ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
ირანში ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალთა უფლებების, დარღვევა და სასტიკი რეპრესიები, საერთაშორისო მედიის მხრიდან წლებია ინტენსიურად შუქდება. იმის საჩვენებლად თუ როგორ ცხოვრობდნენ შაჰის დროს და როგორ ცხოვრობენ ახლა, სოციალურ ქსელში პერიოდულად კონტრასტული ფოტოებიც გვხვდება. თუმცა, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ ბოლო 47 წელიწადში ირანში ეკონომიკური მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა და რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო ნაკლებია, ვიდრე ისლამურ რევოლუციამდე, 1978 წელს.
ეკონომიკური ვარდნა
იმისთვის რომ ინფლაციამ სურათი არ დაამახინჯოს, დროის გარკვეულ ინტერვალში მშპ-ისა თუ ხელფასების რეალური ზრდის ოდენობის დასადგენად მონაცემები მუდმივ ფასებში ითვლება. 2015 წლის მუდმივ ფასებში (მსოფლიო ბანკის ბოლო განახლებული მონაცემით, რეალური მშპ 2015 წლის მუდმივ ფასებშია დათვლილი) დათვლით, 1978 წელს, ირანში მშპ ერთ სულ მოსახლეზე $5900-ს შეადგენდა, 2024 წელს — $5830-ს. კლება მხოლოდ 1%-ია, მაგრამ იმავე პერიოდში გლობალურად მსოფლიოს საშუალო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა და $5830-დან $11 850-მდე გაიზარდა.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2015 წლის მუდმივ ფასებში (აშშ დოლარი)
ფოტო: მსოფლიო ბანკი
კლება ჯერ კიდევ 1977 წლიდან ანუ შაჰის მმართველობის პერიოდიდან იწყება, 1978-ში კი უკვე მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება. რევოლუცია ერთ დღეში არ მომხდარა და მთელი 1978 წლის განმავლობაში დიდი ქალაქის ქუჩებში სისხლიანი შეტაკებები მიმდინარეობდა. ამიტომ დასაშვები იქნება თუ შედარებას 1977 წელთანაც გავაკეთებთ. 2024 წელს, 1977 წელთან შედარებით, ირანში მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 17%-ით იყო შემცირებული. რაც უკვე ძალიან დიდი ვარდნაა. 1977 წელს ირანში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიო საშუალო მშპ-ს 25%-ით აჭარბებდა, 2024 წელს კი მასზე ორჯერ ნაკლებს შეადგენდა.
1978 წელს ირანის ეკონომიკა 13%-ით, 1979 წელს 12%-ით დაეცა, ხოლო 1980 წელს, როცა შიდა პრობლემებს ერაყთან ომიც დაემატა, ვარდნამ დამატებით 22%-ს მიაღწია. ოთხწლიან პერიოდში 1978-1981 წლებში ირანის ეკონომიკა ჯამში 44%-ით შემცირდა. ამის შემდეგ ძირითადად ზრდა იწყება და რევოლუციამდელ მაჩვენებელს 1996-2000 წლებში გადაუსწრო, ოღონდ მთლიანი ეკონომიკით და არა ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით. რადგანაც მოსახლეობა ეკონომიკაზე სწრაფად იზრდებოდა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ მაინც შემცირდა. პარალელურად იმავე პერიოდში მოსახლეობა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილშიც თითქმის გაორმაგდა, მაგრამ ამის მიუხედავად სხვა ქვეყნების უმეტესობაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ც გაიზარდა.
ირანის მთლიანი ეკონომიკაც, მუდმივ ფასებში დათვლით, 1978-2024 წლებში 2.1-ჯერ 251-დან 534 მლრდ-მდე, გაიზარდა, მსოფლიოს ეკონომიკა კი ოთხჯერ 24 ტრლნ-დან 96 ტრლნ-მდე. 1977 წელს ირანის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის 1.1%-ს შეადგენდა, 2024 წელს — 0.6%-ზე ნაკლებს.
წინასწარი მონაცემებით 2025 წელს ირანის ეკონომიკა მხოლოდ 0.6%-ით გაიზარდა. 2026 წლისთვის 1.1%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით, ომის პირობებში კლება დაფიქსირდება და საერთო სურათი კიდევ უფრო დამძიმდება.
თუ შესადარებლად ირანსა და რეგიონის ნავთობით მდიდარ სხვა ქვეყნებს ავიღებთ, ყველაზე დაბალი ჯამური ზრდა ირანს ექნება, 47 წელიწადში მხოლოდ 113%, ზომის გათვალისწინებით მის ორ უშუალო კონკურენტს საუდის არაბეთსა და ერაყს შესაბამისად 189%-იანი და 739%-იანი ზრდა აქვთ (ერაყის შემთხვევაში საბაზო ეფექტიც მოქმედებს, მან ზრდა ძალიან დაბალი ნიშნულიდან დაიწყო, საუდის არაბეთმა კი ისედაც მაღალი ნიშნულიდან დაწყების მიუხედავად უფრო დიდი ზრდა დააფიქსირა). მაღალი ან ბევრად მაღალი ზრდაა მცირე ზომის სახელმწიფოებშიც.
ირანის მშპ და მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში
ფოტო: მსოფლიო ბანკი
ერთ სულ მოსახლეზე დათვლით, ისევ და ისევ მოსახლეობის ზრდის ხარჯზე, საამიროებში, კატარსა და საუდის არაბეთშიც კლება ფიქსირდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი მიგრაციაა. მსოფლიო ბანკის ცნობით, საუდის არაბეთში მიგრანტთა წილი 40%-ს, საამიროებში 74%-ს, ხოლო კატარში 77%-ს შეადგენს. საამიროების შესახებ, მიგრანტთა წილს ზოგი წყარო კიდევ უფრო მაღალ 88%-იან მაჩვენებელზეც წერს. მიგრანტთა უმეტესობა ღარიბ მუშახელს წარმოადგენს და ქვეყნის სიმდიდრე მათზე არ ნაწილდება.
რეპრესიები შაჰის და ისლამური რევოლუციის პერიოდში
ისლამური რევოლუციის პერიოდს რომ დავუბრუნდეთ, მცდარი იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს შაჰის დროს ქვეყანა დემოკრატიული მეთოდებით იმართებოდა. პოლიტიკურ ოპონენტებს მაშინაც დევნიდნენ, ბრუტალური მეთოდებით მიტინგებს მაშინაც არბევდნენ, თუმცა შემდეგ მასშტაბები შეიცვალა. გარკვეული პარალელის გავლება შესაძლოა მეფის რუსეთთან და საბჭოთა რუსეთთან და საბჭოთა კავშირთანაც გაკეთდეს, რა დროსაც ბოლშევიკებმა რეპრესიები სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანეს.
ბრუტალური მეთოდებით მიტინგებს შაჰის დროსაც არბევდნენ, თუმცა შემდეგ მასშტაბები შეიცვალა"
დაზუსტებით თუ რამდენი ადამიანი შეეწირა აიათოლების რეჟიმს უცნობია. ოფიციალური წყაროები სანდოობით არ გამოირჩევა. მესამე მხარის მიერ გაკეთებული გამოთვლები კი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ლაპარაკია მინიმუმ რამდენიმე ათეულ ათას და შესაძლოა რამდენიმე ასეულ ათას ადამიანზეც. 2026 წლის იანვარი რეპრესიების გამოვლენის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ძალადობები იქამდეც სისტემატურად ხორციელდებოდა. 80-იანი წლების პირველი წმენდა, 1988 წელს ციხეებში უკვე გასამართლებული ადამიანების დახვრეტა, 2009, 2019, 2022, 2026… ამ წლებში რეპრესიები უბრალოდ ძლიერდებოდა, თუმცა სხვა შემთხვევებშიც წამებისას დახოცილი პატიმრები, სახრჩობელაზე გაგზავნილი რეჟიმის მოწინააღმდეგეები, ჩვეულებრივ რუტინულ მოვლენებად იყო გადაქცეული.
როგორ მოქმედებს სანქციები ირანზე?
ირანი 93 მლნ მოსახლეობითა და 1.6 მლნ კმ² ფართობით მე-17 სახელმწიფოა მსოფლიოში, ნავთობის რეზერვებისა და მეორე ბუნებრივი გაზის რეზერვების მიხედვით კი მესამეა. ამავე დროს, ირანი სასმელი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის. თუ ირანის ბუნებრივ რესურსებს ერთ სულ მოსახლეზე დავითვლით, უპირატესობა გარკვეულწილად იკარგება, მაგრამ მხოლოდ გარკვეულწილად.
მიუხედავად იმისა რომ ნავთობის მარაგებით ირანი მესამეა მსოფლიოში, წარმოებით მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებს. ბუნებრივი გაზის მოპოვებაში კი მესამე ადგილზეა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც მარაგები და წარმოება აცდენილია ერთმანეთთან, სანქციებია. სანქცირებულია რუსეთიც, მაგრამ არის რამდენიმე განმასხვავებელი ფაქტორიც. ირანის სანქცირებას უფრო დიდი ისტორია აქვს. ირანის ნავთობსექტორში საქმიანობა შეერთებულმა შტატებმა 1996 წელს შეზღუდა. რუსეთი სანქცირების შემდეგ აზიის ბაზარზე გადაერთო. ძირითადად აზიაში ყიდის ირანიც თავის ნავთობს, მაგრამ მისი მეზობელი ან რეგიონში მყოფი ქვეყნების უმრავლესობას: ერაყი, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, იემენი, ომანი, თურქმენეთი (გაზი), აზერბაიჯანი საკუთარი გაზი და ნავთობი გააჩნია.
აზერბაიჯანი და რეგიონის სხვა სახელმწიფოები
ფოტო: Google map
სომხეთი მცირე ბაზარია და ისიც რუსეთს აქვს ათვისებული. თურქეთმაც ცისფერი ნაკადით რუსული გაზის შესყიდვა 2022 წლამდე დაიწყო. 240 მლნ-იანი პაკისტანი დიდწილად სანქციებს ითვალისწინებს და ვაჭრობის მოცულობა მინიმალურია. განუვითარებელი ინფრასტრუქტურის გამო მარაგების მიუხედავად ირანის გაზის ექსპორტი მინიმალურია, მეტიც ჩრდილოეთ რეგიონებს თურქმენეთიდან ამარაგებს. ნავთობის და ისიც ნედლი ნავთობის ძირითადი შემსყიდველი ჩინეთია. ნავთობის დეფიციტის მქონე ჩინეთს ირანისა და რუსეთის სანქცირება ამ ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი ფასდაკლების მიღების საშუალებას ანიჭებს.
მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მხოლოდ ბუნებრივ რესურსებზე დაყრდნობით, ირანში ვერ იქნება ცხოვრების ისეთი დონე როგორიც ქუვეითსა და კატარშია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მიზეზია, მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მისი პოლიტიკაა. საუდის არაბეთის მთლიანი ეკონომიკა ირანისაზე 60%-ით მეტია, ეს მაშინ, როცა ირანის გაზის მარაგი მასზე 4-ჯერ მეტია. დემოკრატია არც საუდის არაბეთშია და ზოგ შემთხვევაში იქ სურათი უფრო მძიმეცაა. საარჩევნო უფლება ქალებმა მხოლოდ 2011 წელს მიიღეს (საუდის არაბეთი აბსოლუტური მონარქიაა და იქ მხოლოდ თვითმართველობის არჩევნები ტარდება), ავტომობილის მართვის უფლება კი კიდევ უფრო გვიან, 2018 წელს, მაგრამ ბევრად უკეთესი და 4-ჯერ უკეთესი ეკონომიკური პირობები საპროტესტო გამოსვლების სურვილს არ აჩენს, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი არსებულზე უკეთესი არც ადრე ყოფილა.
როგორ მოქმედებს სანქციები ირანზე? ობამას დროს, როდესაც ბირთვული შეთანხმება გაფორმდა და სანქციები შესუსტდა, 2016 წელს ირანის ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა, ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას ბირთვული შეთანხმების გაუქმების შემდეგ, 2018 წელს ეკონომიკა 3.7%-ით, ხოლო მომდევნო 2019 წელს დამატებით კიდევ 2.4%-ით შემცირდა. გარდა იმისა რომ სანქციები ექსპორტს ზღუდავს, წიაღისეულის მოპოვებასა და მათ გადამუშავებასაც მნიშვნელოვნად ართულებს.
გარდა იმისა, რომ სანქციები ირანში ექსპორტს ზღუდავს, წიაღისეულის მოპოვებასა და მათ გადამუშავებასაც მნიშვნელოვნად ართულებს"
აშშ-ისა და ისრაელის ირანში ომის მიზნები და მიზეზები
დიქტატურული მმართველობა მხოლოდ ირანში არაა. იმავე რეგიონში ადამიანის უფლებებს დიდად პატივს არც სხვა ქვეყნები სცემენ, მაგრამ 2026 წლის მარტის მდგომარეობით ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაცია მხოლოდ ირანს ბომბავს. სხვა დიქტატორული სახელმწიფოები ბირთვულ პროგრამაზე არ მუშაობენ. მართალია, პაკისტანს ბირთვული იარაღი 1998 წლიდან გააჩნია, მაგრამ პაკისტანი სხვა რომელიმე სახელმწიფოს პირისაგან მიწისა აღგვით არ ემუქრება და რეალურად ინდოეთისგან თავდასაცავად იყენებს. თეირანში 2017 წელს ისრაელის განადგურების უკუმთვლელი საათი ოფიციალურად დადგეს. ეს არის დიდი ტაბლო, რომლის თანახმადაც 2040 წლამდე ისრაელის სახელმწიფო უნდა დასრულდეს. 2025 წელს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული საათის განადგურების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ირანულმა მხარემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საათი ისევ მუშაობდა.
ე.წ. ისრაელის აღსასრულის მოახლოების აღმნიშვნელი საათი თეირანში
ფოტო: i24news
თეირანში 2017 წელს ისრაელის განადგურების უკუმთვლელი საათი დადგეს. ეს არის დიდი ტაბლო, რომლის თანახმადაც 2040 წლამდე ისრაელის სახელმწიფო უნდა დასრულდეს"
2006 წლიდან ბირთვული იარაღის მფლობელია მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ჩრდილო კორეაც. დესპოტური მმართველობის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია გამოგონილ დანაშაულზე სასჯელი სამ თაობაზე გავრცელდეს და რომელიც პერიოდულად არც საგარეო მუქარებს ივიწყებს, მაგრამ ამ ორ შემთხვევას შორის მაინც არის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება:
1) 1994 წელს ჩრდილო კორეაზე დარტყმა განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი სეულის ფაქტორი გახდა. სეული სადემარკაციო ხაზიდან საარტილერიო ცეცხლის მანძილზე მდებარეობს. ჩრდილო კორეის განკარგულებაში რამდენიმე ათასი ქვემეხია. ეს დღიურად რამდენიმე ათეული ათასი საარტილერიო ჭურვის სროლას ნიშნავდა, რომელთა განადგურება ბევრად უფრო რთულია ვიდრე რამდენიმე ასეული ბალისტიკური რაკეტის. 30-40 კმ-ის დაფარვას მცირე ზომის ჭურვი მხოლოდ 2-3 წუთს ანდომებს, რაც მათ მიზნამდე გაუვნებელყოფას თითქმის შეუძლებელს ხდის;
2) ჩრდილო კორეა ჩაკეტილია და რეგიონული ამბიცია არ გააჩნია, მაშინ როცა ირანს ერაყშიც აქვს გავლენები, (ყასემ სოლეიმანი 2020 წლის იანვარში ბაღდადში მოკლეს) გავლენები ჰქონდა ასადის დროს სირიაშიც, ხოლო მისი პროქსი ძალები აქტიურად მოქმედებენ იემენშიც ჰუსიტების სახით, პალესტინაში ჰამასის სახით და ლიბანში ჰეზბოლას სახით. საპასუხო დარტყმის შიშით ირანი სავარაუდოდ მაინც არ გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს, მაგრამ პროქსი ძალებს უფრო მეტი ძალისხმევით აამოქმედებდა, ამჯერად უკვე დაუსჯელობის სინდრომით. გარდა ამისა, ბოლომდე არც ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში ჩავარდნის საფრთხეა გამოსარიცხი;
3) თუ ირანი შექმნიდა ბირთვულ იარაღს, მაღალი ალბათობით იგივე ამბიცია საუდის არაბეთსა და თურქეთსაც გაუჩნდებოდათ.
საიდან დგინდება, რომ ირანი მართლა ცდილობდა ბირთვული იარაღის შექმნას?
ელექტროსადგურისთვის ურანის 3-5%-ით გამდიდრებაც საკმარისია, ბირთვულ იარაღს 90%-ით გამდიდრებული ურანი ესაჭიროება, ირანს კი ჯერ კიდევ 2025 წლის 12-დღიან ომამდე უკვე ჰქონდა 60%-ით გამდიდრებული ურანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბუნებრივი გაზით ასე მდიდარ სახელმწიფოს იდეაში ბირთვული ელექტროსადგურიც კი არ ესაჭიროება.
ისლამურ რევოლუციამდე ირანი და ისრაელი მოკავშირეები იყვნენ. მოსადი შაჰს სავაკის შექმნაშიც კი დაეხმარა. 1979 წლიდან ირანი ოფიციალურად ანტისიონისტურია. გაცხადებულ დონეზე ებრძვის ისრაელის სახელმწიფოს და არა ებრაელებს, მაგრამ 2009 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადი ნეჯადმა ჰოლოკოსტის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ისრაელის გარდა, ირანის მოკავშირე იყო შეერთებული შტატებიც. 2026 წლის ომამდე, ირანს ჯერ კიდევ ჰყავდა შაჰის დროს ნაყიდი ამერიკული F14 და F16 გამანადგურებლები, რომელთა ნაწილი თებერვალ-მარტში აეროდრომებზევე განადგურდა.
ირანის შეიარაღებული ძალების რაოდენობისა (არმია და გუშაგთა კორპუსი) და ქვეყნის ფართობის გათვალისწინებით, სახმელეთო ოპერაციაზე გადასვლა თეირანის დაკავების მიზნით პრაქტიკულად გამორიცხულია. თუმცა შეზღუდული მასშტაბის ოპერაცია დასაშვებია. ირანის ნავთობისა და გაზის საბადოების უდიდესი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთშია მოქცეული. სპარსეთის ყურეშია სულ რაღაც 20 კმ²-ის ფართობის მქონე ხარგის კუნძულიც, რომლის პორტიდანაც ირანის ნავთობის ექსპორტის 90% ხორციელდება. არაოფიციალურად ჰორმუზის სრუტის ძალის გამოყენებით გახსნასთან ერთად ამ კუნძულის დაკავების შესაძლებლობაც განიხილება.
ირანის ნავთობისა და გაზის საბადოების რუკა
ფოტო: researchgate.net
საქართველო-ირანის ურთიერთობები
იმ დროს, როცა დასავლეთსა და ირანს შორის, ისედაც ნეგატიური ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა, საქართველოსა და ირანს შორის პირიქით გაღრმავდა, თუმცა ძირითადად სადემონსტრაციო ვიზიტების ხარჯზე.
1995-2025 წლებში საქართველომ ექსპორტზე ჯამურად $68 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა, მათგან ირანში — $684 მლნ-ის, რაც მთლიანი ექსპორტის 1%-ია. ირანში ექსპორტმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 2017-2019 წლებში მიაღწია, წლიურად საშუალოდ 74 მლნ-ს (ძირითადად ცხვრის ხორცის ხარჯზე), რაც 2020-2025 წლებში საშუალოდ 32 მლნ-მდე შემცირდა. 2025 წელს ირანის წილი ექსპორტში მხოლოდ 0.5%-ს შეადგენდა. საექსპორტო სამეულში პირველ სამ ადგილს ხე-ტყის მასალა, სიმინდი და მანგანუმის ოქსიდი ინაწილებდა.
თანხობრივადაც და პროცენტულადაც ირანში წილი უფრო მაღალი იმპორტშია, მაგრამ რაიმე ტიპის დამოკიდებულებაზე საუბარი ამ შემთხვევაშიც ზედმეტია. 1995-2025 წლებში ჯამური $193 მლრდ-იანი იმპორტიდან ირანის წილი 1.3%-ს ანუ $2.6 მლრდ-ს შეადგენდა. თანხობრივად ყველაზე მაღალი $285 მლნოიანი იმპორტი 2024 წელს დაფიქსირდა, რომელიც მომდევნო წელს 33 მლნ-ით შემცირდა. იმპორტი დივერსიფიცირებულია, პირველი სამეული კი ასე გამოიყურება: კერამიკული ფილები, პოლიმერი და რძის ნაწარმი.
თუ მხოლოდ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს ავიღებთ, 2013-2025 წლებში ირანის წილი ექსპორტში 1.1%-ს, იმპორტში 1.5%-ს, ხოლო საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 1.4%-ს შეადგენს.
საგარეო ვაჭრობა ირანთან (მლნ. აშშ დოლარი)
ფოტო: საქსტატი
ყიდულობს თუ არა საქართველო ირანისგან ნავთობს? კი ოღონდ ძალიან მცირე ოდენობით. 2009-2025 წლებში (ქვეყნებისა და პროდუქციის მიხედვით ჩაშლილი მონაცემები საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან იძებნება) საქართველომ სულ $15.1 მლრდ-ის ნავთობპროდუქტი შეიძინა, მათ შორის ირანიდან მხოლოდ $43 მლნ-ის, რაც მთლიანი ოდენობის 0.3%-ია.
2006 წლის იანვარში, მაგისტრალურ გაზსადენზე სავარაუდო რუსული დივერსიის შემდეგ, ერთგვარ ფორსმაჟორულ სიტუაციაში საქართველომ ირანისგან გაზი შეიძინა. მას შემდეგ მთავარი მომმარაგებელი აზერბაიჯანი გახდა და ირანული გაზის შესყიდვის აუცილებლობა აღარ დამდგარა.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ირანის წილი კიდევ უფრო მცირეა და დამოუკიდებლობის ისტორიაში ჯამურად $49 მლნ-ს შეადგენს, რაც მთლიანი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 0.2%-ია.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ირანიდან ის პრაქტიკულად არ ხდება. 2013-2025 წლებში გადმორიცხული $29.6 მლრდ-დან ირანის წილი მხოლოდ $1.1 მლნ იყო ანუ 0.004%.
ირანს შედარებით მაღალი 2.6%-იანი წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში უკავია. 2024 წელს მისი წილი 3.4%-ს შეადგენდა. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ირანელმა ვიზიტორებმა საქართველოში 18%-ით ნაკლები დახარჯეს — $124 მლნ $151 მლნ-ის ნაცვლად. ასევე 18%-ით 146 ათასიდან 120 ათასამდე შემცირდა ირანელ ვიზიტორთა რაოდენობაც. ვიზიტორებში ირანელთა წილი კიდევ უფრო ნაკლებია და 1.8%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ირანელი ვიზიტორი საქართველოში საშუალო ვიზიტორზე მეტს ხარჯავს, თუმცა ეს სხვაობა დიდი არაა.
2017-2018 წლებში ირანის წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში 8%-ს აჭარბებდა. 2019 წელს ის განახევრდა და შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა. 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 291-დან 142 ათასამდე შემცირდა ირანელ ვიზიტორთა რაოდენობაც. მნიშვნელოვანი კლების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად საზღვრიდან უკან გაბრუნებების მაჩვენებელი დასახელდა, რაზედაც ირანის ელჩიც აპელირებდა. მთლიანობაში 2016-2025 წლებში (ქვეყნების მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკა 2016 წლიდანაა ხელმისაწვდომი) ირანის წილმა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში 4.1% შეადგინა.
ირანის წილი 2013-2025 წლებში[5] ეკონომიკურ აქტივობაში
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი და სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველო ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ არღვევს, ყოველ შემთხვევაში მსგავსი ფაქტი დადასტურებული არაა. რამდენჯერმე გაიჟღერა ბრალდებამ, რომ, თითქოს, ირანი რუსეთს შაჰიდის ტიპის დრონებს საქართველოს ცის გამოყენებით აწვდიდა, რაც ასევე არ დადასტურებულა. პრობლემა არა პირდაპირი გაგებით სანქციების დარღვევა, არამედ ერთგვარი პოლიტიკური მესიჯია, როდესაც მთავრობის მეთაური ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩადის და ისმენს შეძახილებს "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს":
ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფაზეშქიანის ინაუგურაციაზე 07.2024
ფოტო: gov.ge
პრობლემა არა პირდაპირი გაგებით სანქციების დარღვევა, არამედ მთავრობის პოლიტიკური მესიჯია"
კიდევ ერთ სკანდალში ქვეყანა უკვე 2026 წელს გაეხვა, როდესაც ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიების მოსაწვევზე "ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავიც" ეწერა. რეალურად 410 წლის წინ, 1616 წელს, შაჰ-აბასმა 100 000-ზე მეტი კახელი სპარსეთში იძულებით გადაასახლა და მათ ასევე ძალდატანებით სარწმუნოების გამოცვლა აიძულა. ხელისუფლებას, რომელიც კონსერვატიულად პოზიციონირებს, ფაქტი არ გაუპროტესტებია, მეტიც — ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც დაესწრო. მოსაწვევის შინაარსის შესახებ ინფორმაცია ილიაუნის პროფესორმა გიორგი სანიკიძემ გაავრცელა.
ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიების მოსაწვევი
ფოტო: გიორგი სანიკიძის ფეისბუქგვერდი
10 დღით ადრე, ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ანძა ირანის დროში ფერებში განათდა. ირანში დეკემბერ-იანვარში მოკლულ მომიტინგეთა რაოდენობის მიახლოებითი სიზუსტით დადგენაც კი რთულია. სხვადასხვა წყარო 7 000-დან 36 000-მდე დაღუპულს ასახელებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან დიდი რიცხვია და ერთი თვის თავზე, ანძის განათება ისლამური რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად, იმ რეჟიმის გამარჯვების აღსანიშნავად, რომელმაც ხსენებული რეპრესიები მოაწყო, ალბათ როგორც მინიმუმ გაუგებრად უნდა შეფასდეს.
კიდევ ერთ სკანდალად შეიძლება, რომ ლიკვიდირებულ ალი ხამენეის სამძიმარი და ახალი სულიერი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის მილოცვა მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაში არგუმენტად აზერბაიჯანის იგივე ქმედება არ გამოდგება, აზერბაიჯანი ირანის მეზობელია, მუსლიმურია, ირანში დაახლოებით 20-25 მლნ აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ორჯერ მეტი ვიდრე თავად აზერბაიჯანში და აზერბაიჯანს კონსტიტუციაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ უწერია. რაც შეეხება სომხეთს, სომხეთისთვის წლების განმავლობაში ირანი საქართველოს გარდა ერთადერთი სახმელეთო ალტერნატივა იყო. ერევანს ბაქოსთან და ანკარასთან ურთიერთობები გაუმჯობესებული აქვს, მაგრამ არა ბოლომდე დალაგებული, შესაბამისად მისი პოზიციაც უფრო გასაგებია ვიდრე საქართველოსი.
საქართველო-ირანის ბოლოდროინდელი ურთიერთობები კიდევ უფრო მწვავედ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აღიქმება. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ირანმა რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რამდენიმე ათასი shahed-ის ტიპის დრონი გადასცა, რომლის ბაზაზეც თავის მხრივ რუსეთმა კიდევ რამდენიმე "გარანის" ტიპის დრონი დაამზადა. ირანი ჩრდილო კორეასთან ერთად ომში რუსეთის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია.
ომის შესაძლო შედეგები და პერსპექტივები
რა შედეგით და რამდენ ხანში დასრულდება ირანში ომი, წინასწარ ზუსტი სცენარის განსაზღვრა შეუძლებელია. ფაქტია, რომ ირანის პროქსი ძალები ბოლო სამ წელიწადში საგრძნობლად დასუსტდნენ, ომის შემდეგ ღაზაში ჰამასი, პეიჯერებისა ოპერაციითა და პერიოდული დაბომბვებით ლიბანში ჰეზბოლა, ასადის ჩამოგდების შემდეგ შესუსტებულია პოზიციები სირიაშიც. საკუთრივ ირანში განადგურებული სამხედრო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის აღდგენას დრო და ფინანსები დასჭირდება, რაც გარკვეული პერიოდით მაინც შეაკავებს თეირანს. გადავა თუ არა ვაშინგტონი თუნდაც შეზღუდულ სამხედრო ოპერაციაზე, ამის განსაზღვრაც შეუძლებელია. ჯერჯერობით, 23 მარტის მდგომარეობით, რეჟიმის სტრუქტურული რღვევა არ დაწყებულა.
საქართველოს ომთან პირდაპირი შეხება არ აქვს. დარტყმებისთვის არც ქართული აეროპორტები გამოუყენებიათ და არც ქართული ცა. ომის პირველ დღეებში იწერებოდა, რომ ირანს შესაძლოა მიზანში ლუგარის ლაბორატორია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და აშშ-ის საელჩო ამოეღო. რისკები არ რეალიზდა. შესაძლო დივერსიებზე საუბრისას უნდა ითქვას ისიც, რომ აზერბაიჯანში რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ირანის დავალების, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე აფეთქების მოწყობის მცდელობა ედებათ, ოღონდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
ირიბი გავლენა ორგვარია. ერთის მხრივ საქართველოს ცის დატვირთვა გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება შემოსავლების ზრდაში, თუმცა მეორე მხრივ ნავთობზე ფასების ზრდა საცალო ქსელში საწვავს აძვირებს, გაძვირებული საწვავი კი ინფლაციაზე მოქმედებს. გარდა ამისა, საომარი სიტუაცია საინვესტიციო გარემოს მთელს რეგიონში ნაკლებად მიმზიდველს ხდის. პოტენციურად საქართველოსა და ირანს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მაშინ შეეძლებათ, თუ ირანში რეჟიმი დაემხო, რისი ნიშნებიც ომის დაწყებიდან 3 კვირის თავზე არ ჩანს.

კომენტარები