რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
ფრინველები გასაოცარი არსებები არიან, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს არა ხმელეთზე, არამედ ცაში ატარებენ. ყოველდღიურად ვხედავთ, ჩვენს ზემოთ რამდენად შორს გადაადგილდებიან ისინი, მაგრამ ოდესმე დაფიქრებულხართ, მაქსიმალურად რა სიმაღლეს აღწევენ?
ამ მხრივ ნამდვილი რეკორდსმენი Gyps rueppelli, იგივე რიუპელის სვავია.
ამ მტაცებელი სახეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი 1973 წელს დასავლეთ აფრიკაში მდებარე კოტ-დ’ივუარის თავზე მოძრავ კომერციულ თვითმფრინავს შეეჯახა. შედეგად, აპარატის ერთ-ერთი ძრავა დაზიანდა, თუმცა მან ხმელეთზე უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. სამწუხაროდ, თავად ფრინველისთვის ყველაფერი ასე კარგად არ დასრულებულა.
ვერ გავიგებდით, რომელმა ფრინველმა გამოიწვია ეს ინციდენტი, რომ არა თვითმფრინავში ჩარჩენილი 5 მთლიანი და 15 არასრული ბუმბული, რომელთა შესწავლამაც სახეობის იდენტიფიცირება გახადა შესაძლებელი.
ეს სწორედ Gyps rueppelli აღმოჩნდა. შეჯახება კი ზღვის დონიდან 11 300 მეტრ სიმაღლეზე დაფიქსირდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რომელიც აქამდე დაფიქსირებულა.
ეს მტაცებელი ფრინველები სოციალურობით გამოირჩევიან და მონოგამიურ წყვილებს ქმნიან, ხოლო ახალგამოჩეკილ მართვეებზე დაახლოებით 150 დღის განმავლობაში ერთად ზრუნავენ. ისინი აფრიკაში, საჰელის რეგიონში, არიან გავრცელებულნი. რიუპელის სვავი საჰარის უდაბნოდან სუდანის სავანამდე საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გვხვდება, მათ შორის ზიმბაბვეში, სენეგალსა და ეთიოპიაში. დროდადრო ეს ფრინველები ხმელთაშუაზღვისპირეთშიც ინაცვლებენ.
ისინი გადაშენების ზღვარზე არიან. აფრიკისთვის ენდემური ბევრი სახეობის მსგავსად, მათ პოპულაციას საფრთხეს საბინადრო არეალის დაკარგვა, ნადირობა და საკვების (ამ შემთხვევაში, ლეშის) ნაკლებობა უქმნის. მნიშვნელოვანი პრობლემაა მოწამვლაც, რასაც პესტიციდები და პრეპარატი დიკლოფენაკი იწვევს, რომელიც ვეტერინარიაში გამოიყენება. ის Gyps rueppelli-სთვის მომაკვდინებელია, თუკი ეს ფრინველი მისით გაჟღენთილ ლეშს შეჭამს.
ამ გასაოცარი სახეობის წარმომადგენლების სიგრძე თითქმის ერთი მეტრია. მათ თავზე ბუმბულები არ აქვთ, რაც, მეცნიერთა დასკვნით, ევოლუციური ადაპტაციის შედეგია, რადგან სხეულს ამ ნაწილს ისინი ჭამისას ლეშში ყოფენ. რიუპელის სვავის გაშლილი ფრთები 2 მეტრამდე აღწევს და მათი დახმარებით ისინი ძალიან მაღლა დაფრინავენ, რისი დასტურიც 1973 წლის მოვლენაა.
ამის მიუხედავად, არც ეს და არც სხვა ფრინველები ჩვეულებრივ ამ სიმაღლემდე არ ადიან, რაც ჟანგბადის მცირე კონცენტრაციას უკავშირდება. ამ მხრივ გამორჩეულ სახეობებს შორის აღსანიშნავია რუხი წერო, რომელიც 10 000 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, და მთის ბატი, რომლის მაქსიმალური მაჩვენებელიც 7 300 მეტრია.
კომენტარები