ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
ადამიანებში სახის მიდამოში კანის უეცარი გაწითლება ემოციური აღგზნების საპასუხო რეაქციაა. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს შესაძლოა, იმავე მდგომარეობის ინდიკატორი იყოს თუთიყუშ არასა და სვავებში. ახალი შედეგების მიხედვით კი, ასეთ ფრინველებს შორისაა ქათამიც.
მეცნიერები სასექსის ჯიშის 6 ქათამს დააკვირდნენ, რათა დაედგინათ, როგორ იმოქმედებდა მათზე სხვადასხვა გარემოება, იქნებოდა ეს ბუნებრივი თუ ხელოვნურად პროვოცირებული. ისინი ისეთ პირობებს ქმნიდნენ, რომ ფრინველებს ჯილდო მიეღოთ, მაგალითად მატლების სახით. ასევე, შიშსაც იწვევდნენ, რისთვისაც მათ იჭერდნენ და ამწყვდევდნენ.
სპეციალისტებმა ვიდეოჩანაწერებიდან ათასობით კადრი ამოიღეს და სათანადო ალგორითმის მეშვეობით გააანალიზეს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა, როგორ იცვლებოდა სიწითლის დონე ფრინველთა თავის სხვადასხვა არეში, მათ შორის ბიბილოსა და ლოყების მიმდებარედ.
ავტორები ამბობენ, რომ მათი კვლევა მცირემასშტაბიანია, რადგან სულ რაღაც 6 ქათამზე ჩატარდა. ამის მიუხედავად, ასკვნიან, რომ ბიბილოებისა და ლოყების ნაკლები სიწითლე შესაძლოა, სიმშვიდესა და კმაყოფილებაზე მიანიშნებდეს. ამის საპირისპიროდ, მეტი სიწითლე მათ შინაური ფრინველების ემოციურ აღგზნებასთან დააკავშირეს, იქნება ეს ჯილდოს მიღების გამოწვეული, თუ შიშით.
მეცნიერებმა, ასევე, იმავე ჯიშის 13 ქათამი 5 კვირის განმავლობაში ექსპერიმენტატორთან ერთ სივრცეში ყოფნას ეტაპობრივად მიაჩვიეს, 12 კი მარტო დატოვეს. შედეგად, პირველ ჯგუფში ადამიანების გარემოცვაში ყოფნისას ნაკლები შიში და სიწითლე გამოვლინდა, ვიდრე მეორეში.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კანის სიწითლის ცვლილება ემოციური მდგომარეობების ვარიაციებს შეესაბამება და შეგვიძლია, ის ადამიანისა და ქათმის ურთიერთობის ხარისხის ინდიკატორად გამოვიყენოთ", — აცხადებენ ავტორები.
არაა გამორიცხული ისიც, რომ ეს ინფორმაცია თავად ფრინველთა შორის სოციალური კავშირების უკეთ შესწავლაში დაგვეხმაროს. პირველ რიგში კი უკანასკნელი შედეგები საშუალებას გვაძლევს, რომ მეტი გავიგოთ ქათმების შესახებ, რომლებიც კოგნიტიურად, სოციალურად და ემოციურად ისეთი მარტივი არსებები სულაც არ არიან, როგორებადაც ბევრი ჩვენგანი აღიქვამს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Applied Animal Behaviour Science გამოქვეყნდა.
კომენტარები