ქართველი მოსწავლეების დონე საშუალოზე დაბალია — რა წერია PISA-ს კვლევაში
რა ხდება: ცნობილი გახდა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) უახლესი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 15 წლის ქართველ მოსწავლეებს საშუალოზე დაბალი შედეგი აქვს.
- კვლევა გამოაქვეყნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD).
- 2022 წლის ციკლი ჩატარდა კოვიდპანდემიის კრიზისული ფაზის დროს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: PISA-ს კვლევის შედეგების მიხედვით, შესაძლებელია გაანალიზდეს, თუ რამდენად კარგად ამზადებენ მონაწილე საგანმანათლებლო სისტემები 15 წლის ასაკის მოსწავლეებს რეალური გამოწვევებისა და მომავალი წარმატებისათვის.
დეტალები: PISA 2022 წლის მონაცემებით,
- მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის ქვეყნების საშუალოზე — OECD-ის საშუალო მაჩვენებელია 69%;
- კითხვაში, დაახლოებით, 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2, ან უფრო მაღალ დონეს OECD-ის საშუალო მაჩვენებელია 74%;
- ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში, დაახლოებით, 35%-მა — OECD-ის საშუალო მაჩვენებელია 76%.
2018 წელთან შედარებით, მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში — გაიზარდა 1 ქულით. კვლევაში აღნიშნულია, რომ არცერთი ეს ცვლილება, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
შედეგები სკოლის ტიპის, ადგილმდებარეობის, ტესტის ენისა და მოსწავლის სქესის მიხედვით
კერძო სკოლების მოსწავლეები, სტატისტიკურად, მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით.
- მათემატიკაში კერძო სკოლების მოსწავლეების შედეგია 445, საჯარო სკოლების — 384;
- კითხვაში კერძო სკოლების შედეგია — 426, საჯარო სკოლების — 369;
- საბუნებისმეტყველო საგნებში კერძო სკოლების შედეგია 436, საჯარო სკოლების — 379.
კვლევის მიხედვით, ყველაზე საქართველოში ყველაზე მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისში მცხოვრები მოსწავლეები (417 ქულა);
- 383 ქულაა სხვა ქალაქების მოსწავლეების მაჩვენებელი;
- 369 ქულა სოფლად მცხოვრები მოსწავლეების;
- 344 ქულა კი — დაბაში მცხოვრები მოსწავლეების.
საქართველო PISA-ს 2022 წლის ინდექსში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით, გოგოების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს.
- ბიჭები (387 ქულა) და გოგოები (393ქულა), საშუალოდ, მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს.
- კითხვაში გოგოები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგო - 392 ქულა, ბიჭი - 357 ქულა).
- საბუნებისმეტყველო საგნებში გოგოებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა).
ტესტის შესრულების ენის მიხედვით შეფასების სამივე სფეროში, 2015-2022 წლებში,სტატისტიკურად მაღალ შედეგებს აჩვენებენ ქართულენოვანი და რუსულენოვანი
სკოლების მოსწავლეები.
- PISA 2022 წლის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ორი ჯგუფის შედეგებს.
- ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შორის მათემატიკაში სხვაობა 73 ქულაა,
კითხვაში - 80, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 81 ქულა.
ბოლო ხაზი: საქართველომ შეფასებაში მონაწილეობა პირველად 2009 წელს მიიღო, ხოლო შემდეგი შეფასებები 2015, 2018 და 2022 წლებში ჩატარდა.
- PISA-ს კვლევას საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.
- საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 267 სკოლის 6583-მა მოსწავლემ.
კომენტარები