მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
ფოტო: Getty Images Plus
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფრინველებში მასტურბაცია გაცილებით უფრო გავრცელებული ქცევაა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ახალი კვლევის მიხედვით, ეს მხოლოდ გალიაში მცხოვრები ფრინველების თავისებურება არაა, არამედ მსგავსი ფენომენი ველურ სახეობებშიც ხშირად გვხვდება. ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება მათი ევოლუციისა და გამრავლების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცეს.
ფრინველებში ასეთი ქცევა, როგორც წესი, იმით გამოიხატება, რომ ისინი კლოაკას (ნაწლავის ღია ბოლო, რომელიც გამრავლებისა და განავლის გამოყოფის ფუნქციებს აერთიანებს) სხვადასხვა საგანს უხახუნებენ. მეცნიერების თქმით, ამას თან ახლავს ხოლმე სპეციფიკური ვოკალიზაციები და ფრთების მოძრაობაც.
კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა 120 სახეობის ფრინველის შესახებ არსებული მონაცემები გააანალიზეს. მათ შორის იყო ინფორმაცია სქესის, ასაკის, საცხოვრებელი გარემოსა და გამრავლების სტრატეგიების შესახებ. შედეგებმა აჩვენა, რომ ასეთი ქცევა ფრინველთა მრავალ ჯგუფში გვხვდება. მამრებში ის უფრო ხშირია: დაფიქსირებული შემთხვევების დაახლოებით 55% მათზე მოდის, თუმცა მდედრებშიც საკმაოდ გავრცელებული აღმოჩნდა და ჩანაწერების 36%-ში იყო აღწერილი.
მეცნიერებმა ისიც შენიშნეს, რომ ეს გამრავლების სტრატეგიასთანაც არის დაკავშირებული. კერძოდ, იმ სახეობებში, რომელთა წარმომადგენლებიც ერთ პარტნიორთან ხანგრძლივ კავშირს ინარჩუნებენ, მასტურბაცია შედარებით იშვიათია. ამის საპირისპიროდ, პოლიგამიისკენ მიდრეკილ სახეობებში ამგვარი რამ უფრო ხშირია.
ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა ის იყო, რომ ველურ გარემოში მცხოვრებ ფრინველებში მსგავსი ქცევა უფრო გავრცელებული აღმოჩნდა, ვიდრე გალიის ბინადრებში. ეს ეწინააღმდეგება აქამდე გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ფრინველებში მასტურბაცია იზოლაციასა და სტრესს უკავშირდება.
მკვლევრების შეფასებით, შედეგები მიუთითებს, რომ ეს ბუნებრივი და ნორმალური ფენომენია, რომელიც სხვადასხვა გარემოში მცხოვრებ მრავალ სახეობაში იჩენს თავს. მათი თქმით, შინაური ფრინველების პატრონებმა მსგავსი ქცევა ავტომატურად დაავადების ან სტრესის ნიშნად არ უნდა მიიჩნიონ.
მეცნიერებმა ფრინველთა ნათესაური კავშირებიც შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მასტურბაცია ევოლუციურ ისტორიასთანაა შეჭიდული. ის გარკვეულ ჯგუფებში უფრო ხშირია, რაც მიუთითებს, რომ მსგავსი თავისებურება დამოუკიდებლად არ წარმოშობილა, არამედ საერთო წინაპრებიდან მომდინარეობს.
მთავარი კითხვაა, რატომ შემორჩა ეს ქცევა ევოლუციის განმავლობაში. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, მამრებში ის შეიძლება ძველი სპერმატოზოიდების ჩანაცვლებას უწყობდეს ხელს, რაც მომავალში წარმატებული გამრავლების შანსს ზრდის. მეორე მოსაზრების თანახმად, ეს უბრალოდ მაღალი სექსუალური აქტივობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მასტურბაცია მხოლოდ ფრინველებისთვის არაა დამახასიათებელი. ის სხვადასხვა ძუძუმწოვარსა და ცხოველთა სხვა ჯგუფებშიცაა აღწერილი, რაც მიანიშნებს, რომ ბუნებაში გაცილებით უფრო გავრცელებული მოვლენაა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
ნაშრომი გამოცემაში Ecology and Evolution გამოქვეყნდა.

კომენტარები