს ეს გავლენას სკრინინგსა და დიაგნოსტირებაზე.
კვლევა გამოცემაში The BMJ გამოქვეყნდა.

კომენტარები