თიბისის განათლების პროექტები: მიღწევები, რეგიონების მხარდაჭერა და გზა უკეთესი მომავლისკენ
ფოტო: თიბისი
ხშირად ადამიანებს მხოლოდ პატარა ბიძგი გვჭირდება იმისთვის, რომ დასახული მიზანი რეალობად ვაქციოთ. ამ პროცესში ნელ-ნელა იხსნება წარმატებისკენ მიმავალი ისეთი გზები, რომლებიც ადრე დაუძლეველი გვეგონა. სწორედ სწავლა გვაძლევს მოტივაციას, ვცადოთ, არ დავნებდეთ და ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია — მთავარია გჯეროდეს.
თიბისი კონცეპტმა, ამის აღსანიშნავად, 3 დეკემბერს განათლების შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ — პარტნიორებთან, განათლების სფეროს ექსპერტებთან და თიბისის სხვადასხვა პროექტის მონაწილეებთან ერთად — თიბისის მისიაზე, მთავარ მიღწევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, თიბისის განათლების პროექტები სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გაიღრმაონ ცოდნა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით და დაეუფლონ მომავლისთვის საჭირო უნარებს.
"წლების წინ დავიწყეთ მუშაობა და, გზად, ბევრი რამე ვისწავლეთ. ჩვენი მომავალი ახალგაზრდობაზეა დამოკიდებული და გვინდოდა, შემოგვეთავაზებინა ისეთი სიახლე, რომელიც მათ განვითარების შესაძლებლობასა და საინტერესო არეების პოვნაში დაეხმარებოდა", — აღნიშნა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პრეზენტაციისას.
თიბისის საგანმანათლებლო პროექტები — მათ შორის, თიბისი ტექ სკოლა, თიბისი კამპუსი, AI საოლიმპიადო კურსი, IT აკადემია, რისკების აკადემია და პარტნიორებთან ერთად შექმნილი ტექნოლოგიური განათლების სხვადასხვა პროგრამები — სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს ხარისხიან და სრულიად უფასო განათლებას.
მხოლოდ ტექ სკოლაში 4,000-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, ამათგან 40% რეგიონებიდან, ხოლო გოგონების წილი 49%-ს შეადგენდა.
"როცა თბილისში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა შედარებით მაღალია და სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტი საშუალება აქვთ მათთვის სასურველ მიმართულებაში განვითარდნენ, გვინდა, არ დავივიწყოთ რეგიონები. ჩვენ წლებია ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად შესაძლებელია ამ პროექტების განხორციელება არა მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც", — დასძინა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ფოტო: თიბისი
წელს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება, ბრინჯაოს მედალი, მოიპოვა.
თიბისი კამპუსმა სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობებიც შექმნა, რომლის მონაწილეების 48% რეგიონებიდან იყო. გარდა ამისა, IT აკადემიას დღეს უკვე 5,000 კურსდამთავრებული და დასაქმებული სტუდენტების პროცენტული მაჩვენებელი 98%-ს აღწევს. რაც შეეხება რისკების აკადემიას, 200-ზე მეტი მონაწილით დაკომპლექტებულმა პროექტმა, ყველა კურსდამთავრებული დაასაქმე.
აღსანიშნავია, რომ თიბისი ფიზიკა-მათემატიკის სკოლებს აფინანსებს ქუთაისსა და ფოთში და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას AI და დიზაინის მიმართულებებით — აგრეთვე, MAC Georgia-სა და ამერიკის სავაჭრო პალატის სასტიპენდიო პროგრამა, რომლის სპონსორი სწორედ თიბისი ბანკია. ამ პროგრამით, დღეს, 65 სტიპენდიატი სრულიად უფასოდ იღებს განათლებას, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
"ცოდნა არის წარმატების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე უალტერნატივო იარაღი...დღეს, ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ ახალგაზრდა პროფესიონალებს, ახალი თაობას და ბიზნესებს", — აღნიშნავს მაკუნა თავბერიძე, თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი — "....ვფიქრობ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის, ახალგაზრდების განათლებაში ხელშეწყობა შეუცვლელი აუცილებლობაა, ამიტომ თიბისიც აგრძელებს განათლების მიმართულების გაძლიერებას".
თიბისის ხედვა განათლების პროექტების შესახებ
შემაჯამებელი ღონისძიების საკვანძო ნაწილი პანელური დისკუსიები იყო, რომელშიც თიბისიმ პარტნიორებთან და განათლების სხვადასხვა პროექტების მონაწილეებთან ერთად პროექტების წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ფოტო: თიბისი
პირველ პანელურ დისკუსიას გიორგი ისაკაძე უძღვებოდა, ხოლო სპიკერები — ნინო ენუქიძე (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი); გიგი გიორგაძე (GAIA-ს დირექტორი); გვანცა მურღვლიანი (თიბისის თიბისის HC დირექტორი); ვეფხვია ლომინაშვილი -(თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერი) და თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი ალექსანდრე (საშა) მაყაშვილი იყვნენ.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ენუქიძე, აღნიშნავს, ჰაბი ხუთ საერთაშორისო ოლიმპიადას მოიცავს, მათ შორის — ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას ინფორმატიკაში, ევროპის გოგონათა ოლიმპიადას ინფორმატიკაში, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადას, საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში და AI-ის მსოფლიო ოლიმპიადას.
"გვაქვს ამბიცია, რომ ქვეყნის მასშტაბით შევაგროვოთ ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა, მათემატიკითა და, ზოგადად, STEM მიმართულებით დაინტერესებული, მივცეთ მათ დამატებით ცოდნა და შევძინოთ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ,მიიღონ საერთაშორისო სივრცეში ასპარეზობის საშუალება", — ჰყვება ნინო ენუქიძე.
ის აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო ინიციატივებში ინკლუზიურობის კომპონენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ მოსწავლეებს, რეგიონების მასშტაბით, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ მსგავს ინიციატივებში.
GAIA X თიბისი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორმა, გიგი გიორგაძემ, პანელზე ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის წარმატებაზე ისაუბრა. მისი თქმით საამაყოა, ისეთი ქვეყნების გვერდით დგომა, როგორებიც სინგაპური, ამერიკა და ჩინეთია.
"ამ წარმატებას შემდეგ სტრატეგიული პარტნიორობა მოჰყვა, რომელიც მოიცავს საქართველოში AI-ს მიმართულებით არსებულ ნებისმიერ ინიციატივას, მათ შორის, განათლების, ახალი თაობის გაზრდისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა პროექტს", — ამბობს გიგი გიორგაძე
რისკების აკადემია
გვანცა მურღვლიანმა, თიბისის HC დირექტორმა, პანელზე თქვა, რომ IT აკადემიის წარმატების შემდეგ, გადაწყვიტეს, რისკების აკადემია შეექმნათ.
"ბაზარზე, რისკების მიმართულება არ არის ძლიერი და ჩვენ კადრების დეფიციტიც კი შეგვექმნა ამ მიმართულებით და მივმართეთ განათლების სფეროს", — ჰყვება ის — "200 ადამიანი გვყავს გადამზადებული და, მათგან, თიბისიში 30% მუშაობს, დანარჩენები სხვადასხვა ცნობილ კომპანიებში არიან დასაქმებულები".
ალექსანდრე მაყაშვილმა, თიბისი სტრატეგიული პროექტების ლიდერმა, თიბისის, განათლებასთან დაკავშირებულ, სულისკვეთებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ისინი ფასეულობებს სამ ნაწილად ყოფენ — როგორ ბიზნესს, მოქალაქეს და ემოციური თვალსაზრისით.
"ჩვენ ვალდებულებასაც ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყნის განვითარებას ხელი შევუწყოთ, ხოლო განვითარებისთვის კი აუცილებელია ახალ თაობას გადასცე ცოდნა და გამოცდილება", — საუბრობს ის — "ვცდილობთ ისეთი მიმართულებები ვასწავლოთ, რაშიც შესაბამისის კომპეტენციები გვაქვს, ბიზნესი, ტექნოლოგიები და STEM საგნები".
მისი თქმით, თიბისის საგანმანათლებლო პროგრამების იდეა არის, რომ ადამიანს, შესაძლოა, ფინანსურად ჰქონდეს საშუალება, მაგრამ არ ჰქონდეს მსგავს ინიციატივებთან წვდომა. თიბისის ახალი პროგრამების დახმარებით, მოსწავლეებს, ნებისმიერი რეგიონიდან, შეუძლიათ დაესწრონ ლექციებს და გაიღრმაონ თავიანთი ცოდნა.
თიბისის განათლების პროექტების მონაწილეები
მეორე პანელურ დისკუსიაში, თავიანთი გამოცდილება, ცოდნა და წარმატება თიბისის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებმა გაგვიზიარეს.
AI ოლიმპიადის ნაკრების წევრმა, გიგი მოლაშხიამ, ისაუბრა იმაზე, რომ სკოლის ასაკში მოსწავლისთვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოხვედრა, დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ოლიმპიადაზე. "ყველას ვურჩევდი, რომ AI-ს სწავლა, რაც შეიძლება მალე დაიწყონ, იმდენად მზარდი სფეროა, რომ, თუკი ჩამორჩი, შეიძლება, მისი დაწევა, გაგიჭირდეს",— აღნიშნა გიგიმ.
თიბისის ტექსკოლაში მონაწილეობის სურვილი, ანა კვაჭანტირაძეს, ტექნოლოგიური მიმართულებების მიმართ დიდმა ინტერესმა გაუჩინა. სამი განსხვავებული კურსის დასრულების შემდეგ, ის ფიქრობს, რომ სწორედ მათ იქონიეს გავლენა მის სამომავლო პროფესიაზე. ანა უკვე ტექსკოლის კურსდამთავრებულია, მისი სურვილია, სწავლა პროგრამირების მიმართულებით გააგრძელოს.
თიბისის კამპუსის გამოცდილებაზე საუბრისას, კურსდამთავრებულმა, ანა კუბეციამ აღნიშნა, რომ მომავლის პროფესიის შერჩევისას, მას სწორედ თიბისი კამპუსი დაეხმარა.
ფოტო: თიბისი
რაც შეეხება IT აკადემიას, 21 წლის ლუკა ბერიშვილმა, გასულ წელს, გადაწყვიტა, რომ თავისუფალ დროს ახალ პროფესიას დაუფლებოდა და, მალევე, მან IT აკადემიაში, Data ანალიტიკის კურსი დაიწყო. დღეს ის თიბისის ერთ-ერთ თანამშრომელია.
"ალბათ, ყველა ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროშია, მათი 90% ბავშვობაში ვიდეო თამაშებით იყო დაინტერესებული, ვფიქრობ, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და ტექნოლოგიური ხელსაწყოების მეგობრობა", — ამბობს On.ge-სთან IT აკადემიის კურსდამთავრებული, ლუკა ბერიშვილი.
ქვეყნისა თუ საზოგადოების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია ინდივიდუალურ მიღწევებზე, რომელსაც განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება განაპირობებს. ამიტომ, თიბისის საგანმანათლებლო პროექტები სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და მოემზადონ მომავლის გამოწვევებისთვის.
კომენტარები