რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
სასამართლომ რომ ეფექტურად იმუშაოს, საამისოდ ბევრი მნიშვნელოვანი პირობა არსებობს და მოსამართლეთა რაოდენობის განსახილველ საქმეთა რაოდენობის შესაბამისობაში მოყვანაც მათ შორის არის. საქართველოში, წლებია, ეს პირობა დარღვეულია და დღეისათვის საერთო სასამართლოები მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობით ფუნქციონირებენ. რა უშლის ხელს ამ პრობლემის გადაჭრას? ჩვენი რესპონდენტები გამოწვევის მიღმა სასამართლო სისტემაში არსებული კონკრეტული ჯგუფისა და ხელისუფლების შესაძლო მიზანზე მიუთითებენ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი უპასუხოდ დატოვეს On.ge-ს შეკითხვა — როგორ ხედავენ საკითხის გადაჭრის გზებს.
დემოკრატიაში მართლმსაჯულებას სამართლიანობის მცველის როლი აკისრია — სასამართლოს კანონის უზენაესობისა და ინდივიდების უფლებების დაცვა ევალება. სისტემაში არსებული მოსამართლეთა დეფიციტი კი ერთ-ერთია საქართველოში არსებულ იმ ფაქტორებს შორის, რაც ამ მიზნის რეალიზებისთვის ბარიერებს ქმნის.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე წლებია, აღიარებს, რომ სასამართლოებში იმაზე ცოტა მოსამართლეა, ვიდრე საჭიროება მოითხოვს: "მთავარი პრობლემა, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა გამოსწორდეს, სასამართლოს გადატვირთულობაა. საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობის წინაშე ვიყოთ მართლები, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად და არ იქნება საქმეების გაჭიანურება", — თქვა 2022 წელს ლევან მურუსიძემ, მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ.
პერიოდულად, მოსამართლეთათვის ვაკანსიებიც ცხადდება, მაგრამ ეს არ ცვლის სურათს და მაინც, 2024 წლის მონაცემებით, 100-ზე მეტი მოსამართლის ვაკანსია ისევ შესავსებია.
მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა "მუხრუჭია" მართლმსაჯულების სისტემის ეფექტური ადმინისტრირებისთვის:
- ცოტა მოსამართლისა და ბევრი განსახილველი საქმის პირობებში, სასამართლო პროცესი ხანგრძლივად ჭიანურდება;
- გაჭიანურებული საქმეები კი, საზოგადოებაში იწვევს ნდობის დაქვეითებას სამართლიანობის მიმართ.
- თუკი მოსამართლის ვაკანტური ადგილები შეივსება, მოსამართლეთა განსახილველი საქმეთა რაოდენობა პროპორციულად შემცირდება.
გაიგე მეტი: გაჭიანურებული სასამართლო პროცესები — პრობლემა, რომელსაც ყველა აღიარებს
რატომ ვერ ინიშნებიან მოსამართლეები
"ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ, რომ საქმეთა გადატვირთულობის დასაძლევად, ქართულ სასამართლოს, დაახლოებით, 100 მოსამართლის დამატება ესაჭიროება და ამის მიღწევა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი", — გვითხრა გიორგი მშვენიერაძემ, ორგანიზაციიდან – დემოკრატიის მცველები. მშვენიერაძე, წლებია, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ ინიციატივებში მონაწილეობს.
ის მიიჩნევს, რომ "უბრალოდ, კლანმა და მათთან ერთად, პოლიტიკოსებმა მოახერხეს, რომ სასამართლო ჩაკეტილი გახდა". ეს კი, სასამართლო სისტემაში ახალ ნაკადებს აფერხებს, რადგან
მშვენიერაძე მოსაზრებას ასაბუთებს იმ პრაქტიკითაც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო აყალიბებს. მისი თქმით, როდესაც ვაკანსია ჩნდება და ცხადდება კონკურსი, მასში, როგორც წესი, მონაწილეობას ისევ მოქმედი მოსამართლეები იღებენ:
- "ოღონდ, ერთი სასამართლოდან "გადაინიშნებიან" მეორე სასამართლოში და მერე ვაკანსია ცხადდება იმ სასამართლოში, სადაც ის ადამიანი მანამდე მუშაობდა", — ამბობს ის. "ეს ხდება იმიტომ, რომ სინამდვილეში, არ არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელთაც ჩაბარებული აქვთ სასამართლო გამოცდა, დამთავრებული აქვთ იუსტიციის უმაღლესი სკოლა და უკვე მოსამართლეები არიან. ეს ბარიერები კი ხელოვნურად არის შექმნილი."
მშვენიერაძე, პრობლემის მიზეზებზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლა ერთ-ერთი "ჩამკეტია", და ასევე, სასამართლო სისტემის კლანის განზრახვა, რომ მოსამართლეთა მცირე რაოდენობაზე გადანაწილებული საქმეებით გამოწვეული ვადაგადაცილებები, მათზე ზემოქმედების ბერკერად აქციოს.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა — შესაძლებლობა სამოსამართლო კარიერისთვის, თუ "ჩამკეტი"?
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან, მოსამართლედ დასანიშნად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა ერთ-ერთი პირობაა.
"საერთოდ სკოლა, როგორი სახითაც ის დღეს არსებობს, არ უნდა არსებობდეს. მოსამართლეს, რომელმაც უკვე ისწავლა, მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება, მიიღო მაგისტრის ხარისხი, ჩააბარა სასამართლოს გამოცდა და ამით დასტურდება, რომ ის კვალიფიციური იურისტია, აღარ უნდა სჭირდებოდეს პრე-რეკვიზიტად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 16 თვე სიარული იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ მოსამართლედ დანიშნოს, ან არ დანიშნოს, და არავის უნდა, რომ ამდენი დრო დაკარგოს ამ პროცესში", — ამბობს მშვენიერაძე.
გაიგე მეტი: როგორ გავხდე მოსამართლე
სამართალმცოდნე მიიჩნევს, რომ კანდიდატები, მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე, სხვა ყველა წესის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა ინიშნებოდნენ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქცია კი უკვე დანიშნული მოსამართლეების მუდმივი გადამზადება უნდა იყოს პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად ან ტექნიკური უნარების გასაუმჯობესებლად.
"ამ ადამიანებმა, მოსამართლეობის კანდიდატებმა, სამართალი უკვე იციან — ეს დადასტურებულია მოსამართლის გამოცდითაც და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტითაც. უფრო მეტიც, როდესაც პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს, იქაც კი არ არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლის სავალდებულო პირობა და არ მესმის, რა საჭიროა, ეს მოთხოვნა ქვედა ინსტანციების სასამართოებში იყოს", — ამბობს მშვენიერაძე.
გიორგი მშვენიერაძე კიდევ ერთ პრობლემად ასახელებს იმასაც, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაბარების მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია, "წელიწადში 20 ადამიანს იღებენ და ისე შეიძლება გავიდეს წელი, რომ არც გამოაცხადონ მიღება."
იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელზეც გიორგი მშვენიერაძე საუბრობს, 2018 წლის შემდეგ აღარ ანახლებს მონაცემებს მსმენელთა რაოდენობის თაობაზე.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის, როგორც სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ახალი ნაკადის დამაბრკოლებელი ფაქტორის შესახებ საუბრობდა 7 არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2021 წელს. ისინი მიუთითებდნენ სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის მოტივაციაზე; ჯგუფის, რომელსაც კლანად მოიხსენიებენ ხოლმე.
- "ახალი კვალიფიციური კადრების შედინება და მოსამართლეთა რაოდენობის ზრდა, პირდაპირ კავშირშია სასამართლოს შიგნით გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლების შემცირებასთან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მეშვეობით.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო მკაცრად აკონტროლებს ახალი კადრების მართლმსაჯულების სისტემაში შედინების პროცესს და ქმნის მნიშვნელოვან ბარიერებს.
- დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია გადაიხედოს უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი სკოლის ფორმირების მექანიზმი, ისე, რომ მაქსიმალურად შესუსტდეს საბჭოს ძალაუფლება ახალი ადამიანების მოსამართლეთა პროფესიაში შესვლის კონტროლზე.
- ამასთან მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია დაწესდეს ცხადი და არადისკრიმინაციული მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად გაართულებს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას", — აღნიშნავდნენ ისინი.
მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებულ საჯაროობისა და გამჭვირვალობის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს სასამართლოს გუშაგი.
ორგანიზაციის ხედვით, პრობლემურია განმასხვავებელი პირობები პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა შერჩევასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცესს შორის, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს.
"კერძოდ, ორგანული კანონი იმპერატიულად ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების საჯაროობას, მაშინ, როდესაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, როგორც წესი, დახურულია, თუ თავად კანდიდატი არ მოითხოვს მის გასაჯაროებას.
- საინტერესოა, რატომ არ არის განსაზღვრული საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა შესარჩევად ისეთი გამჭვირვალე და ღია პროცედურები, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისას", — აღნიშნავენ ისინი.
რაში ხედავენ გამოსავალს პროფესიული ჯგუფები? მათ, 2021 წელსვე განსაზღვრეს სასამართლო სისტემის რეფორმის 7-ეტაპიანი კონცეფცია. ხელისუფლებას ეს რეკომენდაციები დღემდე არ გაუთვალისწინებია. სხვა წინადადებებთან ერთად, ორგანიზაციების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რეფორმის შედეგად:
- სასამართლო ხელისუფლების ჩაკეტილობისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელთ არსებული ძალაუფლების დეცენტრალიზაციისათვის, აუცილებელია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე შეიქმნას იუსტიციის უმაღლესი სკოლის ალტერნატივები, რომლებიც მოსამართლეობის მსურველთა უფრო ფართო სპექტრს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინოს სათანადო ცოდნა, და შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, სასამართლო სისტემაში კარიერის განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
On.ge ასევე ესაუბრა ნინა ჩიხლაძეს, საჯარო სამართლის მაგისტრს და ანალიტიკური პლატფორმა კომენტარის სამართლის პოლიტიკის მიმართულების ანალიტიკოსს.
კითხვაზე, რა შეიძლება აჭიანურებდეს მოსამართლეთა 100-ზე მეტი ვაკანტური პოზიციის შევსებას, ის რამდენიმე მიზეზს გამოყოფს, თუმცა, მანამდე გვესაუბრებრება იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება იყოს სასამართლო სისტემისავე ინტერსში, არ ინიშნებოდნენ ახალი მოსამართლეები.
გადატვირთულობა, როგორც ზეწოლის ბერკეტი: "თუ მოსამართლეთა ნაკლებობა გვაქვს, ცხადია, უფრო მეტი დატვირთვა მოდის არსებულ მოსამართლეებსა და მათ ადმინისტრაციაზე. შესაბამისად, მეტი ტვირთი შეიძლება იყოს მექანიზმი მათზე ზეწოლისათვის."
რატომ? ვკითხეთ მას.
"თუ მოსამართლე დათქმულ ვადაში არ განიხილავს საქმეს, ეს შეიძლება იყოს დისციპლინური წარმოების საფუძველი მის მიმართ", — განგვიმარტავს ჩიხლაძე და იხსენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც მიემართებოდა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს — ნინო ბაქაქურსა და ეკატერინე გასიტაშვილს.
- "მგონია, რომ ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს", — თქვა მათზე პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ, რაც გასიტაშვილი და ბაქაქური არ დაეთანხმნენ უზენაესი სასამართლოს მიერ, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას.
ვაკანტური ადგილები, როგორც მოსამართლეთა დაწინაურებისა და ჩამოქვეითების შესაძლებლობა: ნინა ჩიხლაძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თუ მუდმივად იარსებებს ვაკანსიები, ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოიყენებს როგორც დამჯერი მოსამართლეების წასახალისებლად, ასევე, ურჩების დასასჯელად: "ეს შეიძლება იყოს ერთი მხრივ, ზოგი მოსამართლის სააპელაციოდან ქვემო, პირველ ინსტანციაში ჩამოქვეითების მექანიზმი და მეორე მხრივ — დაწინაურების შესაძლებლობა", — ამბობს ის.
ისიც ვარაუდობს, რომ სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეების დანიშნვა, საბჭოსთვის ქმნის გამოწვევას, "რომ ისინიც გააერთიანოს ამ კლანის ირგვლივ იმიტომ, რომ არსებული შემადგენლობა, მიუხედავად ზოგიერთი გამონაკლისისა, საბოლოო ჯამში ერთსულოვანია და ამას სულ ვხედავთ მოსამართლეთა ყოველწლიურ კონფერენციებზე."
2024 წლის 24 მარტი: მოსამართლეთა კონფერენცია "შეშფოთებულია" მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების გამო და განცხადებას ავრცელებს
მისი მოსაზრებით, კიდევ ერთი ბარიერი სწორედ სასამართლოს რეპუტაციაა, რომლის გათვალისწინებით, შესაძლოა, მოსამართლეობის იმ მსურველებს, რომელთაც კრიტიკული მოსაზრებები აქვთ მართლმსაჯულების სისტემაზე, არ სურდეთ, გახდნენ სისტემის ნაწილი.
საგულისხმოა, რომ სასამართლო გუშაგის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი ბოლოს 2022 წლის 25 ნოემბერს გამოცხადდა, სადაც მოსამართლეობის მსურველთა უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.
კერძოდ, გამოცხადებული იყო კონკურსი 76 ვაკანტურ ადგილზე, ხოლო განაცხადების რაოდენობა საერთო ჯამში 21-ს არ აღემატებოდა.
მოსამართლეთა ვაკანსიები წლების მიხედვით — პრობლემა მონაცემებში
- 2017 წელი: კონკურსი 136 ვაკანსიაზე გამოცხადდა, საიდანაც მხოლოდ 98 მოსამართლე დაინიშნა, თუმცა, საბოლოოდ, სხვადასხვა მიზეზით, მოსამართლის 55 ვაკანტური ადგილი მაინც თავისუფალი დარჩა;
- 2018 წელი: კონკურსი 43 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა. აქედან თავდაპირველად, 32 მოსამართლე დაინიშნა, მაგრამ საბოლოოდ, სხვადასხვა საფუძვლით, 45 ვაკანტური ადგილი დარჩა;
- 2019 წელი: სხვადასხვა საფუძვლით, 99 ვაკანტური ადგილი იყო თავისუფალი, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკურსი საერთოდ არ გამოუცხადებია;
- 2020 წელი: მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა კონკურსი და 36 მოსამართლე დაინიშნა. საბოლოოდ, სხვადასხვა საფუძვლით, 78 ვაკანტური ადგილი დარჩა თავისუფალი;
- 2021 წელი: კონკურსი ორჯერ, ჯამში 88 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა; დაინიშნა 47 მოსამართლე. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 90 ვაკანტური ადგილი დარჩა თავისუფალი.
მონაცემები ეყრდნობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, 2021 წლის 26 ოქტომბერს მოწოდებულ ინფორმაციას სასამართლოს გუშაგისთვის.
დაბოლოს, მოსამართლეთა დეფიციტის აღმოფხვრა და მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება მხოლოდ სამართლებრივი ეფექტიანობის საკითხი არ არის, ის დემოკრატიული პრინციპების დაცვის ფუნდამენტიცაა — დემოკრატია კანონის წინაშე თანასწორობისა და ყველა მოქალაქისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის იდეას ეფუძნება. მოსამართლეთა სიმცირე კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს და მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვას უწყებს ხელს. სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ ნდობა კი, სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.
ამ სტატიაზე მუშაობისას On.ge დაუკავშირდა იუსტიიის უმაღლეს საბჭოსაც. გვინდოდა, სამართლის ექსპერტებთან ერთად, მკითხველისთვის პრობლემიდან გამოსავლის გზებზე საბჭოს პერსპექტივაც შეგვეთავაზებინა, თუმცა, მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები