ახმეტის 5 სკოლაში ზარი მზის ენერგიით ირეკება — ევროკავშირისა და CENN-ის კლიმატის პროგრამის შედეგები
დედამიწაზე კლიმატი საგრძნობლად იცვლება, რის შედეგებსაც უკვე ნათლად ვხედავთ, იქნება ეს თბური ტალღები, რეკორდული სიცხეები, ძლიერი გვალვები თუ სხვა. გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართულობა კლიმატთან დაკავშირებულ პროცესებში. სწორედ ამას ემსახურება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი CENN-ის საქართველოს კლიმატის პროგრამა, რომლის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებშიც, კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში საინტერესო პროექტები განხორციელდა.
ერთ-ერთი მათგანი არაკომერციული სათემო ორგანიზაცია მატანი XXI-ის მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და მის სამიზნე აუდიტორიას სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. პროექტის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზება და პრაქტიკული გამოყენება, ასევე ახალგაზრდებში კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა
პროექტის შესახებ მატანი XXI-ის წარმომადგენელი ნათია ფილაშვილი გვესაუბრა, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თემის გაძლიერებაში აქტიურადაა ჩართული.
"კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კლიმატგონივრული გადაწყვეტებისა და რესურსების მდგრადი გამოყენების კუთხით, რაც უფრო მეტად გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრებას, ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილებას. ამის დახმარებით შესაბამისობაში მოვალთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, რომლის ვალდებულებაც ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს.
აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება ჩვენს სოფლებში აქტუალური საკითხი არ არის, შესაბამისად მის პოპულარიზებასაც შევუწყვეთ ხელი. სკოლის მოსწავლეებისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკული მაგალითის ჩვენება მათ რეალურ სარგებელს დაანახებს", — ამბობს ის.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად გამოკითხვის შედეგად ხუთი საჯარო სკოლა შეირჩა, მათ შორის მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფლის სკოლები. ესენია:
- სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა;
- სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლა;
- სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლა;
- სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლა;
- სსიპ ახმეტის N1 საჯარო სკოლა.
ნათიას თქმით, სკოლა, ოჯახთან ერთად, ბავშვების სწორი მიმართულებით აღზრდაში უდიდეს როლს ასრულებს, ამიტომ მოსწავლეებს ამ ასაკიდანვე უნდა ჰქონდეთ გააზრებული კლიმატის ცვლილებაში საკუთარი როლის მნიშვნელობა. ისინი არამხოლოდ თეორიულად უნდა ისმენდნენ, რა მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის პროცესში, არამედ ამ ყველაფერს პრაქტიკულადაც უნდა ხედავდნენ.
მისი აზრით, ასეთი პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა ხორციელდებოდეს, რადგან ჩვენს ქვეყანას განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით კი მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ენერგიის ასეთი წყაროები მაღალმთიან რეგიონებში ერთადერთ ალტერნატივად რჩება. მაგალითად, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე თუშეთის თემი მთლიანად მზის ენერგიით მარაგდება. ამ რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები კი მსგავსი მაგალითების საფუძველზე ამ ენერგიების გამოყენების მნიშვნელობას უკეთესად ხედავენ და ინტერესიც უჩნდებათ.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები
პროექტი სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა, მათ შორის ზემოთ აღნიშნულ ხუთივე საჯარო სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო სახის ტრენინგები კლიმატის ცვლილების მიმართულებით შემდეგ თემებზე:
- კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პოლიტიკა;
- კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები და ბრძოლის ინსტრუმენტები;
- კლიმატის ცვლილების შერბილება/მიტიგაცია, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
- წყალი და კლიმატის ცვლილება;
- განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების როლი კლიმატის ცვლილების პროცესებში;
- კლიმატური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკების მართვა და შემცირება.
"ტრენინგების ერთ-ერთი საკითხი კლიმატის ცვლილების პოლიტიკა იყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. განვიხილეთ, როგორი ვითარებაა ამ მხრივ მსოფლიოში. განსაკუთრებული ყურადღება იმ გამოწვევებსა და ბრძოლის ინსტრუმენტებზე გავამახვილეთ, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებობს.
ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ შეუძლიათ თავად სკოლის მოსწავლეებს ამ პროცესში ჩართვა. მათ დავეხმარეთ იმის გააზრებაში, რომ არამარტო თვითონ უნდა დაიწყონ ამ საკითხებზე ფიქრი, არამედ ჩართონ მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრებიც. მაგალითად, ხაზი გავუსვით წყლის დაზოგვის მნიშვნელობასა და შემოდგომაზე ფოთლების დაწვის (რაც ახმეტის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია) უარყოფით შედეგებს. მოსწავლეებს ავუხსენით, რას იწვევს ფოთლების დაწვა, როგორ უკავშირდება ეს კლიმატის ცვლილებას და რა ალტერნატივა არსებობს", — აცხადებს ერთ-ერთი ტრენერი, ეკატერინე მებაღიშვილი.
მისი თქმით, ტრენინგის განმავლობაში ისაუბრეს საქართველოში მომხდარ კატასტროფებზეც, რომლებიც სწორედ გლობალურ დათბობას უკავშირდება. მეტი ყურადღება დაეთმო კახეთის მხარეს, იქ მდებარე მეწყრულ ზონებს, წყალდიდობების შემთხვევებს და სხვა. მიზანი ის იყო, რომ ეს ყველაფერი მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებასთან დაეკავშირებინათ.
განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვა სკოლებში
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ზემოთ აღნიშნულ სკოლებში მზის პანელების განთავსება იყო, რომელთა საშუალებითაც ხუთივე სასწავლო დაწესებულებაში ელექტრონული ზარი განახლებად, ამ შემთხვევაში მზის, ენერგიაზე მუშაობს.
დამონტაჟდა მზის პანელზე მომუშავე გარე განათების ნათურებიც. ამ აქტივობის მიზანი იყო როგორც ტრადიციული ელექტროენერგიის გამოყენების შემცირება, ასევე სკოლის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციულ პერსონალში განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზება.
"ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს თეორიული ცოდნა გადავეცით, მეორე მხრივ კი მათ სკოლებში მზის პანელები დავამონტაჟეთ, რაც პრაქტიკული ნაწილი იყო. ბავშვებმა თავად დაინახეს, რა შედეგი მოაქვს განახლებად ენერგიებს, კერძოდ, როცა სკოლებში დენი ითიშება, ზარი სწორედ მზის ენერგიის მეშვეობით ირეკება და გარე განათების ნათურებიც ანათებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს დიდი სურვილი გაუჩნდათ, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია საკუთარ სახლებშიც ჰქონდეთ. სკოლის დირექციებმა კი გამოთქვეს სურვილი, რომ განახლებად ენერგიაზე არამხოლოდ ზარი და ნათურები, არამედ მთლიანი სკოლის განათება და გათბობაც მუშაობდეს", — ამბობს ეკატერინე მებაღიშვილი.
ფოტო: მაიკო გაგუა/On.ge
ფოტო: მაიკო გაგუა/On.ge
ფოტო: მაიკო გაგუა/On.ge
მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში დამონტაჟებული მზის პანელები შემოწმდა ექსპერტის მიერ, რომელთან ერთადაც იმყოფებოდნენ პროექტის გუნდის წარმომადგენლები. სასწავლო დაწესებულებებთან გაფორმდა მემორანდუმიც, რომლის ფარგლებშიც,მზის ელექტროსადგურის ამუშავების შემდეგ მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა სკოლის ადმინისტრაციამ აიღო.
არტ-კონკურსი და შემაჯამებელი შეხვედრა
ნათია ფილაშვილი გვიყვება, რომ ტრენინგების განმავლობაში ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასაც. სწორედ ამიტომ, შემდეგ ეტაპზე დაინტერესებული მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ინოვაციების ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც ნახეს, როგორ მიმდინარეობს ტექნოლოგიური ინოვაციების შემუშავება კლიმატის ცვლილების პროცესში.
"ტრენინგების განხორციელების შემდეგ გამოვაცხადეთ არტ-კონკურსი, რომელსაც რამდენიმე მიმართულება ჰქონდა: ნახატი, ფოტო და პოსტერი. მასში მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსის თემა იყო — ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება.
მონაწილეების ნამუშევრებში ნათლად ჩანდა კლიმატის ცვლილების შედეგები, რომლებსაც ისინი საკუთარ საცხოვრებელ გარემოში ხედავენ და აღიქვამენ. თითოეულ კატეგორიაში გვყავდა სამი გამარჯვებული, რომელთაც მზის ენერგიაზე მომუშავე ასაწყობი რობოტები გადავეცით", — ამბობს ნათია.
არტ-კონკურსის გამარჯვებულები ახმეტის ტექნოპარკში ჩატარებული შემაჯამებელი შეხვედრისას გამოვლინდნენ. იქ მოწვეულნი იყვნენ სამიზნე სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ესენია: კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, შპს აირონ+ და ახმეტის ტექნოპარკი.
"შემაჯამებელ შეხვედრაზე ონლაინ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტი ნიდერლანდებიდან, სებასტიან ჰენდრიკ სტერლი, რომელმაც განახლებადი ენერგიების მიმართულებით ევროპის გამოცდილებაზე ისაუბრა. მან მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვის კუთხით თავისი მრავალწლიანი მუშაობის ისტორია გაუზიარა, მზის პანელებზე აქცენტირებით.
შეხვედრის დროს სინქრონული თარგმანი მიმდინარეობდა და მონაწილეებს შეკითხვების დასმა შეეძლოთ. როგორც მათი უკუკავშირიდან შევიტყვეთ, ამ საკითხში უფრო მეტად გამოცდილი ქვეყნების მაგალითების გაზიარება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო", — გვიყვება ნათია.
მისი თქმით, პროექტის მიზანი მიღწეულია. ამაზე კი ის მიანიშნებს, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელებისა და სამომავლოდ განახლებადი ენერგორესურსების დანერგვის სურვილი მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებმაც გამოთქვეს.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კომენტარები