სანამ ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თვალი გადავავლოთ გზას, რომელიც ქვეყანამ გაიარა. ათვლის წერტილი 2022 წლის 23 ივნისია. ამ დღეს საქართველომ ასოცირებული ტრიოს ორი ქვეყნისგან, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ნაცვლად რეკომენდაციების ვრცელი სია მიიღო და პირობა, რომ სწორედ მათი შესრულების შემდეგ შეძლებს დანარჩენ ორ ქვეყანას შეუერთდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ შეუსრულებელი პუნქტი კი მართლმსაჯულებას, კონკრეტულად, დამოუკიდებელ სასამართლოს ეხება.

გავიხსენოთ, რას გვთხოვს ევროკომისია

  • მივიღოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს;
  • უზრუნველვყოთ, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება;
  • სახელდობრ, უზრუნველვყოთ ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში;
  • გავატაროთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით.

რა ხდებოდა რეკომენდაციებამდე ქართულ მართლმსაჯულებაში

იმისთვის, რომ გავიგოთ, რა პროგრესი გვაქვს, ამ კუთხით და გვაქვს თუ არა რამე, კარგი იქნება, თვალი გადავავლოთ ქართული მართლმსაჯულების უახლეს წარსულს და გავიხსენოთ, რა ხდებოდა რეკომენდაციებამდე. ამაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით სასამართლო სისტემის რეფორმის 4 ტალღას.

ამ ტალღების შედეგად, გაუმჯობესდა რიგი საკანონმდებლო დებულებები, მაგალითად, მოსამართლეთა თანამდებობებზე უვადოდ დანიშვნა, შეიქმნა მოსამართლეთა დისციპლინირების სპეციალური ორგანო — დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური; ახლებურად ჩამოყალიბდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციები და შემადგენლობა; დაინერგა მოსამართლეებს შორის საქმეთა შემთხვევითი განაწილების ელექტრონული სისტემა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მოსამართლეთა სამართლიანი დატვირთულობა და მათზე საქმეების სწორი განაწილება, თუმცა, საკითხავია, იყო თუ არა ეს რეალური, ხელშესახები რეფორმა, თუ ის სისტემის მხოლოდ ზედაპირულ შელამაზებას ისახავდა მიზნად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ნანუკა ყრუაშვილი გვეუბნება, რეფორმის პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო, თუმცა ამ ტალღების ფონზე მოხდა ის, რომ უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ პირები, რომლებიც დღეს ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან წევრებად მოიაზრებიან.

"სწორედ ამ გაუმჯობესებებმა და შემდეგ პრაქტიკის გაუარესებამ წარმოქმნა ის კონტექსტი, რომელიც მივიღეთ დღეს. შესაბამისად, არსებობდა გარკვეული გაუმჯობესებული კანონი, თუმცა პრაქტიკა იყო ძალიან ცუდი. ეს ნიშნავდა იმას, რომ არსებობდნენ ადამიანები სისტემაში, რომლებსაც კანონის გაუმჯობესება ვერ მოაშორებდა სისტემიდან, აქ უნდა არსებულიყო პოლიტიკური ნება", — ამბობს ყრუაშვილი.

საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ნანუკა ყრუაშვილი

ფოტო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

რეკომენდაციებამდე იყო შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტიც, სადაც, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი მართლმსაჯულების სისტემას ეხებოდა.

შეთანხმება, რომელიც ქართულმა ოცნებამ 3 თვეში ანულირებულად გამოაცხადა, არასამთავრობოთა შეფასებით, სასამართლო სისტემის თვისებრივი გაუმჯობესების პერსპექტივას აჩენდა. შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერდა, რომ მმართველმა გუნდმა არ ისურვა სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების რეალური რეფორმირება და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მქონე ნეიტრალიტეტის ინსტიტუტების შექმნის საკითხი "განუსაზღვრელი ვადით გააქრო პოლიტიკური დღის წესრიგიდან".

"შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ინსტიტუტების ჩამოყალიბების მორიგი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა", — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკვე 2021 წლის 30 დეკემბერს, საჯარო განხილვების გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს კანონში ცვლილებები, მათ შორის, შეიცვალა დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთა მივლინების წესი. ცვლილებებს მხარი ქართული ოცნების 79-მა და ევროპელი სოციალისტების 2-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მომხდარს მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და საერთაშორისო აქტორების კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის ავტორები ხაზს უსვამდნენ, რომ ამ ცვლილებებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლო კონტროლის დამატებითი ბერკეტები ეძლეოდა, რადგან საბჭოს მიენიჭა უფლებამოსილება, მოსამართლე ქვეყნის ნებისმიერ სასამართლოში გააგზავნოს, მისი თანხმობისა და დასაბუთების გარეშე და თან 4 წლის ვადით.

საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკა ვენეციის კომისიამაც. მან მიუთითა, რომ ცვლილებები გადაჭარბებული სისწრაფით განხორციელდა, აკლდა გამჭვირვალობა და პროცესი არ იყო ინკლუზიური. საუბრობენ იმაზეც, რომ ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებასა და შიდა სასამართლოების დამოუკიდებლობას. ვენეციის კომისიამ "ცალსახად არათანაბარზომიერად" შეაფასა 4 წლამდე ვადით და მოსამართლეთა თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინება. მათივე შეფასებით, მთავრობის არგუმენტები არ არის "სანდო" და კონკრეტული მონაკვეთები, შესაძლოა, შეფასდეს, როგორც "ძალიან ბუნდოვანი და არამკაფიო".

გარდა ამისა, ვენეციის კომისია წერდა, რომ ცვლილებებით მნიშვნელოვნად იზრდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება მოსამართლეებზე.

რა (არ) გაკეთდა და სად ვართ ახლა

რეკომენდაციების გაცემის შემდეგ პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მასში არასამთავრობო სექტორიდან საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მონაწილეობდნენ. სამუშაო ჯგუფი ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, დაკომპლექტებული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა, ბიზნეს ასოციაციის, მედიატორთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებით.

ნანუკა ყრუაშვილი ამ ჯგუფის მუშაობის შეფასებისას ამბობს, რომ მმართველ გუნდს რეალური ცვლილებების განსახორციელებლად მზაობა არ ჰქონდა. მთავარ ხარვეზად კი მიიჩნევს იმას, რომ ისინი, არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კლანის არსებობას არ აღიარებდნენ, შესაბამისად, არც ამ პრობლემის გამოსასწორებლად ცდილობდნენ რამეს გაკეთებას.

"ძირითადად რაც მოხდა, იყო ის, რომ მათ მიიღეს ფასადური ცვლილებები, მათი ცვლილებები შეეხო პატარ-პატარა წვრილმან საკითხებს და არა სისტემურს. მაგალითად, ისინი არ შეხებიან საბჭოს ძალაუფლების დეცენტრალიზაციის საკითხს, არ შეხებიან მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკითხს. პირიქით, 2021 წლის ცვლილებების უკან არდაბრუნებით და არშეცვლით უფრო მეტად გააუარესა საკანონმდებლო ჩარჩო".

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა პარლამენტში.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა დაზარალდება, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღიქმება, როგორც საკუთარი ინტერესებით მოქმედი ორგანიზაცია. საბჭოში დაშვებული არ უნდა იყოს კორპორატივიზმი, რომელიც ემსახურება მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ინტერესებს მოსამართლეთა სხვა ჯგუფის საზიანოდ", — ვკითხულობთ ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნაში, რომელიც რეკომენდაციებზე მუშაობის ფარგლებში ქართული ოცნების მომზადებულ კანონპროექტზე პასუხად მივიღეთ.

რატომ ვსაუბრობთ ამაზე — სასამართლო სისტემის მმართველი ორგანოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძირეული რეფორმების გატარება როგორც აშშ-ს, ასევე, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი და ამ დრომდე შეუსრულებელი რეკომენდაციაა.

ნანუკა ყრუაშვილი გვეუბნება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრობლემა მისი წევრების ხელში არსებული ძალიან დიდი ძალაუფლებაა. მისი თქმით, არსებული რეგულაციით, საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს რომელიმე სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, რაც ნიშნავს იმას, რომ მას უკვე უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა, შესაბამისად, აქვს გარკვეული ავტორიტეტი და პრივილეგიები და ასეთ ვითარებაში მეორედ ინიშნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.

ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რომ ზოგადად ასეთ თანამდებობებზე ისედაც კლანისთვის ლოიალური ადამიანები არიან დანიშნული, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უუფრო მეტ საფრთხეს ქმნის და უქმნის სასამართლო სისტემას. კარგი იქნებოდა, კარგი იქნება, თუ დაწესდება გენდერული და რეგიონული კვოტები, რომ სხვა მოსამართლეებსაც შეეძლოთ, ისეთებს, რომლებსაც არ უკავიათ ადმინისტრაციული თანამდებობა, საბჭოს პოზიციის დაკავება.

ნანუკა ყრუაშვილი

საიას წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახლა კანონმდებლობა საბჭოს წევრის ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობას იძლევა. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს კონკრეტული პირები, შესაძლოა, მეორედაც აირჩნენ თანამდებობაზე.

"ქართული ოცნების არგუმენტია, რომ პირიქით, კარგია, რომ გამოცდილი ადამიანი რჩება და კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს კიდევ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არ აღიარებენ საბჭოს კლანურობის პრობლემას, რადგან როცა გყავს კორუფციაში სავარაუდოდ ჩართული მოსამართლეები, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ის აღარ იყოს საბჭოში", — აღნიშნავს ის.

არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანი საუბრობდნენ იმაზე, რომ აუცილებელი იყო იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევა. საბჭოს სიღრმისეულ რეფორმასთან ერთად, ეს გათვალისწინებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციებშიც. საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი აქტორები ხშირად მოუწოდებდნენ პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრებად დაენიშნათ მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირები, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე.

მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 არამოსამართლე წევრი ჯერ კიდევ არ არის არჩეული. 2023 წლის მაისში კი 3 ადგილი ტრისტან ბენაშვილმა, გიორგი გზობავამ და ზურაბ გურასპაშვილმა შეავსეს. საბჭო 5 არამოსამართლე წევრის გარეშე 2021 წლიდან მუშაობდა. არადა, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრები საბჭოში იმის გარანტი უნდა იყვნენ, რომ იქ არსებული პრობლემები სააშკარაოზე გამოვა, ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების მიმართ.

არასამთავრობო სექტორი ხაზს უსვამდა, რომ მნიშვნელოვანი იყო არჩეული კანდიდატები სასამართლო სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას — კლანურ მმართველობას აღიარებდნენ. არჩევის შემდეგ, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო გასაუბრების დეტალებზე წერდა. მათი თქმით, გამოჩნდა, რომ ისინი ვერ ხედავდნენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს, შესაბამისად, მათი არჩევა საბჭოში მოცემულობას ვერ შეცვლის, "კლანის" პოზიციებს კი გაამყარებს.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმდენად, რამდენადაც იგი დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არჩეულ კანდიდატებს, არ აქვთ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების რეალური პოლიტიკური ნება და ფუნდამენტური რეფორმების ხედვა.

TI

გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი 12-დან ერთ-ერთი რეკომენდაციაა და საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ეს, კერძოდ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის თემა, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი საკვანძო საკითხიც იყო.

გარდა ამისა, გენერალური პროკურორის არჩევის წესს 2021 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოც აკრიტიკებდა და მიუთითებდა, რომ ის ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა.

"პარლამენტმა გენერალური პროკურორი სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით (90 დეპუტატი) უნდა აირჩიოს, რაც საპარლამენტო სუბიექტებს შორის კონსენსუსის აუცილებლობასა და პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი გენერალური პროკურორის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა", — წერდა TI.

უკვე რეკომენდაციების გაცემის შემდეგ, 2022 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტში გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის პროცესი დაიწყო. პროკურორის არჩევის თავისსავე ინიცირებულ წესს თავიდანვე აკრიტიკებდა ქართული ოცნება, მაგალითად, ანრი ოხანაშვილი ამბობდა, რომ ის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით, "უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილებაა". ამბობდა, რომ ამის მიღებას კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიზანი ამართლებს. კანონპროექტს იწუნებდა ოპოზიციის ნაწილიც.

ცვლილების თანახმად, პროკურორის ასარჩევად არა 76, არამედ მინიმუმ 90 დეპუტატის ხმა იქნებოდა საჭირო.

  • თუ შესაბამისი რაოდენობის ხმების მოგროვება ორი მცდელობისას ვერ მოხერხდებოდა, მაშინ მომავალ გენერალურ პროკურორს 76 ხმით, თუმცა 6 წლის ნაცვლად, მხოლოდ 1 წლით ვადით აირჩევდნენ.

იდენტური ცვლილება ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ საკონსტიტუციო კანონპროექტშიც ჩადო, თუმცა იმავე წლის სექტემბერში გენერალური პროკურორის არჩევის წესი კანონპროექტიდან ამოიღო.

"გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესზე უარის თქმით ქართული ოცნება მართლმსაჯულების სისტემაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს", — ასე შეაფასეს ეს არასამთავრობოებმა.

სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყნის სანქცირებული მოსამართლეები

მოსამართლეები, რომლის ქვეყნიდანაც მთავრობა მუდმივად ამტკიცებს, რომ ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ორ ქვეყანას, უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი ავანსად მიენიჭათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 აპრილს "კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო" დაასანქცირა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები კონკრეტულად სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩლაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს შეეხოთ. მიზეზად აშშ-მ თანამდებობის ბოროტად გამოყენება დაასახელა და განმარტა, რომ ამით სანქცირებულებმა სამართლის უზენაესობასა და სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას მიაყენეს ზიანი.

გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-ზე თავდასხმების კასკადი და მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის სამჯერ ჩაგდება მოჰყვა. მეტიც, 5 აპრილიდან 5 დღეში ღარიბაშვილმა აშშ-ის გადაწყვეტილება სუვერენულ სახელმწიფოში ჩარევის მცდელობად შეაფასა და თქვა: "მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით".

ვითარება უფრო ცხადი რომ გახდეს, შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან წევრად მოიაზრება და ის 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ხელახლა აირჩიეს, რაც არასამთავრობოებმა და ოპოზიციამ გააკრიტიკა. რაც შეეხება ჩინჩალაძეს, ის 2022 წლის 27 ივნისს 5 წლის ვადით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ისევ აირჩიეს. გეტყვით იმასაც, რომ ის ამ პოზიციაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო.

გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ დრო უფრო და უფრო იწურება, ჯერ კიდევ ვრცელია იმ გამოწვევების სია, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა ევრორეკომენდაციების, კონკრეტულად კი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პუნქტის შესრულების გზაზე დგას. სტატუსმეტრში, დოკუმენტში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები პერიოდულად აქვეყნებენ, ამ გამოწვევებზეცაა საუბარი.

8 ორგანიზაცია კრიტიკის საგანი პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას არ მოიცავს. გამოწვევად ასახელებენ იმას, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ფართო ჩართულობა. ამასთან, საუბარია ე.წ. სასამართლო კლანის ორი ლიდერის, გვრიტიშვილისა და მურუსიძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევაზე.

ფოტო: სტატუსსმეტრის გრაფიკა

გარდა ამისა, ხაზს უსვამენ ვენეციის კომისიის მოსაზრებასაც, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ცვლილებები რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის საკმარისი არაა. ყურადღებას ამახვილებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლეების წევრების "აურჩევლობის" პრობლემაზეც. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საგანიცაა. მათი აზრით, "ოცნება" სასამართლოზე კონტროლის დათმობას არ აპირებს და მხოლოდ ფორმალური ხასიათის ცვლილებებს ახორციელებს.

რა გველის

ამის პროგნოზირება რთულია. ნანუკა ყრუაშვილი გვეუბნება, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ინტენსიურად იმუშაოს ევროპელ პარტნიორებთან, რათა სტატუსი სიმბოლურად მოგვენიჭოს.

"სწორედ სიმბოლური დანიშნულება აქვს ამ სტატუსს ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მოვისმინეთ კიდეც ჯოზეფ ბორელისგან, რომ არ არის ეს დასასრული, თუ არ მივიღებთ ამ სტატუსს, რადგან გრძელდება შეფასება და ამის შანსი კიდევ გვექნება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გაწბილებული იქნება ამ გადაწყვეტილებით", — ამბობს ის.

საიას წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ როცა ევროკომისიამ რეკომენდაციები მოგვცა, ილუზია არავის ჰქონია, რომ მართლმსაჯულების სისტემის სრული ამოტრიალება მოხდებოდა, თუმცა მოლოდინი კი ნამდვილად იყო, რომ ამ საკითხებზე მუშაობდა დაიწყებოდა.

"რეალურად, შეიძლებოდა, მაგალითად, რეფორმაზე დაწყება მუშაობის და შეიძლებოდა დაინიცირებულიყო რაღაც კანონები, მაგრამ ვერ მოსწრებოდა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს მიიღებდა ევროკომისია მხედველობაში და რა თქმა უნდა, დადებითად ჩათვლიდა, თუმცა დღევანდელი მოცემულობა გაურკვეველია ჩვენთვისაც და შეფასებას ნამდვილად ვეღარ დავდებთ. ძალიან რთულია ამის განსაზღვრა, რადგან პროგრესი ფასადურად თითქოს არსებობს, მაგრამ ეს არ ჰგავს სისტემურ რეფორმას".

ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და თუ გამოჩნდება, თუნდაც დღეს, ან ხვალ, დარწმუნებული ვარ, ჩვენკენ გადმოიხრება სასწორი.

ნანუკა ყრუაშვილი

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.