კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტის (გერმანია) მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. ნაშრომის თანახმად, იმ Wi-Fi მარშრუტიზატორებს (ე.წ. როუტერი), რომლებიც სახლში ყველას გვაქვს, ადამიანის სხეულის იდენტიფიცირება შეუძლია.

ნაშრომის ავტორებმა მანქანური დასწავლის სისტემები გამოიყენეს. შედეგად მათ ინდივიდები 99,5%-იანი სიზუსტით ამოიცნეს. ამისათვის მკვლევრებმა გამოიყენეს სისუსტე სიგნალის მიმართულებითი გადაცემის უკუკავშირის მონაცემებში (BFI) — ტექნოლოგიაში, რომელიც როუტერს Wi-Fi სიგნალის კონკრეტული მოწყობილობებისკენ მიზანმიმართულად მიმართვის საშუალებას აძლევს, ნაცვლად იმისა, რომ სიგნალი მთელ სივრცეში თანაბრად გაავრცელოს. უფრო ძველ Wi-Fi სისტემებში სიგნალი ყველა მიმართულებით იგზავნება.

ქსელის კავშირისთვის BFI ძალიან კარგია, თუმცა უსაფრთხოების მხრივ ამ მეთოდს ბევრი შეზღუდვა ახლავს თან. მაგალითად, BFI-ით დაკავშირებულ მოწყობილობებს მუდმივი უკუკავშირის გაგზავნა სჭირდება, რათა მათი პოვნა შესაძლებელი იყოს. ამ პროცესში სიგნალზე გარემო ფაქტორები იწყებს ზემოქმედებას, მაგალითად, კედლები, შინაური ცხოველები ან ადამიანები.

მეცნიერები მოსალოდნელ სიგნალებსა და რეალურად მიღებულ დარღვეულ უკუკავშირს დააკვირდნენ. ამ გზით მათ 161 ინდივიდის იდენტობა დაადგინეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცდისპირები სიარულისა და დგომის მანერას იცვლიდნენ ან გარკვეული საგნები ჰქონდათ თან (მაგალითად, ზურგჩანთები), სისტემამ მაინც 50-60%-იანი სიზუსტით შეძლო მათი ვინაობის დადგენა.

ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ ეს ჩვეულებრივი კამერის მსგავსად მუშაობს, უბრალოდ ამ შემთხვევაში პიროვნების ამოსაცნობად სინათლის ტალღების ნაცვლად რადიოტალღები გამოიყენება.

ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები ყველასთვისაა ხელმისაწვდომი: უკუკავშირის მონაცემები დაუშიფრავია და პირდაპირ მარშრუტიზატორთან დაკავშირების გარეშეც შეიძლება მათზე წვდომის მოპოვება.

საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, თუმცა მკვლევრები დასკვნით ნაწილში თავიანთ შეშფოთებას არ მალავენ. ისინი აღნიშნულს უსაფრთხოების მნიშვნელოვან დარღვევად მოიაზრებენ და კომპანიებს მოუწოდებენ, რომ გამოსავალი უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებაში ან BFI-ის მეთოდის აღმოფხვრაშია.

ნაშრომი ACM CCS 2025-ზე წარადგინეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.