არჩევნები და მართლმსაჯულება

ქვეყნის ისტორიაში, პირველი საარჩევნო კანონის ფორმირებიდან საუკუნეზე მეტი გავიდა. კანონიც, გაუმჯობესების მიზნით, არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის მხოლოდ საკანონმდებლო ნორმები არ კმარა — შესაბამისი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხარისხი ჯერ ისევ გამოწვევაა.

ეს სტატიაც ამაზეა: გვინდა, ავხსნათ, რამდენად დიდია სასამართლოსა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის როლი, რომ შენს საარჩევნო ხმას მართლაც "ხმა" ჰქონდეს.

მარტივად — სწორედ პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემაა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი.

რატომ?

  • საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებული საჩივრებისა და სარჩელების ეფექტური განხილვისთვის;
  • ხმის მიცემისა და არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის ინდივიდუალური უფლების ეფექტურად დასაცავად;
  • და რაც მთავარია, მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებებს შეუძლია, შექმნას ნდობა სახელმწიფოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების მიმართ. ეს კი, სამართლიანი არჩევნების პრინციპისთვის, გადამწყვეტია.

საქართველოს კონსტიტუციით, ხელისუფლების წყარო ხალხია და სწორედ ხალხის არჩევანია გადამწყვეტი სახელისუფლებო ორგანოების ფორმირებისას. მოქალაქის პოლიტიკური ნება რომ არჩევნების შედეგებზე აისახოს, ამისთვის, სასამართლოსა და მართლმსაჯულების დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ თავისუფალი, თანასწორი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემო.

ამბობს ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი.

ნესტან ლონდარიძე ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) დირექტორის მოადგილეა იურიდიულ საკითხებში. წლებია, უშუალოდ არის ჩართული საარჩევნო უბნების მონიტორინგში და იქ არსებულ დარღვევებს ასაჩივრებს.

"საარჩევნო დავების განხილვის სტანდარტი საარჩევნო გარემოს მიმართ ნდობაზე აისახება; დავების გამჭვირვალედ, დროულად, მიუკერძოებლად, კანონისა და პრინციპების საფუძველზე გადაჭრა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია", — გვითხრა მან.

ლონდარიძეს ვკითხეთ, მრავალწლიანი პერსონალური, თუ ორგანიზაციული გამოცდილებიდან, ხომ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებამ არჩევნების ლოკალური შედეგი შეცვალა. ამბობს, რომ — არა.

თუმცა მსოფლიოში არაერთი მაგალითია, როდესაც სწორედ სასამართლო სარჩელმა გადაწყვიტა არჩევნების საბოლოო შედეგი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის არჩევისას.


შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეცვალოს პოლიტიკური შედეგი, ამომრჩევლის ინტერესის დასაცავად?

კი, და აქ რამდენიმე ასეთი მაგალითის შესახებ გიამბობთ:

2000 წელი, ბუში გორის წინააღმდეგ

ელ გორი და ჯორჯ ბუში, 2000 წელი

ელ გორი და ჯორჯ ბუში, 2000 წელი

ფოტო: CNN

ამერიკის შეერთებული შტატების 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადამწყვეტი როლი ითამაშა საბოლოო შედეგის განსაზღვრისას.

  • საქმე ის არის, რომ ფლორიდის შტატში, საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე, დაახლოებით ერთ საათში, ტელევიზიების ნაწილმა გამარჯვებულად დემოკრატების კანდიდატი, ელ გორი გამოაცხადეს. ის იყო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, ჯორჯ ბუშის კონკურენტი.
  • თუმცა ფოსტით გაგზავნილმა ბიულეტენების შედეგებმა, ელ გორსა და ბუშს შორის შედეგების სხვაობა იმდენად შეამცირა, რომ ამას კანონით გათვალისწინებული ხელახალი დათვალა მოჰყვა. ფლორიდაში ბიულეტენებს 36 დღე ითვლიდნენ.
  • ჯორჯ ბუში გამარჯვებულად იქამდე არ გამოცხადდა, სანამ უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ დათვლა ფლორიდაში.

2017 წელი, კენიის საპრეზიდენტო არჩევნები

ფოტო: AFP / Getty Images

2017 წელს, კენიის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, კანონდარღვევის მიზეზით.

  • სასამართლომ დაადგინა, რომ საარჩევნო კომისიას არ ჩაუტარებია კენჭისყრა კონსტიტუციის მიხედვით.
  • უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის, რაილა ოდინგას მხარდამჭერები ქუჩაში ზეიმით შეხვდნენ.
  • ეს იყო პირველი შემთხვევა აფრიკის კონტინენტზე, როდესაც სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.

2004 წელი, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

ვიქტორ იუშჩენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი

ვიქტორ იუშჩენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი

ფოტო: TASS

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბათილად ცნობის შესახებ, ისტორიულია უკრაინისთვის.

  • სასამართლომ დაადგინა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო.
  • უზენაესმა გადაწყვეტილება 3 დეკემბერს გამოაცხადა და 26 დეკემბერს განმეორებითი არჩევნები დანიშნა.
  • მეორე ტურის ბათილად ცნობას ოპოზიციის ლიდერი, ვიქტორ იუშჩენკო ითხოვდა.
  • მომდევნო არჩევნები სწორედ მან მოიგო.

მსგავი შემთხვევების ჩამონათვალშია მალდივის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილებაც, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

სასამართლოს ინსტიტუციური პასუხისმგებლობა

გიგი ჩიხლაძე

გიგი ჩიხლაძე

ეკა ქობესაშვილი

ეკა ქობესაშვილი

ფოტო: On.ge

ანა პაპუაშვილი

ანა პაპუაშვილი

ანა პაპუაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის მკვლევარი, გვიხსნის, რომ ზოგადად, საარჩევნო პროცესი ძალიან კომპლექსურია, რადგან მასში არაერთი სახელმწიფო უწყებაა ჩართული.

არჩევნები რომ სამართლიანად ჩატარდეს, ამაში თითოეულ სახელმწიფო ინსტიტუციას თავის ფუნქცია აქვს, სასამართლოს — განსაკუთრებული.

ამბობს ის.

"ვგულისხმობ, როგორც საერთო სასამართლოების სისტემას, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსაც", — განმარტავს იურისტი. "საკონსტიტუციო სასამართლო გვჭირდება, მაგალითად, იმისთვის, რომ თუ საარჩევნო კანონმდებლობაში რაიმე ხარვეზებია, რაც არასათანადოდ უზრუნველყოფს მოქალაქის არჩევანის დაცვას, შეგვიძლია, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ სარჩელით და ვიბრძოლოთ, რომ კანონმდებლობა სასიკეთოდ შეიცვალოს."

როგორია კარგი სასამართლო, წინასაარჩევნო, თუ პოსტ-საარჩევნო პერიოდში — ვკითხეთ გიგი ჩიხლაძეს, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მთავარი იურისტი და საარჩევნო პროექტის კოორდინატორია.

ჩიხლაძე ამბობს, რომ კარგი სასამართლო კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ხელისუფლების სხვა შტოებს ამის განზრახვა და სურვილი.

კარგი სასამართლო აიძულებს მათ, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. ამას კი, შემდეგი დადებითი პროცესი აქვს: შეამცირებს ქვეყანაში პოლარიზაციას, შეამცირებს პოლიტიკურ დაძაბულობასაც და მეტ სტაბილურობას მოგვცემს დემოკრატიზაციისკენ მიმავალ გზაზე.

გიგი ჩიხლაძე, TI.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) იურიდიული სამსახურის უფროსი, ეკა ქობესაშვილი კი აქცენტს იმ ურთიერთკავშირზე აკეთებს, რომ შეიძლება, არჩევნების მთელი იდეა დადგეს ეჭვქვეშ, თუ საზოგადოება სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ ნდობას დაკარგავს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, საქმეს დეტალურად, ყველანაირი ფაქტების შესწავლით განიხილავდეს და სამართლიან გადაწყვეტილებას იღებდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია შემდგომში საარჩევნო ბედი, ქვეყნის ბედი, დემოკრატიული პრინციპები და თუნდაც, მოსახლეობის აღქმა, რომ მათი ხმა იქნება დაცული და მათი მონაწილეობა საარჩევნო პროცესის დროს არის მნიშვნელოვანი.

თუ მოსახლეობამ, თითოეულმა მოქალაქემ არ იგრძნო, რომ მისი ხმა ქვეყნის მომავლისთვის არის გადამწყვეტი, არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

ეკა ქობესაშვილი, HRC.

არჩევნების ინსტიტუციურ როლზე ვისაუბრეთ გიორგი სატურიანთან, ცესკოს (ცენტრალური საარჩევნო კომისია) იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან.

"საარჩევნო სამართალში სასამართლო კონტროლი და სასამართლოს ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია: ის უზრუნველყოფს როგორც ზოგადად, საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფას, ასევე, ცალკეული საარჩევნო დავების აღმოფხვრასა და პრევენციას", — გვითხრა მან. სატურიანი მონაწილეობდა 2022 წელს, პარლამენტში შექმნილ იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც საარჩევნო კოდექსსა და ორგანულ კანონებში ცვლილებების შესატანად შეიქმნა.

გიორგი სანტურიანი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

გიორგი სანტურიანი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ფოტო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

"სასამართლოს როლთან დაკავშირებით, ასევე, უნდა აღინიშნოს, თუ რა ვალდებულება აქვს ცესკოს. მაგალითად, საოლქო საარჩევნო კომისიების შემთხვევაში, საერთო საარჩევნო კომისია მხოლოდ მას შემდეგ შეადგენს შესაბამის შემაჯამებელ ოქმს, როდესაც შესაბამის საჩივრებთან და დარღვევებთან დაკავშირებით დავა დასრულდება", — ამბობს ის და განგვიმარტავს, რომ ცესკოს ეკრძალება შეაჯამოს არჩევნების შედეგები სასამართლო დავების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.

დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და წინასაარჩევნო გარემო

ეკა ქობესაშვილი არჩევნებს 2009 წლიდან აკვირდება და წინასაარჩევნო პერიოდში მართლმსაჯულების როლზეც ამ პერსპექტივიდან გვიზიარებს ხედვას.

  • "არჩევნები მასობრივი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებაა, და ამ დროს, სასამართლო, საარჩევნო სარჩელების სახით განიხილავს არა რომელიმე ფიზიკური ან კერძო პირის, ან პირთა ვიწრო ჯგუფის რაიმე სახის ინტერესებსა და უფლებებს, არამედ, გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყნის განვითარებისა და მომავლის თაობაზე. ის საარჩევნო პროცესის ზედამხედველია", — უთხრა მან On.ge-ს.

ქობესაშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

  • "ამ პერიოდში ხდება არაერთი დარღვევა, მათ შორის, ოლქებთან, საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით", — თქვა ქობესაშვილმა.
  • მისივე თქმით, სასამართლო ეფექტურად უნდა რეაგირებდეს წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ გადაცდომებთან დაკავშირებულ ყველა საჩივარსა და განაცხადზე და იმისკენ უნდა იყოს მომართული, რომ მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება, რათა უშუალოდ არჩევნების დღეს არ შეეშალოს ხელი საარჩევნო პროცესს.
  • "და სასამართლომ, წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული არაობიექტური გადაწყვეტილებებით, მოსახლეობას არ უნდა დაუტოვოს განცდა, რომ არ არის მოწოდების სიმაღლეზე, რადგან, თუ ხალხი ამას დაინახავს, ეს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის განცდას გააჩენს."

გიგი ჩიხლაძე კი იმაზე საუბრობს, რომ ქართულმა მართლმსაჯულების სისტემამ ვერ აჩვენა დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდების ცალკეული შემთხვევებისას. მას მხედველობაში აქვს, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემთხვევა, როდესაც ბევრი მხარე მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას: "ალბათ, გახსოვთ, როდესაც 2018 წელს, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფმა მოქალაქეთა ბანკის ვალები გადაიხადა, რაც, აბსოლუტურად კლასიკური განმარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვაა — ეს ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, შეეხებოდა ათასობით ადამიანს და საუბარი იყო მილიონობით ლარზე."

წინასაარჩევნოდ, ვალების ჩამოწერის ინიციატივა "ამომრჩეველთა უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლო მოსყიდვას წარმოადგენს", — აცხადებდნენ მაშინ ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

რატომ არის ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი:

▪ 2018 წლის 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ვალები ჩამოეწერებოდა ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს.

▪ ის საუბრობდა 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში, დაახლოებით, მილიარდნახევარ ლარს შეადგენდა.

▪ მალევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა და მიმართული იყო მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, "მეორე ტურში ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ."

  • რას ამბობს კანონი: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება — ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, ან ჯარიმით".
  • ორგანიზაციების 2018 წლის განცხადებიდან: "აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი საქართველოსთვის უპრეცედენტოა. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე."

საარჩევნო პროცესებზე მომუშავე ორგანიზაციები ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ საქართველოს პროკურატურას, რომ მოეხდინა უწყებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოცემულ ფაქტზე. ეს შემთხვევა, დღემდე, გამოძიებული არ არის.

კარგი სასამართლოს პირობებში ვერავინ გაბედავდა ასეთ ქმედებას, ამომრჩევლის ასეთ პირდაპირ და დაუფარავ მოსყიდვას, რადგან ეცოდინებოდა, რომ დაისჯებოდა: მოიხსნებოდა პარტია რეგისტრაციიდან და დარღვევის ჩამდენი სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემოდა.

ამბობს გიგი ჩიხლაძე, იურისტი TI-დან.

არჩევნების შემდგომი პერიოდი და სასამართლო

მეტი სიცხადისთვის, აღვნიშნოთ, რომ უშუალოდ, არჩევნების დღეს, სასამართლო არ არის "მთავარ როლში."

  • სასამართლოში მიემართება არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და ოლქებში გამოვლენილი სადავო გადაწყვეტილებები, რაზეც სასამართლომ, როგორც ზემდგომმა მაკონტროლებელმა ორგანომ, საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და დარღვევების შესახებ მიუთითოს უბანს, ოლქს, თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

თუმცა, საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებლების თქმით,

  • პრობლემა ის არის, რომ სასამართლო არ რეაგირებს ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებზეც კი, რაც ვიდეომტკიცებულების სახითაც არის ასახული და ერთმნიშვნელოვნად ახდენს გავლენას იმ უბნის საარჩევნო შედეგებზე.

ასეთი პრობლემის სადემონსტრაციოდ, ეკა ქობესაშვილმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების დროს, მის მიერ, მარნეულის 65-ე უბანზე გადაღებული ეს ვიდეო შეგვახსენა:

რა ხდება ამ ვიდეოში და რატომ არის ეს ფაქტი საარჩევნო წესების დარღვევა, ვკითხეთ მას.

იურისტის თქმით,

  • უბანზე იმყოფებოდნენ პირები, რომელთაც, იმ მომენტში, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდათ;
  • ისინი და, მათ შორის, კომისიის წევრებიც, ანადგურებდნენ ბიულეტენებს, რომელშიც არ იყო შემოხაზული მმართველი პარტია და ნაგავში ყრიდნენ მათ.
  • ფაქტი მობილურით თავადვე გადაიღო.

აი, ასეთ დარღვევაზეც კი, რომელსაც თან ერთვოდა ვიდეო მტკიცებულებაც და მოწმეთა ჩვენებაც, საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და სასამართლომაც თვალი დახუჭა, როდესაც ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ვითხოვდით.

ქობესაშვილი, ისევე, როგორც ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრს წარმოადგენენ; ორგანიზაციას, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 51 კვალიფიციური დამკვირვებლით, საქართველოს სამ რეგიონში დააკვირდა.

ნესტან ლონდარიძე

ნესტან ლონდარიძე

ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL

გასულ არჩევნებზე, მათი ორგანიზაციის მონიტორებმა, 17 საჩივარი დაწერეს და 27 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში არჩევნების დღეს. თუმცა, ნესტან ლონდარიძე პრობლემას მეტწილად, იმაში ხედავს, რომ დავებს ფორმალური სახე აქვს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში განხილვისას, ასევე, სასამართლოში.

  • "ფორმალურობა ყველაზე დიდი ხარვეზია, რაც სასამართლო დავების განხილვას გასდევს და უნდობლობის ჩამოყალიბების საფუძველიც სწორედ ეს გახლავთ. შეტანილი დავებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად დავინახავთ, რომ გადაწყვეტილების მიღება არა მტკიცებულებათა მოკვლევის ხარისხზე დაყრდნობით, არამედ საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების ახნა-განმარტებების უპირატესობების მინიჭების საფუძველზე ხდება. ეს ყველაზე დიდი ხარვეზია, რაც, გარკვეულწილად, პოლიტიკური გავლენის საკითხს აყენებს", — ამბობს ის.

კიდევ რა პრობლემებს ხედავენ სამართლის ქართველი ექსპერტები?

  • კლანური მმართველობის გავლენა: "საზოგადოებისთვის უკვე საკმარისად ცნობილია, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობა და არაფორმალური გავლენები არსებობს, რაც შიგნიდან უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს და ამას პირდაპირი კავშირი აქვს, მათ შორის, საარჩევნო პროცესთან, საარჩევნო დავებთან", — გვითხრა ანა პაპუაშვილმა (SJC).
  • რა კავშირშია კლანი? — ვკითხეთ. "სასამართლოს რა შემადგენლობა განიხილავს საარჩევნო დავებს, ამ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ან კონკრეტული სასამართლოს თავმჯდომარე იღებს, ზოგჯერ ერთობლივად. და საზოგადოება უკვე დიდი ხანია, ხედავს, ერთი მხრივ, იუსტიციის საბჭოში არსებულ არაფორმალურ ძალაუფლებას და მეორე მხრივ, სასამართლოს თავმჯდომარეების პრობლემურ ძალაუფლებას", — გვითხრა მან — "ამის გათვალისწინებით, ძალიან დიდი შანსია, რომ წინასწარ განისაზღვროს, როგორი ტიპის მოსამართლე განიხილავს საარჩევნო დავებს და შესაბამისად, წინასწარვეა სავარაუდო, როგორი შედეგი დადგება საარჩევნო დავებთან მიმართებით, სასამართლოს მხრიდან."
  • გადაწყვეტილებების ვერტიკალი: "ტენდენციური და მიკერძოებული" — ასე აფასებს ეკა ქობესაშვილი (HRC) საარჩევნო ოლქებში საჩივრების განხილვებს, რაც, მისი თქმით, საზიანო სტანდარტად იქცა — "სრულიად თვალხილულ დარღვევებზეც კი, ოლქები არ ახდენენ რეაგირებას და არ აკმაყოფილებენ საჩივრებს. სამწუხაროდ, იმავე გადაწყვეტილებას იზიარებენ როგორც საქალაქო და რაიონული სასამართლოები, ასევე, ჩვენი პრაქტიკით, სააპელაციო სასამართლოც და არ ახდენს რეაგირებას იმ ძალიან მნიშვნელოვან დარღვევებზე, რაც ვიდეომტკიცებულებებით დადასტურებულია."
  • პოლიტიკური ზეწოლა: პრაქტიკამ სხვადასხვა პრობლემა აჩვენა გიგი ჩიხლაძესაც (TI), "მაგრამ ერთ-ერთი, რაც თვალსაჩინოა, პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ გადაწყვეტილებები კანონის შესაბამისობით მიიღებოდეს. არჩევნები კი, ცალსახად პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია და ასეთ საქმეებზე რეალობა არის ის, რომ სასამართლო განხილვა უკიდურესად ფორმალურია ხოლმე და შედეგი არასდროს არის მმართველი პარტიის ინტერესის საპირისპირო."

ისინი კიდევ სხვა ხარვეზებსაც ასახელებენ, რომელთა ნაწილი საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილმა ცვლილებებმა უნდა გამოასწოროს. ცვლილებები საპარლამენტო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მას შემდეგ შეიმუშავა, რაც საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიამ 12 პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვა.


რა შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაში:

  • დაწესდა სავალდებულო სერტიფიცირება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის;
  • გახანგრძლივდა საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადა;
  • გადასატანი ყუთით ხმის მიცემისას, პროცესში ამომრჩევლის მარკირება მოხდება;
  • განახევრდება პარტიების წლიურ ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვარი;
  • ადგილობრივ არჩევნებზე, კანდიდატებისთვის ბინადრობის ცენზი შემცირდება;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობა გაიზრდება;
  • გაფართოვდება პროფესიული ნიშნით ასარჩევი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საფუძვლები;
  • შედეგების შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის გახსნის და ხმების გადათვლის იმპერატიული ვალდებულება გაჩნდა.

"გარკვეული დათქმებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ისეთი ცვლილებები", — აცხადებენ სამართლიან არჩევნებში (ISFED).

ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლიდან არის ჩართული საქართველოს საარჩევნო მონიტორინგში, პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არსებითი ხასიათის რეკომენდაციებიდან მიღებულ ცვლილებებში ზოგიერთ რამ საერთოდ არ ასახულა:

"აღსანიშნავია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისა და უფლებამოსილების გახანგრძლივების ნაკლოვანი რეგულაციები, ასევე,

  • პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც უსამართლოა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
  • ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული განმეორებადი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო კომისიების ქვედა დონეზე პროფესიული წევრების არჩევას და ამ პროცესის გამჭვირვალობას.
  • ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივ დასკვნაში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღებული პროექტი ვერ პასუხობდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, ხმების გადათვლისა და შედეგების გაბათილებისთვის არასაკმარისი კრიტერიუმების არსებობა.
  • ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, საჭიროა სამომავლოდ განხორციელდეს ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების სრულ და სიღრმისეულ ანალიზს.
  • საარჩევნო რეფორმის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის როგორც ცალკეულ კანონპროექტებზე დაწერილი დასკვნები, ისე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი რეკომენდაციები", — დაწერა ორგანიზაციამ საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებისას.

ამ სტატიაზე მუშაობისას, On.ge შეეცადა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთანაც ესაუბრა, თუმცა, უშედეგოდ. ინსტიტუციურად, სწორედ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი, მაგრამ სამართლის ექსპერტებისგან ამის საპირისპირო შეფასებებს ვისმენთ.

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.