"მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა" (CMIS) გააანალიზა ქართული ოცნების პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. News.On.ge CMIS-ის პულბიკაციას სრულად გთავაზობთ:

2026 წლის 12 იანვარს ერთი წელი შესრულდება დამოუკიდებელი გამოცემების – "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. მზია ამაღლობელი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი პოლიტიკური პატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში. იგი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა — "იფიცება საქართველო". ეს სტიკერი პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის — ირაკლი დგებუაძისთვის — სილის გაწვნისთვის.

ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელი, დაკავებისთანავე, პარტია ქართული ოცნების პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა. ქვემოთ მოცემულია ქართული ოცნების მიერ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გავრცელებული გზავნილები, რომლებიც “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” გააანალიზა. ქართული ოცნების წარმომადგენლების შეფასებები და განცხადებები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მოძიებულია შემდეგი ონლაინ მედიასაშუალებებიდან: Netgazeti.ge Publika.ge, On.ge, Tabula.ge, ipn.ge, 1TV.GE, "რეზონანსი", Imedinews.ge და Ambebi.ge. მონაცემები შეგროვდა საძიებო სისტემებისა და თეგების გამოყენებით. სულ შეგროვდა და გაანალიზდა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული 38 განცხადება.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე — შალვა პაპუაშვილი, პრემიერმინისტრი — ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების მაშინდელი აღმასრულებელი მდივანი, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე. მათ გარდა, პერიოდულად, განცხადებებს აკეთებდნენ ქართული ოცნების თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის წევრები — ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი და სოზარ სუბარი.

ქართული ოცნების პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ რამდენიმე ძირითად გზავნილს ეყრდნობოდა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე განცხადებაში ერთდროულად იკვეთებოდა:

● მზია ამაღლობელი არის დამნაშავე
● მზია ამაღლობელი არის [ოპოზიციური] პარტიული აქტივისტი
● მზია ამაღლობელი არის უცხოეთის აგენტი, დასავლეთის დაკვეთის შემსრულებელი
● მზია ამაღლობელი არის მოძალადე

გარდა ამისა, ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია თითქოსდა მზია ამაღლობელი პოლიციელებს სტიკერს აკრავდა ზურგზე, ან/და მზია ამაღლობელმა შეაფურთხა პოლიციელს.

გზავნილები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ:

● "მზია ამაღლობელი არის დამნაშავე"

ქართული ოცნების ლიდერები დაკავებისთანავე მზია ამაღლობელს საჯაროდ მოიხსენიებდნენ დამნაშავედ. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ მისი ქმედება ყველას თვალწინ, პირდაპირ ეთერში მოხდა და ამას წარმოაჩენდნენ როგორც "მტკიცებულებას".

13 იანვარს მზია ამღლობელის დაკავებიდან მეორე დღესვე, ქართული ოცნების ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შემთხვევას "უმარტივესი ქეისი" უწოდა, სადაც "პოლიციელს პირდაპირ ეთერში ურტყამს ხელს ქალბატონი". მან დასვა "რიტორიკული" კითხვა — "ოდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში პოლიციელს ურტყამს ხელს, უნდა დაისაჯოს თუ არა?" და თავადვე უპასუხა: "კი… მაშინ ის ადამიანი დაკავებულია კანონიერად — დამთავრდა!" ამგვარად, ქართული ოცნების წარმომადგენელმა დაკავებისთანავე, მზია ამაღლობელი წინასწარ გამოაცხადა დამნაშავედ. 15 იანვარს ასევე მდინარაძემ "მარაზმი" უწოდა ნებისმიერ მცდელობას, ეჭვქვეშ დაეყენებინათ ეს შემთხვევა. მან თქვა, რომ მიუღებელია "ნანახის საწინააღმდეგოდ" საუბარი, რადგან: "მზია ამაღლობელის მიმართ პირდაპირ ეთერში მტკიცებულება შექმნა თავად მზია ამაღლობელმა". 7 მაისს კი კიდევ ერთხელ გაიმეორა: "მზია ამაღლობელი არის სავარაუდო დამნაშავე, რაც საბოლოოდ, განაჩენით დადასტურდება". 30 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა – "…კამერების წინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული…"

მზია ამაღლობელის დაკავებიდან მალევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რიტორიკაში გაჩნდა სიტყვა – სინანული/მონანიება. ისინი აცხადებდნენ, რომ მზია ამაღლობელისგან ელოდნენ სინანულის გამოხატვას და შეცდომის აღიარებას ჩადენილი საქციელისთვის, რითაც თითქოს ირიბად მიანიშნებდნენ, რომ ამაღლობელის მკაცრი დასჯა დანაშაულის მოუნანიებლობით იყო გამართლებული.

"არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან", — განაცხადა 29 იანვარს ირაკლი კობახიძემ. 8 თებერვალს მან კვლავ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ "პოლიციელს გაარტყეს სახეში ხელი და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით". "მე არ მახსოვს, არავის მოუსმენია ამდენი ხნის განმავლობაში თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ", — განაცხადა 29 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ ამაღლობელის საქციელი "ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად" მოიხსენია. "საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე", — განაცხადა მან.

● "მზია ამაღლობელი არის პარტიული აქტივისტი"

ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობდნენ მზია ამაღლობელი ასევე წარმოეჩინათ როგორც პარტიული აქტივისტი. ამ გზავნილის გავრცელებაში განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე გამოირჩეოდა.

"სინამდვილეში, ეს ადამიანი არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი", — განაცხადა 15 იანვარს ირაკლი კობახიძემ. იგივე გაიმეორა 29 იანვარს, ერთ-ერთ ინტერვიუში. მან ასევე გაავრცელა დეზინფორმაციაც, თითქოს მზია ამაღლობელმა სტიკერი პოლიციელს მიაკრა და თქვა, რომ იგი "პარტიული აქტივისტის" როლში მოქმედებდა. კვლავ ეს გზავნილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს უკვე 21 ოქტომბერს, როდესაც ჟურნალისტის კითხვის პასუხად ამბობდა, რომ საქართველოში არცერთი ჟურნალისტი არ არის დაპატიმრებული და „მხოლოდ პარტაქტივისტები არიან დაჭერილი". მან მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტიკური პატიმრები "კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტაქტივის" ნაწილად მოიხსენია და აღნიშნა, რომ როგორც პარტიული აქტივისტები, ისე არიან დაკავებული.

● "მზია ამაღლობელი არის უცხოეთის აგენტი, დასავლეთის დაკვეთის შემსრულებელი"

ქართული ოცნების წარმომადგენლები მზია ამაღლობელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებდნენ უცხოელ აქტორებს და აცხადებდნენ, რომ იგი იყო "დასავლეთიდან მართული“, რომ მისი ქმედებები უცხოელი „კურატორების“ დავალებით ხდებოდა და ქვეყნის ინსტიტუტების დასუსტებას ემსახურებოდა. ეს გზავნილი ყველაზე ხშირად ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის — შალვა პაპუაშვილის მიერ ჟღერდებოდა.

"გაოგნებული ვარ, ევროკავშირის ელჩის განცხადებებით ამ დღეების განმავლობაში, გუშინაც ჰქონდა განცხადება, რაც იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს თავისი თავის დაზიანება გაეგრძელებინა", განაცხადა 18 თებერვალს შალვა პაპუაშვილმა. ამის შემდეგ არაერთხელ გაიმეორა იგივე, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესების პერიოდში, როდესაც ხედავდა, ამ პროცესებისადმი დიპლომატიური კორპუსის მაღალ ინტერესს. “ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი დატვირთვა, რაც მათ [დიპლომატიური კორპუსის] ყოფნას სასამართლო დარბაზში აქვს, ეს არის ზეწოლა მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება”, – განაცხადა მან 7 მარტს. უფრო მეტიც, ერთ-ერთ კომენტარში პაპუაშვილმა ელჩები პირდაპირ დაადანაშაულა ამაღლობელის ვითომდა წახალისებაში. “მზია ამაღლობელი ან მისი გულშემატკივრები თუ სადმე ეძებენ დამნაშავეებს, თუ რატომ არის ასეთი სასჯელი, ეს დამნაშავეები ისხდნენ იმ დარბაზში ელჩების სახით”, – აღნიშნა მან 8 აგვისტოს.

"გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა…", – განაცხადა 3 თებერვალს მამუკა მდინარაძემ. "უცხოელი აგენტებისა და მათი პატრონების გარდა არავინ აპროტესტებს ამაღლობელის შემთხვევას", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ 20 მარტს. მან განაცხადა, რომ აგენტების მთავარი მიზანი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების "დასუსტება, დაკნინება და ჩამოშლა“ იყო. მსგავსი გზავნილები — უცხოეთის ინტერესით მოქმედება, დაკვეთის შესრულება და აგენტურული საქმიანობა — კობახიძემ შემდეგაც არაერთხელ გაავრცელა (მაგ. 16 აპრილს,10 ივლისს).

ქართული ოცნების სხვადასხვა წარმომადგენლები ცდილობდნენ დისკრედიტაცია მოეხდინათ იმ საერთაშორისო მხარდაჭერისა, რომელიც ჟურნალისტმა დაპატიმრებისთანავე მიიღო. მაგალითად, 19 ივნისს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, "სიგიჟეებით არის გაჯერებული". მას შემდეგ, რაც საერთაშორისო პრესის ინსტიტუტმა (IPI) ამაღლობელი "მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირად" დაასახელა, ქართულმა ოცნებამ 10 ოქტომბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და კონსპირაციულ თეორიას დაუკავშირა, რომლის თანახმადაც ე.წ. დიპ სტეიტი უხეშად ლახავს სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს. განცხადების თანახმად,"ამაღლობელის გმირად გამოცხადება არა მხოლოდ მისი წახალისებაა, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების რიგებში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხრელად შეასრულებს "დიპ სტეიტის" დავალებებს".

23 ოქტომბერს, ევროპარლამენტის მიერ მზია ამაღლობელისთვის "სახაროვის პრემიის" მინიჭებამ კიდევ უფრო გაამწვავა ქართული ოცნების რიტორიკა — შალვა პაპუაშვილმა პრემიის მინიჭებას "წამქეზებლობა" უწოდა, ხოლო ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამაღლობელმა "შეასრულა დავალება" და რომ მისი დაჯილდოება სხვა არაფერია თუ არა „რადიკალიზმისა, კრიმინალის წახალისება".

● "მზია ამაღლობელი არის მოძალადე"

ქართული ოცნების პროპაგანდაში მზია ამაღლობელი და ასევე მისი მხარდამჭერები ხშირად "მოძალადეებად" ან/და "ძალადობის წამქეზებლებად" იყვნენ წარმოჩენილი. ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ამაღლობელის ქმედება იყო "ძალადობრივი აქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ".

29 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაღლობელის პატიმრობაზე "პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ კვირებისა და თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას". კობახიძემ, მათ შორის, ახსენა ოპოზიციის ლიდერები და უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები, რომლებმაც, მისი თქმით, "წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ".

20 მაისს, შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საქართველოში გერმანიის ელჩი მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ელჩის მხრიდან "თავისუფლება მზიას" ბანერის ფონზე ჩაწერილ ინტერვიუს. "ამით მან მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა იმ მოსამართლეს, რომლის პროცესსაც, მისივე განცხადებით, აკვირდებოდა. იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ "დაკვირვების" მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამდე მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას "დიდი ძმა" აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის", — წერს პაპუაშვილი პოსტში.

10 ივლისს შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას მზია ამაღლობელზე დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი, რომელიც გმობს ძალადობას, "თავად აფინანსებს მოძალადეებს". ოქტომბერშიც — მზია ამაღლობელისთვის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემის შემდეგ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამით დასავლეთი "მოძალადეებს გმირებად წარმოაჩენს“.

● ცრუ ბრალდებები პოლიციელისთვის სტიკერის მიკვრისა და შეფურთხების გამოგონილ ფაქტებზე

ქართული ოცნების სხვადასხვა წარმომადგენელი ავრცელებდა დეზინფორმაციას "პოლიციელისთვის სტიკერის მიკვრის ინციდენტთან" დაკავშირებით, რომელსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

29 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი "პოლიციელებს სტიკერებს აკრავდა ზურგზე". იგივე გაიმეორა პირველ თებერვალს დავით მათიკაშვილმა: "საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქალბატონმა ჯერ სცადა პოლიციელებზე პირდაპირ სტიკერების მიკვრა", ხოლო 3 თებერვალს მამუკა მდინარაძემ, რომელმაც დაამატა: "ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას". "ჩვენ ვნახეთ, როდესაც დააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე, არ მგონია ეს იყო ნორმალური საქციელი", — განაცხადა 12 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა.

კიდევ ერთი მცდარი ბრალდება, რომელიც ამაღლობელის წინააღმდეგ გავრცელდა უკავშირდებოდა მისი მიერ პოლიციელისთვის შეფურთხებას. 23 ოქტომბერს დეპუტატმა ნინო წილოსანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელმა "შეაფურთხა პოლიციელს", რათა პროტესტი "ქაოსსა და ექსტრემიზმში" გადაზრდილიყო.

ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა ცხადყო რომ ქართული ოცნება პროპაგანდის მეშვეობით მზია ამაღლობელის დემონიზებას და დისკრედიტაციას ცდილობდა, რაც ჟურნალისტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და მანიპულირებას ისახავდა მიზნად.. აღნიშნული კი წარმოაჩენს პარტიის პოლიტიკას პრესის თავისუფლების და ზოგადად დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. მათი დამოკიდებულებები და ქმედებები პირდაპირ მიესადაგება ავტოკრატიის ლოგიკას, სადაც პოლიტიკური ლიდერები ნაცვლად ანგარიშვალდებულებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით ხელმძღვანელობისა, საზოგადოების მანიპულირებას მიმართავენ და დამოუკიდებელი მედიას ზღუდავენ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.