მეცნიერებმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარსული მეტეორიტი, NWA 7034, ახლებურად გააანალიზეს და მასში წყლის კვალი დააფიქსირეს. ეს ქვა დაახლოებით 4.48 მილიარდი წლის წინანდელია და დედამიწაზე მას შემდეგ უნდა მოხვედრილიყო, რაც წითელ პლანეტას რაღაც შეეჯახა.

აქამდე მის გამოსაკვლევად ნიმუშიდან ფრაგმენტების მოპოვება იყო საჭირო, მაგრამ თანამედროვე კომპიუტერულ-ტომოგრაფიული (CT) ტექნოლოგიით ასეთი ძვირფასი მეტეორიტების დანაწევრება აღარაა აუცილებელი. მაგალითად, რენტგენული CT ისეთი მძიმე და მკვრივი მატერიის გამოვლენაში გვეხმარება, როგორიც რკინა ან ტიტანია.

არსებობს, ასევე, ნეიტრონული CT, რომელიც ობიექტის შესასწავლად სწორედ ნეიტრონებს იყენებს. ისინი სიმკვრივეში კარგად აღწევს და მათი მეშვეობით წყალბადის დაფიქსირებაა შესაძლებელი.

მეცნიერებმა ორივე მეთოდს მიმართეს და მეტეორიტის პატარა ფრაგმენტში კლასტურ სტრუქტურებს მიაგნეს (ქვა ქვაში), რომელთა არსებობაც აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა ამჯერად განსხვავებული რამ აღმოაჩინეს. საქმე ისაა, რომ წყალბადით მდიდარი მსგავსი სტრუქტურები ნიმუშის მოცულობის 0.4%-ს შეადგენდა.

შეიძლება, ერთი შეხედვით, ეს მცირე მაჩვენებლად მოგვეჩვენოს. ამის მიუხედავად, ასეთ არეალებში მეტეორიტის მთლიანი წყლის (მილიონში 6000 ნაწილი) 11%-ია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ NWA 7034 მარსის სულ სხვა რეგიონიდანაა, ვიდრე მავალ Perseverance-ის მიერ იეზეროს კრატერში მიკვლეული ნიმუშები. ეს მიანიშნებს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი ფართოდ იყო გავრცელებული.

მეცნიერებს იმედი ჰქონდათ, რომ იმავე მეთოდით Perseverance-ის მიერ შეგროვებულ ნიმუშებსაც შეისწავლიდნენ, მაგრამ მათი დედამიწაზე ჩამოტანის მისია გაუქმდა. შეიძლება ამის საშუალება ჩინურმა მისიამ მოგვცეს, მაგრამ იქამდე ჯერ დიდი დროა.

ავტორთა ნაშრომს ჯერ რეცენზირება არ გაუვლია და პლატფორმა arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.