ოთხი საკითხი, რომელზეც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში მსჯელობენ
სასამართლოს საკითხები პარლამენტში კვლავ განხილვის საგანია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის კრიტერიუმების შემდეგ უმრავლესობა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე იწყებს მუშაობას. რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 26 მარტს გაიმართა. შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატების გარდა, ესწრებოდნენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, იუსტიციის სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესი დაიგეგმა. მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ჯგუფის შემადგენლობის გაფართოების შესაძლებლობაზე. ასევე, შეთანხმდნენ იმ თემებზე, რომელზეც რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში იმუშავებენ.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის გაფართოების საკითხი დააყენეს. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა წინადადებით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ექსპერტული წრეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია.
ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართული იქნება, საკანონდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. უფრო კონკრეტულად, სამუშაო ჯგუფის წევრები იქნებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები.
ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველი გუნდი გეგმავს სამუშაო პროცესში ჩართოს ის დაინტერესებული მხარეები, რომლებიც იკვლევენ სასამართლო საკითხებს.
"არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან ესენი ექსპერტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დაინტერესებული პირები იქნებიან ისინი, ვისაც ამ საკითხში კონკრეტული ცოდნა აქვთ", — განმარტა ანრი ოხანაშვილმა.
მან ასევე დააზუსტა, რომ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვაც იგეგმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შემადგენლობისა და კვოტების შესახებ რამდენიმე დღეში გაასაჯაროვებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ ჯგუფის შემადგენლობა არ გაფართოვდეს.
"ტექნიკური ხასიათის საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სარეფორმო ჯგუფში მუშაობა. პარლამენტის თავმჯდომარის სურვილია, რომ მონაწილეების ოპტიმალური რაოდენობა იყოს წარმოდგენილი, რომ ჯგუფი არ იყოს ფართო, რა დროსაც ფერხდება მუშაობა", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, იყო საუბარი სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზე, თუმცა "მათ ორჯერ დატოვეს სამუშაო ჯგუფი და მათი ჩართულობა მხოლოდ სამუშაო ჯგუფის გადასაწყვეტი საკითხი არაა".
რეფორმების მეოთხე ტალღის ოთხი მთავარი თემა
გარდა ტექნიკური საკითხებისა, სამუშაო ჯგუფი მთავარ თემებზეც შეთანხმდა. შედეგად, გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებებს მოამზადებს და რეფორმებზე მომუშავე ჯგუფს განსახილველად წარუდგენს. ეს თემებია:
- სასამართლოს გადატვირთულობის საკითხი;
- დისციპლინური სამართალწარმოება;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმირება.
ჯერჯერობით ბუნდოვანია, კონკრეტულად რას გულისხმობს რეფორმა და რა შეიცვლება სასამართლო სისტემაში ამ ოთხი მიმართულებით. სამუშაო ჯგუფი კიდევ ორჯერ შეიკრიბება, აპრილისა და მაისის თვეში. აპრილში მმართველმა გუნდმა უკვე მომზადებული კანონპროექტები უნდა წარადგინოს. იქამდე, სანამ კანონპროექტები ცნობილი არ იქნება, მხარეებს დეტალებზე საუბარი უჭირთ.
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის თქმით, უმრავლესობას სურს, რომ მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის რეფორმა ივნისის ბოლომდე დაასრულოს.
სასამართლოს რეფორმის ტალღები
ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე მუშაობა დაიწყო და სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. ცვლილებები ეტაპებად იყო დაყოფილი. სწორედ ამ ეტაპებს მოიხსენიებენ ტალღებად.
პირველი ტალღა
პირველი საკანონმდებლო რეფორმა 2013 წლის პირველ მაისს განხორციელდა. რეფორმის შედეგად:
- შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი: პარლამენტი, დეპუტატების ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პოლიტიკურად ნეიტრალური პირებს ირჩევს. კანდიდატების წარდგენის უფლება მიენიჭათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადვოკატთა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
- გაიზარდა სასამართლო სხდომების საჯაროობა: სასამართლოებს სხდომების აუდიო/ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნის შემთხვევაში მხარეებისთვის გადაცემა დაევალა;
- გაიზრდა მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს, მოსამართლეთა კონფერენციის როლი: კონფერენციის წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელების უფლება მიენიჭათ.
მეორე ტალღა
სასამართლო რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში, ცვლილებები 2014 წლის პირველ აგვისტოს განხორციელდა.
- ძალაში შევიდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ზოგადი წესი;
- შემუშავდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი;
- განისაზღვრა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების წესი.
მესამე ტალღა
რეფორმის მესამე ტალღაზე მუშაობა ქართულმა ოცნებამ 2016 წელს დაასრულა. ძალაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
- დაინერგა საქმეთა ელექტრონული წესით განაწილება;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდა 28-მდე;
- გაუქმდა უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეთა მოადგილეების პოსტები;
- სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს მოსამართლეები აირჩევენ და მათ აღარ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
კომენტარები