სხვა ქვეყნების მართლმსაჯულების პროგრესის გზა ევროინტეგრაციის პროცესში
2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად წინ ვართ, ვიდრე ოდესმე. გაერთიანებასთან დაახლოება კი, არსებითად, იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფომ, რიგითი მოქალაქის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრები უნდა გააჯანსაღოს და ამისკენ მიემართება ყველა ის პირობა, რაც ამ დრომდე, ევროინტეგრაციის პროცესში მიგვიღია.
რა შინაარსი აქვს სწრაფვას ევროკავშირისკენ
ევროკავშირში გაწევრიანების პირობები არ არის უნიკალური მხოლოდ საქართველოსთვის — ევროკავშირი სხვა სახელმწიფოებსაც მხოლოდ იმავე დათქმებით თანხმდება ისეთ მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ კავშირს, როგორიც ევროკავშირის ოჯახის წევრობაა. ამისთვის, კანდიდატმა ქვეყანამ, სტაბილურობასთან ერთად, იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა უნდა გააძლიეროს, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეყანაში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფენ.
ასეა:
6-დან 27-მდე
- თანასწორობის, ეკონომიკური და უსაფრთხოების გამყარების მიზნით დაფუძნებულ ორგანიზაციაში, თავდაპირველად, ექვსი ევროპული სახელმწიფო გაერთიანდა. მათი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პოზიტიურმა შედეგებმა, დროთა განმავლობაში, სხვა ევროპულ ქვეყნებსაც გაუჩინა სურვილი, თავადაც შეერთებოდნენ თანამეგობრობას. მისი ისტორიის განმავლობაში შვიდი გაფართოების ტალღის შედეგად, დღეს, 27 ევროპული სახელმწიფოა გაერთიანებული. აქედან ბოლო — 2013 წელს შეუერთდა.
რა მიზანი აქვს ჩვენი, თუ სხვა ქვეყნების სწრაფვას ევროკავშირისკენ?
უსაფრთხოების, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური სარგებლის მიღება, რადგან გაფართოებისას, ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ისეთ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უზიარებს, როგორიცაა:
- პოლიტიკური სტაბილურობა;
- უფლება წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, იცხოვრონ, ისწავლონ ან იმუშაონ ევროკავშირის ნებისმიერ წერტილში;
- წევრობით, ქვეყნები ზრდიან ვაჭრობის მაჩვენებლებს, ერთიან ევროპულ ბაზარზე წვდომის საშუალებით;
- ქვეყნებს, სხვადასხვა მიმართულების გაუმჯობესებისთვის, დაფინანსების პაკეტები ეძლევათ;
- ამ ქვეყნებში იზრდება ინვესტიციები;
- საბოლოო მიზანია, წევრობამ უზრუნველყოს უმაღლესი სოციალური, გარემოსდაცვითი და სამომხმარებლო სტანდარტების ამაღლება.
და რა ინტერესი აქვს ევროკავშირს?
სარგებელი ცალმხრივი არ არის. ამით ევროკავშირი კიდევ უფრო აფართოებს შესაძლებლობებს ევროპის მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის. გარდა ამისა:
- უფრო ძლიერად ისმის ევროკავშირის ხმა მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე;
- გაერთიანებაში იზრდება კულტურული მრავალფეროვნება;
- და რაც მთავარია, ევროკავშირისთვის ინვესტიციაა ევროპაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
რა მოეთხოვებათ ქვეყნებს გაწევრიანებისთვის:
კრიტერიუმები მრავალმხრივია. სტაბილური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირობები ასევე, ცნობილია, როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები.
- პოლიტიკური კრიტერიუმები: სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას;
- ეკონომიკური კრიტერიუმები: ქვეყანას უნდა გააჩნდეს უნარი, სტანდარტების გაძლიერებით განავითაროს საბაზრო ეკონომიკა ისე, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე;
- საკანონმდებლო კრიტერიუმები: ქვეყნებს უჩნდებათ გამოწვევა, ევროკავშირის პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანონ საკანონმდებლო ბაზა.
- მართლმსაჯულების დამოუკიდებელი ინსტიტუტები: კანონის უზენაესობა ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ღირებულებაა, რადგან სამართლიანი გარემო წევრ ქვეყნებში დემოკრატიულ და ეკონომიკურ კეთილდღეობასაც აუმჯობესებს. ამიტომ, კანდიდატი ქვეყნებისთვის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფა უმთავრესი გამოწვევაა ხოლმე.
მთლიანობაში, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ისე გააძლიერონ კანდიდატებმა ადმინისტრაციული სტრუქტურები, რომ შესაძლებელი გახდეს გაერთიანებაში ახალი წევრის ინტეგრირება.
რეფორმების რთული გზა ევროკავშირისკენ — მაგალითები
ეს ხორვატიაა, 1991 წელს, დამოუკიდებლობისთვის ომისას.
ამ მოვლენებიდან 22 წლის შემდეგ, 2013 წელს, ხორვატია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, ჯერ-ჯერობით ბოლო გაფართოების შედეგად. გაერთიანების ამ სურვილის შესახებ კი, 2003 წელს განაცხადა.
- 2000-იანი წლების დასაწყისში, ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის ირგვლივ, საპარლამენტო კონსენსუსი შედგა, მაგრამ გაწევრიანების პროცესი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, რეფორმებს მოითხოვდა.
- ქვეყანას უნდა გადაედგა ქმედითი ნაბიჯები კორუფციის აღმოსაფხვრელად მართლმსაჯულების სისტემაში, თუ სხვა საჯარო ინსტიტუტებში.
- გამოწვევის საპასუხოდ, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის ბიურო (USKOK) შეიქმნა.
- განსაკუთრებით, 2005 წლის შემდეგ, USKOK გახდა ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე სანდო სამთავრობო ინსტიტუტი. მისმა მუშაობამ გააძლიერა კანონის უზენაესობა და დაეხმარა ქვეყანას, გადაელახა მთავარი დაბრკოლებები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
- თუმცა, დადებითი ცვლილებების მიუხედავად, მართლმსაჯულების სისტემაში გამოწვევები ხორვატიისთვის ჯერ კიდევ რჩება.
ბულგარეთი და რუმინეთი: ორივე ეს ქვეყანა ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა, ბრიუსელის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან ზოგიერთი აცდენის მიუხედავად. ეს მოხდა ე.წ. დიდი აფეთქების გაფართოების კონტექსტში, ევროკავშირში 12 ახალი წევრი სახელმწიფოს ინტეგრაციისას, 2004 წლიდან 2007 წლამდე.
- ევროკავშირმა მათი უმრავლესობა 2004 წლის მაისში მიიღო, თუმცა, რუმინეთსა და ბულგარეთში არსებულმა პრობლემებმა ამ პროცესის 2007 წლამდე გადადება გამოიწვია.
- კომპლექსური საკითხები მეტწილად, დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტეს, კანონის უზენაესობის პრინციპების მხოლოდ ნაწილობრივ პატივისცემას და კორუფციას მოიცავდა.
2006 წლის დეკემბერში, სოფიასა და ბუქარესტის დემოკრატიული პროგრესის მონიტორინგისთვის, ევროკომისიამ თანამშრომლობისა და შემოწმების მექანიზმი (CVM) შექმნა — მიზანი იყო რეფორმების ტემპის მონიტორინგი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სასამართლო სისტემაში, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, ორივე ქვეყანაში ჯერ ისევ აქტუალურია.
ქვეყნები კანდიდატის სტატუსით
კანდიდატის სტატუსს ევროპული საბჭო ანიჭებს ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე. სტატუსის მინიჭება ევროკავშირისგან ერთგვარი აღიარებაა, რომ ქვეყანას, ამბიციასთან ერთად, პოტენციალიც აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
საგულისხმოა, რომ გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (Aqcuis) შესაბამისობის პარამეტრები ახლა უფრო ვრცელია, ვიდრე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდნენ.
რა არის კანონთა კრებული: მარტივად თუ ავხსნით, Acquis იმ საერთო მოვალეობების ერთობლიობაა, რომლის დაცვაც სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეძლოს, გაწევრიანებამდე დააახლოოს ეროვნული კანონმდებლობა საერთო ევროპულ სტანდარტს.
- Acquis-ის განხორციელება ქვეყნებისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების საფუძველია.
2023 წელს, ფრანგმა და გერმანელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს ხედვები ევროკავშირის მოსალოდნელი გაფართოების შესახებ 2030 წლამდე. 60-გვერდიან დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კანონის უზენაესობა ევროკავშირის იდეის საკვანძო პრინციპია და ევროკავშირი, ამ თვალსაზრისით უფრო მომთხოვნი უნდა იყოს როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე, წევრი ქვეყნების მიმართ.
ახლა, გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას კიდევ რამდენიმე ქვეყანა ადგას, მათ შორის, ე.წ. ტრიო — საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სახით.
"ტრიოსთან" ერთად, იმ ქვეყნებს შორის, ვისაც სჯერა, რომ ერთ დღეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება, არიან:
- თურქეთი (კანდიდატი 1999 წლიდან);
- ჩრდილოეთ მაკედონია (კანდიდატი 2005 წლიდან);
- მონტენეგრო (კანდიდატი 2010 წლიდან);
- სერბეთი (კანდიდატი 2012 წლიდან);
- ალბანეთი (კანდიდატი 2014 წლიდან);
- ბოსნია და ჰერცეგოვინა (კანდიდატი 2022 წლიდან);
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია კოსოვო. ქვეყანამ ევროკავშირში წევრობის სურვილის შესახებ 2022 წელს განაცხადა.
ვინ სად არის ამ პროცესში — მოკლედ
ყველა ქვეყნის გამოწვევა, გააუმჯობესოს მართლმსაჯულების სისტემა, თავისებურია. ამიტომ არის, რომ შესაძლოა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ათწლეული, ან მეტი დროც კი დასჭირდეს.
სტატიების ამ ციკლში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მართლმსაჯულების თვალსაზრისით, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მაგრამ რა გზას გადიან ამ მხრივ სხვები?
უკრაინა
კონტექსტი:
- ქვეყანა წევრობის კანდიდატია 2022 წლიდან;
- ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა და იმავე წლის ივნისში, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
- 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტეს.
მანამდე:
- ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობები თითქმის 30 წელს ითვლის.
- 1994 წელს ევროკავშირმა ხელი მოაწერა უკრაინასთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას და ის ძალაში 1998 წელს შევიდა.
- 2004 წელს უკრაინა გახდა ევროკავშირის პრიორიტეტული პარტნიორი მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ნარინჯისფერი რევოლუციით აჩვენა, რომ ევროინტეგრაციის გზაზეა და იბრძვის არჩევნების გაყალბებისა და კორუფციის წინააღმდეგ.
- 2014 წელს, პრორუსმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირებისა და სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რასაც ევრომაიდანის პროტესტი და შემდეგ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია მოჰყვა.
- ევროკავშირთან ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმება ძალაში 2017 წელს შევიდა.
რა გამოწვევები აქვს მართლმსაჯულებას უკრაინაში? — ვკითხეთ ნინა ჩიხლაძეს, საჯარო სამართლის მაგისტრს და ანალიტიკური პლატფორმა კომენტარის სამართლის პოლიტიკის მიმართულების ანალიტიკოსს. ის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე შეისწავლის, როგორ იზრდება დემოკრატიის ხარისხი იქ, სადაც პროცესში უცხოელი ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ. მან მართლმსაჯულების სფეროში საერთაშორისო გამოცდილებების შესახებ სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითებიც იკვლია. ამ ქვეყნებს, გამოწვევების დაძლევაში, სწორედ უცხოელი ექსპერტების ჩართვა დაეხმარა სხვადასხვა ფორმატში.
"უკრაინაში საკმაოდ მრავლად იყო კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ, მაღალი იყო კორუფციის მაჩვენებელი და სისტემა რეფორმებს საჭიროებდა", — გვითხრა მან და გაგვიზიარა დაკვირვება უკრაინის შესახებ, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ ვითარების პოზიტიური ცვლილება საერთაშორისო ექსპერტების მნიშვნელოვანი ჩართულობით, რაც, პოლიტიკურ ფაქტორთან ერთად, გახდა იმის საწინდარიც, რომ საქართველოზე უფრო ადრე მიიღო კანდიდატის სტატუსი.
"საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, მოსამართლეთა და პროკურორების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი უკრაინაში 2014 წლიდან დაიწყო", — ამბობს ჩიხლაძე, თუმცა, მისი თქმით, ამან სისტემაში კრიზისი შექმნა, რადგან შემოწმების შედეგად, სასამართლო სისტემიდან 2 000 მოსამართლე გათავისუფლდა, თითქმის 12 ათასი პროკურორიდან კი სისტემა 30-მა პროცენტმა დატოვა. ამან ქვეყანაში სამართალწარმოების პროცესს სერიოზული გამოწვევები შეუქმნა.
- 2019 წელს ქვეყანამ უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო შექმნა;
- 2021-2022 წლებში კი პროკურატურის რეფორმაზე მუშაობა გაგრძელდა.
რაც შეეხება სასამართლო სისტემის დაკომპლექტების წესს — მოსამართლეთა დანიშვნის არსებული პრინციპით, მოსამართლეებს უკრაინის სასამართლოს ყველა ინსტანციაში პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა, მთლიანობაში, პროცესი კომპლექსურია.
პროცედურულად: პრეზიდენტამდე, გადაწყვეტილების მიღებაში ორი რგოლია ჩართული — მოსამართლეთა კვალიფიკაციის უმაღლესი კომისია და იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
პრობლემაც სწორედ მათი დამოუკიდებლობის ხარისხი იყო, რადგან პირველ ეტაპზე კანდიდატებს კომისია არჩევს და მათ კანონით გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით უნდა აფასებდეს. შემდეგ კი, კანდიდატებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და სწორედ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები წარედგინება პრეზიდენტს. საბოლოო სიტყვას პრეზიდენტი ამბობს.
რა გააკეთა ქვეყანამ ამ პრობლემის დასაძლევად: ამ ორ რგოლს რომ ინსტიტუციური ნდობა დაებრუნებინა, კვალიფიკაციის კომისიის ახალი შემადგენლობა 4 ადგილობრივი და 2 საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისიით შეირჩა.
"პროგრესისთვის, თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოც უნდა განახლებულიყო და მათი წევრების შემოწმებაც უნდა მომხდარიყო ეთიკისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მიხედვით. ამისთვისაც დამოუკიდებელი კომისიის საჭიროება დადგა და შეიქმნა ეთიკის 6-წევრიანი საბჭო, საიდანაც სამი წევრის დანიშვნაზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა გასცეს რეკომენდაცია, რამაც პროცესი მეტად სამართლიანი და გამჭვირვალე გახადა", — გვიხსნის ნინა ჩიხლაძე.
არსებული პროგრესის მიუხედავად, ევროკომისიის შეფასებით, უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა იზრუნოს, რომ:
- ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ხდებოდეს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული უნარების საფუძველზე. ამისათვის კი 2023-ის აგვისტოში საკონსტიტუციო მოსამართლეების შერჩევის ახალი წესი დამტკიცდა, რომელიც უმეტესად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მოსამართლეობის კანდიდატთა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის შემოწმებაში უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას და გადამწყვეტი ხმაც ექნებათ. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს;
- ქვეყანაში უნდა შემცირდეს სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემა
- და გაიზარდოს მართლმსაჯულების მიმართ ნდობა.
მოლდოვა
კონტექსტი:
- საქართველოს მსგავსად, მოლდოვა იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც რუსეთი კრემლისტური წნეხის გამტკიცებას მუდმივად ცდილობს.
- მოლდოვას ტერიტორიის ნაწილშიც რუსული საოკუპაციო ჯარი დგას, მაგრამ ამას არ შეუფერხებია ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ.
- მოლდოვაში რეფორმებმა შთამბეჭდავი შინაარსი შეიძინა 2020–2021 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში პროევროპული პრეზიდენტი და მთავრობა მოვიდა. ამან ხელი შეუწყო მათ შორის, ანტიკორუფციულ მოძრაობას, კორუფციის გამოწვევას კი ხელისუფლებაში მანამდე არსებული გავლენიანი ჯფუფები ქმნიდნენ.
- 2022 წლის ივნისში, ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მოლდოვას ცხრა პოლიტიკური პირობა წარუდგინა.
ნინა ჩიხლაძე მოლდოვას შესახებ საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს და ამბობს, რომ მართალია, იქ მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თვალშისაცემია ხელისუფლების სურვილი, ებრძოლოს კორუფციას და აამაღლოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა.
რა გზას მიმართეს? ამ პროცესში, უკრაინის მსგავსად, მოლდოვამაც საერთაშორისო ექსპერტების დახმარებას მიმართა, როდესაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასების (ე.წ. ვეტინგი) მექანიზმი შემოიღო.
ნინა ჩიხლაძე ამბობს, რომ სისტემაში გამოწვევები ისევ რჩება, მაგრამ ევროკავშირს პროცესის გაჯანსაღების მცდელობა აჩვენა, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, უკრაინასთან ერთად.
სხვა ცვლილებებთან ერთად,
- 2019 წელს, მოლდოვამ სრული შემადგენლობით განაახლა საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის მიმართაც არსებობდა კრიტიკა პოლიტიკური მიკერძოების გამო;
- 2022 წლის მარტში კი მიიღო კანონი სასამართლო და საპროკურორო საბჭოებში წევრობის კანდიდატთა ეთიკური და ფინანსური კეთილსინდისიერების წინასწარი შეფასების შესახებ;
- ამ ცვლილებით, კანდიდატებს აფასებს კომისია, რომელიც სამი ადგილობრივი და სამი საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება.
- კომისიის წევრებს პარლამენტი ირჩევს და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების ჩართულობა მნიშვნელოვანია;
- 2023 წლის დეკემბერში ვენეციის კომისიამ ამ კანონში დამატებითი ცვლილების პროექტი დადებითად შეაფასა. ცვლილებები უკვე ამოქმედდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ე.წ. ვეტინგი დაწყებულია.
ქვეყანამ შეცვალა მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესიც. შედეგად, შემცირდა საბჭოს წევრების რაოდენობა და აღარც მოსამართლეები არიან უმრავლესობაში — ახლა საბჭო 12 წევრისაგან შედგება და მოსამართლე და არამოსამართლე წევრების რაოდენობა თანაბარია. მათ მოსამართლეთა ასამბლეა ირჩევს, ხოლო არამოსამართლე წევრები კონკურსის საფუძველზე პარლამენტის 3/5-ის მხარდაჭერით აირჩევიან.
რა გამოწვევები რჩება მოლდოვაში მართლმსაჯულებას:
"არსებული პროგრესის მიუხედავად, ევროკომისია მოუწოდებს მოლდოვას, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას მართლმსაჯულების რეფორმის სრულყოფისათვის", — უთხრა On.ge-ს ნინა ჩიხლაძემ. მისი თქმით, ეს გულისხმობს:
- პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმის დასრულებას;
- მოსამართლეთა უმაღლეს საბჭოსა და მის ორგანოებში ვაკანტური ადგილების შევსებას;
- ეუთოსა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას;
- კორუფციის წინააღმდეგ ყველა დონეზე ბრძოლას;
- გენერალური პროკურატურის ადმინისტრირების პროცესის გათავისუფლებას პოლიტიკური ინტერესებისგან;
- მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით;
- სასამართლოს დაცვას შიდა და გარე გავლენებისგან.
ევროინტეგრაციის პროცესში, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის, სხვა ქვეყნებიც მიმართავენ ე.წ. ვეტინგს, როგორც მოსამართლეთა თუ პროკურორების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესს. მათ შორის არის კოსოვო და ალბანეთიც.
როგორ ხდება ეს: ნინა ჩიხლაძე განგვიმარტავს, რომ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ამ დროს მოსამართლეთა და პროკურორების ფინანსური კეთილსინდისიერებაც მოწმდება; დეკლარაციების შემოწმებით ადგენენ, რამდენად შეესაბამება კანდიდატების შემოსავალი მათ ქონებას.
ჩიხლაძე, ალბანეთის მაგალითზე საინტერესო მიგნებას გვიზიარებს და ამბობს, რომ შემოწმებისგან თავის არიდების მიზნით, ზოგმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა: "და ეს არ ყოფილა ცალკეული შემთხვევები — 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, 554 მოსამართლე/პროკურორიდან 64% გათავისუფლდა, უფლებამოსილება შეუჩერდა ან საკუთარი ნებით გადადგა და ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთა."
თუმცა, მისი თქმით, მასშტაბური ვეტინგი მიიჩნევა უკიდურეს ფორმად, რადგან მოსამართლეთა თუ პროკურორების მასობრივმა გათავისუფლებამ შესაძლოა, სისტემაში კოლაფსი შექმნას. ამიტომ, მიიჩნევენ, რომ ფართომასშტაბიანი ვეტინგი ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული. "ყველაფერს უნდა აკეთებდნენ ქვეყნები, რომ არ შეიქმნას ვეტინგის აუცილებლობა მართლმსაჯულების სისტემის ფართო რგოლებში. ალბანეთმა ვერანაირად აირიდა ეს თავიდან, ვერც კოსოვომ", — გვითხრა მან.
ალბანეთის შემთხვევაში, ვენეციის კომისიის აზრით, ვეტინგი, როგორც უკიდურესი აუცილებლობის დროს მისაღები ზომა, გამართლებულია. ქვეყანამ ეს პროცესი 2016 წელს დაიწყო და 5 წელი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი და 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
სასამართლო სისტემის გაჯანსაღება ევროკავშირის კართან მდგარი ყველა სახელმწიფოს გამოწვევაა. მართალია, კონკრეტული საჭიროებები თუ პოლიტიკური კონტექსტი განსხვავებულია, თუმცა, არსებითად, ყველა ქვეყნის შემთხვევაში, გამოწვევა ერთია — დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა მართლმსაჯულების სისტემის ყველა რგოლში და ამ სისტემების არაფორმალური, კორუფციული გავლენებისგან გათავისუფლება. ამ თვალსაზრისით, მოლდოვისა და უკრაინის პროგრესი საქართველოსთვის შესაძლოა, შთამაგონებელი იყოს.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები