უფლებადამცველი ანა არგანაშვილი აქციებში ბავშვთა მონაწილეობას ეხმაურება — რა არის დაშვებული ასეთ დროს?
რუსთაველზე მიმდინარე აქციებისას კადრებში არასრულწლოვანებიც გამოჩნდნენ. ფაქტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და მშობლებს ან/და სხვა კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდა განარიდონ ბავშვები აღნიშნული ტერიტორიიდან.
აქვთ თუ არ ბავშვებსა და მცირეწლოვნებს მშვიდობიან მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლება? საკითხს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს;
"ზოგადი პრინციპები ბავშვთა მონაწილეობაზე მშვიდობიან აქციებსა და მანიფესტაციებში, პოსტი მიზნად არ ისახავს კონკრეტული სიტუაციის შეფასებას, არამედ ზოგად ინფორმირებას ბავშვთა უფლებებზე.
ბავშვის უფლება მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან შეკრება მანიფესტაციაში ეფუძნება გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-15 მუხლს.
ბავშვების მონაწილეობა მშვიდობიან აქციებში მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობისა და ცვლილებების განხორციელებისათვის როგორც ეროვნულ ისე, გლობალურ დონეზე. ბავშვები სარგებლობენ განსაკუთრებული დაცვით, ამ უფლების განხორციელებისას. ეს უფლება უნდა განვიხილოთ ბავშვის სხვა უფლებებთან ერთიანობაში და დისკრიმინაციისგან დაცვის კონტექსტში (ბავშვების ასაკის თუ კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის თუ სხვა საფუძვლის გამო).
სახელმწიფო ვალდებულია:
1. პატივი სცეს ბავშვის გამოხატვის და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლებას, და არ შეზღუდვის იგი გარდა საერთაშორისო სამართლით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა. ეროვნული კანონმდებლობა არ შეიძლება ითვალისწინებდეს ასაკზე დაფუძნებულ შეზღუდვას მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის დროს. ასევე არ შეიძლება კანონმდებლობა მოითხოვდეს მშობლის თანხმობას ბავშვის მონაწილეობისთვის და სხვა დაუსაბუთებელ შეზღუდვებს. სახელმწიფომ ასევე ხელი უნდა შეუწყოს ბავშვების მიერ სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და ონლაინ აქტივიზმს დაცული და უსაფრთხო გზების უზრუნველყოფით.
2. სახელმწიფომ უნდა მიიღოს გონივრული ზომები რათა მესამე პირებმა არ დაარღვიონ ბავშვების ეს უფლება, მაგ. აქციაზე აგენტ პროვოკატორებმა და კონტრ-დემონსტრანტებმა და სხვებმა
3. სახელმწიფომ აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვების მიერ მანიფესტაციაში მონაწილეობას და ამ უფლების განხორციელებას. მათ შორის ბავშვების განათლებით, პოლიციის გადამზადებით და სხვა.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ უფლების ყველა შეზღუდვა უნდა ეყრდნობოდეს კანონიერების, აუცილებლობის და პროპორციულობის პრინციპს.
რისკები (რეალური ან პოტენციური) რაც შეიძლება ახდეს ბავშვის მონაწილეობას, არ შეიძლება იყოს ერთადერთი მიზეზი ბავშვის მონაწილეობის აკრძალვისა.
პოლიციის მთავარი მიზანი აქციაზე უნდა იყოს ხალხის და, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოების დაცვა. პოლიციამ პრეზუმფციად უნდა მიიღოს, რომ ხალხს აქვს მშვიდობიანი მიზნები, მათ შორის ბავშვებს.
პოლიციის ქმედება უნდა იყოს მიმართული კომუნიკაციაზე, ნდობის დამყარებასა და შენარჩუნებაზე ყველასთან და, განსაკუთრებით, ბავშვებთან. საჭიროა მიმდინარეობდეს დიალოგი მონაწილეებსა და პოლიციას შორის. პოლიციამ უნდა შეატყობინოს საკუთარი მიზნები მონაწილეებს, მათ შორის, ბავშვებისათვის გასაგები საკომუნიკაციო გზით.
საგამონაკლისო გარემოება, როცა შეიძლება შეიზღუდოს ბავშვის მონაწილეობა უნდა იყოს:
1. შესაბამისობაში კანონთან, აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, ეროვნული ინტერესის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების. შეზღუდვა უნდა იყოს უკანასკნელი ზომა. შეზღუდვამ არ უნდა გამოაცალოს ბავშვის მონაწილეობის უფლებას არსი.
ეროვნული კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს, შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული რისკისა, ჰქონდეს კონკრეტული მოცულობა,იყოს დროში განსაზღვრული და ყველაზე ნაკლებად ინტრუზიული.
მსოფლიოს კონფლიქტის ზომონებშიც კი ბავშვის გამოხატვის და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლება არ იზღუდება ავტომატურად. შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ზემოთ ხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე ბალანსის ტესტით და მხოლოდ დროებით. თუ ბავშვის მონაწილეობა აქციაში შეიზღუდა, ბავშვის უფლებაა რომ შეზღუდვის პროცესი, შედეგი და მიზეზები იყოს გამჭვირვალე და მისთვის ახსნილი. ასევე ბავშვის აზრი ამ შეზღუდვაზე უნდა მოსმენილ და გათვალისწინებულ იქნას სრული სერიოზულობით ხოლო ბავშვს, გადაწყვეტილების ყველა ეტაპზე მიეწოდოს მისი ასაკისთვის შესაბამისი და მისაწვდომი ინფორმაცია. ბავშვს შეუძლია ყველა უფლების შეზღუდვა გაასაჩივროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამისთვის მოითხოვოს ხელმისაწვდომი იურიდიული დახმარება სახელმწიფოსგან.
მანიფესტაციის დაშლა: აქციის დაშლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ არის აშკარა მტკიცებულება სერიოზული ძალადობის მყისიერი რისკისა, რომელიც არ შეიძლება შეჩერდეს უფრო პროპორციული ზომებით, მაგალითად ინდივიდუალური მონაწილის დაკავებით. მანიფესტაციის დაშლის დროს პოლიციამ უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ბავშვები არ დაშორდნენ მშობლებს, ამიტომ, დაშლის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე უნდა მიეწოდოს აქციის მონაწილეებს, რათა ჰქონდეთ დრო მშვიდად დატოვონ ბავშვებმა და მშობლებმა აქცია. აქციის დაშლაზე მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ბავშვებისთვის გასაგები. სამართალდამცავები უნდა შეეცადონ მოახდინონ ბავშვების იდენტიფიცირება მათთვის დახმარების გაწევა, რათა უსაფრთხოდ დატოვონ აქცია. იმ მანიფესტაციის დეესკალაციაში, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები, ის სამართალდამცავი უნდა მონაწილეობდეს, რომელსაც აქვს გავლილი სპეციალური ტრენინგი ბავშვების და სხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებზე (General comment No. 37 (2020) on the right of peaceful assembly (article 21), para. 80)
როცა ბავშვები მონაწილეობენ აქციაში, სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა და ისე გადაჭრან წარმოშობილი კონფლიქტები, რომ არ გამოიყენონ ძალა. ხოლო ამის აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში, კი გამოიყენონ მინიმალური ძალა და მხოლოდ იმდენი ხნით, რამდენი ხანიც აბსოლუტურად აუცილებელია. განვიხილოთ ძალის გამოყენების მაგალითები:
დეზორიენტაციის და აკუსტიკური იარაღი: გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებულად მტკივნეულია ბავშვებში და მოითხოვა მათი აკრძალვა აქციაზე სადაც ბავშვები არიან.
ქიმიური აგენტები (ცრემლსადენი გაზი) შესაძლოა ბავშვების სიცოცხლის საფრთხეს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით თუ ბავშვს აქვს ასთმა, ბრონქო დაავადებები, ამიტომ, ქიმიური აგენტები არასოდეს უნდა გამოიყენონ აქციის დასაშლელად ბავშვების წინააღმდეგ და მათ წინააღმდეგ, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს.
ბავშვების დაკავება აქციაზე: ბავშვების სანქცირება არასოდეს შეიძლება მოხდეს, იმის გამო რომ მათ აქციაში მონაწილეობა მიიღეს. მაშინაც კი, როდესაც აქცია გახდა ძალადობრივი, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს ჯგუფურ და შერჩევით დაკავებას ან თავისუფლების შეზღუდვას. თუ ვინმე ინდივიდუალურად ძალადობს, უნდა მოხდეს მათთან ინდივიდუალური გამკლავება პოლიციის მხრიდან.
ბავშვების დაკავება აქციაზე უნდა იყოს უკანასკნელი ზომა და ეს უნდა მოხდეს ბავშვის ასაკისთვის შესაბამისი ფორმით (CRC 37). ბავშვი არ შეიძლება დააკავოთ პრევენციულად ან ადმინისტრაციული დაკავების სახით. ბავშვის დაკავება შეიძლება მხოლოდ მაშინ მოხდეს თუ ბავშვი უქმნის მყისიერ საფრთხეს თავის თავს ან სხვებს და ყველა სხვა საშუალება ამოწურული. ბავშვის დაკავების ფორმა არ შეიძლება იყოს დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი და იგი მხოლოდ უმცირესი დროით შეიძლება მოხდეს. ბავშვის დაკავება არ შეიძლება მოხდეს ძალადობრივი მეთოდებით.
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვები მუქარისგან, სასჯელის ან შურისძიებისგან მათ მიერ შეკრება მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო, მათ შორის ოჯახის, სკოლის და მასწავლებლების მხრიდანაც.
ყველა ბავშვს, რომელსაც დაერღვა გამოხატვისა და შეკრება მანიფესტაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება, უნდა შეეძლოს მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი უფლებები.
სამართალდამცავებმა და უფროსებმა უნდა მიაწოდონ ბავშვებს სრულფასოვანი ინფორმაცია, მათთვის გასაგებ ენაზე, აქციაში მონაწილეობის შედეგზე, მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, რისკებზე და საფრთხეებზე, მათ უფლებებზე და სხვების ვალდებულებებზე, რათა ბავშვებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომელიც თავისუფალი იქნება ზეწოლისგან ან მუქარისგან. სამართალდამცავებმა ასევე უნდა გააცნონ ბავშვებს, როგორ დაიცავენ მათ უფლებებს მონაწილეობის შემთხვევაში. სამართალდამცავები უნდა შეეცადონ, რომ ბავშვები, რომლებიც ახორციელებენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, პოზიტიურად წარმოჩინდნენ, მათ შორის, ადამიანის უფლებების დამცველი ბავშვები.
ჟურნალისტებს ისევე როგორც აქციის სხვა წევრებს აქვთ უფლება ჩაიწერონ სამართალდამცავების მოქმედება, რათა არ დაირღვეს ბავშვების მანიფესტაციის და შეკრების თავისუფლება." — წერს ანა არგანაშვილი
კომენტარები