მოკლედ: პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, გუშინ, 17 აპრილს, კანცელარიასთან, პოლიციელები მას "გამეტებით ურტყამდნენ", შედეგად კი — ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი.

  • "უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით", — უთხრა ელისაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას.

მსგავსი: ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე

დეტალები: ელისაშვილის თქმით, პოლიციამ ის მთავრობის კანცელარიიდან დიდუბის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც "ადამიანური გარემო იყო":

  • რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავი დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო. მოვედი მერე კლინიკაში, ძალიან მტკიოდა, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი".

კონტექსტი: გუშინ, 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

  • საქართველოს პარლამენტთან, რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები, კანცელარიასთან ავიდნენ იმ მიზნით, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოეთხოვათ.
  • ალეკო ელისაშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და კანცელარიის ტერიტორიიდან გაიყვანა.

გაიგე მეტი: მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა

გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კანცელარიასთან 2 პირი დააკავეს.

  • უწყების თქმით, დაკავებულები "არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში".

  • მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს ცივი იარაღი აღმოუჩინეს.