ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის, იგივე ბერნარ 33-ის, გასაოცრად მკაფიო სურათები გადაიღო. მათში ამ ობიექტის შთამბეჭდავი დეტალები მოჩანს.
კადრებში ვხედავთ აირის ტურბულენტურ ტალღებს, რომლებიც ჩვენგან 1 300 სინათლის წლით დაშორებული მოლეკულური ღრუბლის, ორიონ B-ს, დასავლეთ კიდესთან მოჩანს. თავად ნისლეულს მკვრივი და ცივი აირის ერთობლიობა ქმნის. ის ზედა მარცხენა კუთხეში განლაგებული ახალგაზრდა მცხუნვარე ვარსკვლავის მიერაა განათებული.
ცხენის თავის ფორმის მქონე სტრუქტურის ჩამოყალიბება შედარებით მსუბუქი აირის ეროზიითაა განპირობებული, რამაც იქ უფრო მკვრივი მასები დატოვა. ამის მიუხედავად, ეს მატერია მუდმივად არ შენარჩუნდება, რადგან დაახლოებით 5 მილიონ წელში მასაც იგივე ელის.
მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ახლო ინფრაწითელმა კამერამ ცხენის თავის ნისლეულის მცირე არეალის ახლო გამოსახულება გადაიღო. მასზე ვხედავთ აირისა და მტვრის სქელ ღრუბელს, რომელსაც მრუდე ფორმა აქვს. მის უკანა ფონზე შორეული ვარსკვლავები და გალაქტიკები მოჩანს. ფოტოს ზედა მხარეს არსებული ვარსკვლავის გარშემო დიფრაქციული შვერილებია, რომლებიც ვების სურათებისთვისაა დამახასიათებელი.
მეორე გამოსახულება ტელესკოპმა მთავარი კამერით, შუა ინფრაწითელი ხელსაწყოთი, გადაიღო. მასზეც ბერნარ 33-ის ერთ-ერთი რეგიონია აღბეჭდილი, რომელში არსებულ აირისა და მტვრის მოთეთრო-მოლურჯო სქელ მასასაც, მუქი სიცარიელეებით, ფოტოს ნახევარი უკავია.
ეს ნისლეული ე.წ. ფოტოდისოციაციური ადგილია, სადაც ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავები მათ გარშემო განფენილ აირსა და მტვერს ათბობს. ცივი ღრუბლები, მეტწილად, ახლად წარმოქმნილ მნათობებთან ახლოს, ცხელ იონიზებულ აირებს შორისაა, მოქცეული.
ფოტოდისოციაციურ რეგიონებში ამგვარი მნათობების ულტრაიისფერი გამოსხივება ზემოხსენებული ღრუბლების ქიმიაზე ახდენს გავლენას. ამგვარი არეალები გვხვდება იქ, სადაც აირი საკმარისად მკვრივია, რათა იონიზაციას შეეწინააღმდეგოს, მაგრამ არა იმდენად მკვრივი, რომ ულტრაიისფერმა სინათლემ მასში გაიაროს. ამგვარი პროცესების შესასწავლად ცხენის თავის ნისლეული იდეალური სამიზნეა, რადგან ჩვენთან ახლოს მდებარეობს.
ახალი მონაცემები arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება.
კომენტარები