სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
სასამართლო სისტემა, სხვა უწყებებთან ერთად, დიდ გავლენას ახდენს ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. ძირითად შემთხვევაში სწორედ სასამართლოზეა დამოკიდებული მსხვერპლის სამართლებრივი დაცვა, ისევე, როგორც უსაფრთხოება და მხარდაჭერა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, შემდეგი ძალადობის პრევენცია.
სტატიაში სწორედ სასამართლოს როლზე ვისაუბრებთ — რა მექანიზმები, ბერკეტები და გამოწვევები აქვს სისტემას და როგორ რეაგირებს ის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე.
შემაკავებელი და დამცავი ორდერი
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს, სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გარდა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმებიც გამოიყენება, შემაკავებელი და დამცავი ორდერის სახით. მათი გამოყენება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სისხლისსამართლებრივ მექანიზმებთან ერთად.
შემაკავებელი ორდერს შინაგან საქმეთა სამინისტრო მსხვერპლის დაცვის მიზნით და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოსცემს.
ეს გათვალისწინებულია ორ შემთხვევაში:
- როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ოჯახის წევრებს შორის;
- როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით.
დამცავი ორდერი კი პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტია, რომლითაც მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები განისაზღვრება.
განსხვავებები შემაკავებელ და დამცავ ორდერს შორის
- შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით, ხოლო დამცავი ორდერის გამოცემა შესაძლებელია მაქსიმუმ, 9 თვით.
- შემაკავებელი საჩივრდება პირველ ინსტანციაში და შემდეგ სააპელაციოში, დამცავი ორდერი — მხოლოდ სააპელაციოში.
შემაკავებელ ორდერს გამოსცემს შსს, მაგრამ მისი გასაჩივრების შემდეგ, გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ასევე სასამართლოა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება, ამოქმედდეს თუ არა ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი.
როგორც ქალთა უფლებადამცველი და უფლებები საქართველოს იურისტი, ელისო რუხაძე On.ge-სთან ამბობს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების დროს და ელექტრონული ზედამხედველობის ამოქმედების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება დამცავ ორდერს, უფლებადამცველი გვეუბნება, რომ სასამართლოს "ძალიან მაღალი სტანდარტი აქვს": აუცილებელია მტკიცე, წონადი და ღირებული მტკიცებულებების არსებობა, "რაც ძალადობის დროს ძალიან იშვიათია. ხშირად ძალადობა უხილავია და მსხვერპლს არ აქვს რესურსი და შესაძლებლობა მსუყე მტკიცებულებები შეაგროვოს", — განმარტავს ელისო რუხაძე.
სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკაა მოცემული, შემაკავებელი და დამცავი ორდერების რაოდენობით.
ორგანიზაცია სასამართლო გუშაგის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, თუ რას განსაზღვრავს დამცავი ორდერი, ის შეიძლება, ქმედითი და ეფექტიანი საშუალება იყოს ძალადობის მსხვერპლის დასაცავად და ძალადობის პრევენციისთვისაც.
"შესაბამისად, სასამართლოს განუზომლად დიდი როლი აქვს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამგვარ საქმეებზე მიღებული სამართლიანი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები მოძალადისგან მსხვერპლის დაცვას უზრუნველყოფს", — ვკითხულობთ ორგანიზაციის შეფასებაში.
აღკვეთი ღონისძიება
თამარ ლუკავა — ორგანიზაცია საფარის იურისტების კოორდინატორი აცხადებს, რომ ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოს, პრევენციულად, დიდი როლი აქვს. მისი თქმით, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად შეაფასოს საქმეები და ასე მიიღოს გადაწყვეტილება.
"მოსამართლემ ყველა საქმე უნდა შეისწავლოს ინდივიდუალურად, გადაწყვეტილებებიც ყველა საქმეზე უნდა იყოს ინდივიდუალურად მიღებული და რისკები უნდა შეფასდეს სწორად. თუ ამის შესაბამისად იხელმძღვანელებს მოსამართლე, ეს იქნება პრევენციის ერთ-ერთი საშუალება", — ამბობს თამარ ლუკავა.
იურისტის თქმით, ფემიციდის თითქმის ყველა საქმეზე სასჯელი 18-წლიანი პატიმრობაა, რაც ცუდი პრაქტიკის მანიშნებელია და რასაც დაცვის მხარე სათავისოდ იყენებს.
ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით და სხვა.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 16 ოჯახური დანაშაულის ნიშნით, 8 კი არაოჯახური დანაშაულის ნიშნით არის ჩადენილი.
ქალის მკვლელობის მცდელობის გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 20 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 7 — არაოჯახური დანაშაულის ნიშნით.
საერთო სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 9 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა — 14 შემთხვევაში.
საკითხზე მომუშავე პროფესიონალები აღნიშნავენ, რომ პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიღებაა მნიშვნელოვანი, რათა არსებული პრაქტიკაც შეიცვალოს და სისტემაც გაუმჯობესდეს.
- პრეცედენტული გადაწყვეტილებები საქართველოს სამართლებრივ სისტემაში
- რატომ უნდა გადარდებდეს მართლმსაჯულების პრობლემები მაშინაც, თუ სასამართლოში საქმე არ გაქვს
დადებითი კონტექსტში გამოყოფს ელისო რუხაძე მსხვერპლისთვის კომპენსაციის დანიშვნას. ორგანიზაციის — უფლებები საქართველოსთვის მიერ წარმოებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოძალადეს, მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, მსხვერპლი ქალისა და მისი შვილის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არის ძალადობის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი", — გვეუბნება ელისო რუხაძე.
პრობლემები საქმის წარმოების დროს
უფლებადამცველი ელისო რუხაძე ერთ-ერთ პრობლემად გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს ასახელებს — "მოსამართლეების მხრიდან გაჭიანურებული მართლმსაჯულება არის ნამდვილად უარყოფითი ეფექტის მომტანი".
პრობლემად სახელდება გენდერსენსიტიურობის ნაკლებობაც მოსამართლეების მხრიდან — სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან შესაძლოა დაისვას კითხვები, რომელიც კავშირში არ არის საქმესთან, თუმცა, მიზნად ისახავს მსხვერპლის დისკრედიტაციას. ასევე, არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, თუ როგორ "უნდა გამოიყურებოდეს მსხვერპლი."
"სწრაფი მართლმსაჯულება, ხარისხიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილებები და მეტად გენდერსენსიტიური დამოკიდებულება არის ის ძირითადი საკითხები, რომლითაც სასამართლოს შეუძლია, დააჩქაროს მსხვერპლის რეაბილიტაცია; იყოს მთავარი აქტორი და პრევენციისთვის გააკეთოს მაქსიმუმი", — აცხადებს ქალთა უფლებადამცველი ელისო რუხაძე.
რა არის ქალთა და ოჯახში ძალადობა და რა სახეები არსებობს
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით:
- ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
- ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს, მათ შორის, ფიზიკური, ეკონომიკური, სექსუალური, იძულება, უგულებელყოფა.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები